ახალი ამბები

„TI საქართველო“ თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებების პაკეტს აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც, თუკი საკრებულო საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის ვადაში ადგილობრივ ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს, უფლებამოსილება მხოლოდ საკრებულოს შეუწყდება.

აღნიშნავს რა, რომ დღეს მოქმედი რედაქციით, ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილება საკრებულოსთან ერთად მერსაც უწყდება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ხაზს უსვამს, რომ ინიცირებული ცვლილებები „მნიშვნელოვნად ასუსტებს საკრებულოს როლს, ხელს უშლის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას და მორგებულია მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესებზე“.

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება, რომელიც თვითმმართველობის დონეზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, საკრებულოსა და მერის საერთო შეთანხმების საგანს წარმოადგენს. შესაბამისად მის დამტკიცებაზე ორივე მხარეა პასუხისმგებელი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი ინიციატივა პასუხისმგებლობას არიდებს მერს და საკრებულოს მხრიდან ბიუჯეტის პროექტზე განსხვავებული პოზიციის გამოხატვას აფერხებს, განსაკუთრებით კი – იმ საკრებულოებში (რუსთავი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ), სადაც მყარი უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს.

შესაბამისად, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების მიზანი ის იყოს, რომ „ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად, მოქმედი მერების სასარგებლოდ გადაწყვიტოს ის შესაძლო უთანხმოება, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებში მოახლოებული ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში ქართული ოცნების წარმომადგენელ მერებსა და ოპოზიციურ საკრებულოებს შორის შეიძლება წარმოიშვას“.

ამდენად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც მერს საკრებულოს მიმართ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button