skip to content
რესპუბლიკის ამბები

ნოე რამიშვილი დასავლეთ საქართველოს მაზრებს სტუმრობს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 7 თებერვალი

მინისტრი ნოე რამიშვილი დას. საქართველოში

[1918-1921 წლებში მინისტრთა კაბინეტისა და დამფუძნებელი კრების წევრნი ხშირად სტუმრობდნენ ქვეყნის რეგიონებს პრობლემების ადგილზე გასაცნობად. პრესაში არაერთი ცნობაა შემორჩენილი მინისტრების რამდენიმეკვირიან ვიზიტებზე რესპუბლიკის თითქმის ყველა მაზრაში. 1920 წლის იანვარში შინაგან საქმეთა და სახალხო განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი პრობლემების ადგილზე გასაცნობად ეწვია დასავლეთ საქართველოს მაზრებსა და ქალაქებს, შეხვედრები გამართა არაერთ სასოფლო თემში და მოქალაქეთაგან მოისმინა პრობლემები.  – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა]

სამეგრელოში. 29 იანვარს ნოე რამიშვილი ესტუმრა სენაკს, მას თან ახლდა ადმინისტრაციის ინპექტორი ბატონი გეგელაშვილი და მასწავლებელი ბატონი მეტრეველი, ერობის თავმჯდომარე ბატონი ისიდორე მალანიას თანხლებით. მან დაიარა ყველა სკოლები, დაწვრილებით გაეცნო სწავლის საქმეს, იმავე დღეს დაესწრო ერობის მიერ გამართულ საგულისხმო ბანკეტს, მოისმინა სხვადასხვა საჩივრები, შეკითხვები, საღამოს თეატრის დარბაზში ორი საათის განმავლობაში ებაასა აუარება ხალხს [ბევრი უადგილობის გამო ქუჩაში ელოდა] ყველას  მისცა განმარტება… მეორე დღეს ინახულა აბაშა და იქაც იგივე გაიმეორა. მესამე დღეს ეწვია ძველ სენაკს, აქაც დაათვალიერა, როგორც სკოლები, ისე ყველა დაწესებულება, მოუსმინა ყველას, აქაც სკოლის სათეატრო დარბაზში ებაასა ხალხს, გაიზიარა მასთან მცირე საუზმე და გაეშურა ნოქალაქევში, აქაც დაატკბო ხალხი საუბრით. მოინახულა ყოველივე და იმავე საღამოს დაბრუნდა ახალ სენაკში, საცა პარტიულ ამხანაგებს ორ საათზე მეტს ებაასა, მისცა ანგარიში მთავრობის მოქმედების შესახებ, მეორე დღეს გაეშურა ზუგდიდისაკენ.

ხალხი მიუხედავათ ზამთრის სუსხიანი ამინდისა ყველგან ბევრი ხვდებოდა, კმაყოფილი რჩებოდა და აღუთქვამდა მთავრობის მოქმედებით მადლიერმა მხარი დაუჭიროს მთავრობას. თვით მინისტრი სენაკის ერობის მოღვაწეობით (განსაკუთრებით გზების მოწყობით და სკოლებში წესიერი სწავლით დიდი მადლიერი დარჩა და თავისი აღფრთოვანება (ერობის მოქმედებით) ხალხსაც გაუზიარა.

მეტეორი.

ხონი. შინაგან საქმეთა მინისტრი მოვიდა ხონში 28 იანვარს. დაწესებულებების დათვალიერების შემდეგ მან გააკეთა მოხსენება მრავალრიცხოვან მიტინგზე. 27 იანვარს ის გაემგზავრა სამტრედიაში. გზაზე ქვიტირ-ღანირში და ღანირ-ჭაგანში, მინისტრს დახვდა აუარებელი ხალხი დროშებით და ეროვნული ჰიმნის სიმღერით. მინისტრმა მიმართა მათ შესაფერი სიტყვით და დაათვალიერა დაწესებულებები.

მსგავსი/Related

Back to top button