Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ელიზაბეტალის (ასურეთის) გერმანელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება იზეიმეს

ერთობა, 1920 წლის 31 იანვარი, N23

დამოუკიდებლობის აღიარების გამო

საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა ელვის სისწრაფით მოედვა ყველა სოფლებს და ყველას გულში სიხარულის გრძნობა გამოიწვია. ელისაბეტალის კოლონიაში (ასურეთში) ახლო მდებარე სოფლებიდან შეიკრიბა ხალხი: ქალი და კაცი, მოხუცი და ახალგაზრდა, მოწაფეების მონაწილეობით, წითელი დროშებით და ზურნით. ზეიმში მონაწილეობდა მთელი კოლონია თავის ორკესტრით. ზეიმი 12 საათზე გაიხსნა; ილაპარაკეს დამფუძნებელი კრების  წევრმა პავლე ბიულიმ, თემის თავმჯდომარემ რაიონული გამგეობის წევრმა, სამაზრო ერობის წარმომადგენელმა და ზოგიერთმა სოფლელებმა. სიტყვები წარმოითქვა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მიტინგი მიესალმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას, მთავრობას, დამფუძნებელ კრებას, ერობას და სხვა. ორატორების სიტყვებს ფარავდა „ვაშა“ და „გაუმარჯოს საქართველოს“ ძახილი, უკრავდა ზურნა და საზანდარი, შემდეგ ხალხმა გაემართა კოლონიის მთავარი ქუჩისკენ და დაღამებისკენ დაიშალა. შემდეგ კოლონიამ გამართა ვახშამი, რომელზედაც მოწვეულ იქნენ ერობის მოღვაწენი, ადმინისტრაციის წევრნი და სხვა. მხიარულობამ მთელი ღამე გასტანა. უყურებ ყველაფერ ამას და ნათლად გეხატება ის მჭიდრო კავშირი, რომელმაც ამ 100 წლის განმავლობაში ერთმანეთს გადააჯაჭვა ქართველები და გერმანელი კოლონისტები. ყველა ნასიამოვნები დარჩა. 18 იანვარი დიდხანს არ დაავიწყდება ზეიმში მონაწილეებს.

მსგავსი/Related

Back to top button