skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოების თქმით, სენაკის საკრებულომ თავმჯდომარე კანონდარღვევით აირჩია

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) აცხადებენ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის „არალეგიტიმურმა“ საკრებულომ ახალი თავმჯდომარე „კანონის უხეში დარღვევით“ აირჩია.

არასამთავრობოების განცხადებას, 25 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ქართული ოცნების წარმომადგენლის არჩევა უძღვოდა წინ. კერძოდ, 1 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, 33-წევრიან საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, რამაც მათ თავმჯდომარის დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობა მისცა.

კიდევ უფრო ადრე, 18 აგვისტოს, სენაკის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო თებერვალში სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრის, ირაკლი კაჭარავას არჩევა.

შედეგად, 25 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, რომელსაც ქართული ოცნების 17-ივე დეპუტატი ესწრებოდა, საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ქართული ოცნებისვე წევრი საბა ოდიშარია აირჩიეს. 25 ოქტომბრის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ.

კერძოდ, 29 ოქტომბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სენაკის 33-წევრიან საკრებულოში ქართულმა ოცნებამ 16 მანდატი მოიპოვა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 13, ყოფილი პრემიერის პარტიამ საქართველოსთვის კი – 4 შესაბამისად, სენაკი იყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია ფლობდა.

თუმცა, გახარიას პარტიის ერთი 1 წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემდეგ, ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას სენაკის საკრებულოში 16-16 მანდატი დარჩათ, რაც ახალი თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი არ იყო. თავის მხრივ. ქართულმა ოცნებამ უარი თქვა მომდევნო სხდომებში მონაწილეობაზე, სადაც ყოფილი პრემიერის პარტიის ადგილმონაცვლის უფლებამოსილებას ცნობდნენ. „შედეგად, შეიქმნა კრიზისი და საკრებულო აღმოჩნდა პარალიზებული“.

არასამთავრობოები მაისში საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლის უფლებამოსილების დადასტურებას საკრებულოს გადაწყვეტილება აღარ სჭირდება, რამაც ოპოზიციას უმრავლესობის შეკრების შანსი კვლავ გაუჩინა. თუმცა მაისის მიწურულს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა წევრმა საკრებულო დატოვა, „რასაც პარტია ზეწოლას უკავშირებს და ოპოზიციის მხარეს კლავ 16 მანდატი დარჩა“. უფლებადამცველები მაშინაც ამბობდნენ, რომ სენაკში შუალედური არჩევნები ერთ მაჟორიტარულ ოლქში კი არ უნდა დანიშნულიყო, არამედ რიგგარეშე არჩევნები მთლიანაც მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარებულიყო.

იმის გამო, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის 17 დეკემბერს ჩატარებული პირველი სხდომის შემდეგ *6 თვის განმავლობაში ხელახლა შეკრება ვეღარ შეძლო, არასამთავრობოები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, კანონის მიხედვით, ის „არაუფლებამოსილია და ახალი საკრებულოს არჩევამდე, სენაკის მუნიციპალიტეტი კანონიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გარეშეა დარჩენილი“.

შესაბამისად, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და შემოიღოს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა.

„[ეს] დროებით განხორციელდება მთავრობის მიერ დანიშნული რწმუნებულის, კოლეგიური ორგანოს ან კანონის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, მანამ სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი“, – ხაზს უსვამენ ისინი.

*ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 142, საკრებულოს და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა: საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button