skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ უკანონოდ ცნო ზუგდიდის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან“ თანამშრომლის გათავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ცნო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ თანამშრომლის, თამარ ქომეთიანის გათავისუფლების შესახებ გასული წლის დეკემბრის გადაწყვეტილება.

ორგანიზაციის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს“ ქომეთიანის სამსახურში აღდგენის ნაცვლად, მისთვის 10 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში თვითმმართველობის ერთეულებში მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული სამსახურებიდან „პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლების ტალღა“ დაიწყო, რომელშიც თამარ ქომეთიანიც მოყვა, რომელიც სასახლეში 2020 წლიდან მატერიალურ-ტექნიკური საკითხთა განყოფილების უფროსად მუშაობდა.

ორგანიზაციის განმარტებით, ზუგდიდის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ 80 თანამშრომლიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადა ქომეთიანის გარდა ყველას გაუგრძელეს, რაც თავად ქომეთიანმა „პოლიტიკურ შეხედულებებს და საქმიანობას“ დაუკავშირა.

„სამსახურის დირექტორმა ქომეთიანს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერი პოსტის ფეისბუქზე გაზიარების გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობა შეუფარდა, ხოლო მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლა“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button