ახალი ამბები

OSCE/ODIHR: „პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხის ქვეშ აყენებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დამოუკიდებლობას“

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ მეორე ანგარიშში განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს არეგულირებენ, მართლმსაჯულების სფეროს დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ისინი მაინც ვერ უზრუნველყოფენ მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ მიუკერძოებელ პროცესს, რომელიც მიკერძოებული პოლიტიკის გავლენისგან თავისუფალი იქნება“.

ODIHR-მა საქართველოს უზენაერი სასამართლოს მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცესის მონიტორინგი საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას 2019 წლის ივნისის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. მონიტორინგის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე 49 და იურიდიულ კომიტეტის წინაშე 20 კანდიდატის ინტერვიუებზე დაკვირვებას მოიცავდა. ისინი ასევე ყურადღებით აკვირდებოდნენ 2019 წლის დეკემბერში პარლამენტის საბოლოო კენჭისყრის სესიას.

9 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ODIHR-მა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კანდიდატების „საბოლოო დანიშვნა ოპოზიციის ბოიკოტის დროს გაიმართა, რომელიც პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით იყო გამოწვეული და პოლიტიკური დაძაბულობის მაღალი დონისა და საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა“ და ხაზი გაუსვა, რომ „არსებული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად პროცესის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების გულწრფელობას, განცხადებულ მიზანთან დაკავშირებით, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე, რომელიც მოიპოვებდა ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და გააძლიერებდა საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემისადმი“.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ მართალია, „დანიშვნის პროცესთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ღიაობა და გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და სასამართლო ხელისუფლების მაკონტროლებელ ორგანოსთვის წარდგენის უფლებამოსილების მინიჭება შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან“, „საკანონმდებლო ჩარჩოში რჩება რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დამსახურების საფუძველზე შერჩევის პროცესს. მათ შორისაა ფარული კენჭისყრის გამოყენება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების ნაკლებობა, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით არასრულფასოვნად გაწერილი დებულებები, თვითნებური გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ გარანტიების არარსებობა, პარლამენტისთვის შეუზღუდავი დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება და ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარანტიის ნაკლებობა“.

ODIHR-ის ანგარიშის თანახმად, „შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა, ზოგადად, კანონთან შესაბამისობაში უზრუნველყო და დაიცვა სამართლებრივი ვადები, თუმცა პროცესის რეგულირებისათვის არცერთს საკმარისად არ უსარგებლია მინიჭებული უფლებამოსილებით უზრუნველეყო ობიექტურობა, სამართლიანობა, თანმიმდევრულობა და წესრიგი“.

აღნიშნულია რა, რომ „იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მიუღია გასაუბრების ჩატარების პროცედურული წესები ან გასაუბრების დროს ქცევის წესები“, ანგარიშში გაცხადებულია, რომ „ამან კანდიდატების მიმართ არათანაბარი მოპყრობა განაპირობა, კიდევ უფრო შემცირდა გამჭვირვალობა და გასაუბრებები წარიმართა ფრიად არაორგანიზებულად“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ODIHR-ის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ხშირი დებატები და პროცედურულ ნიადაგზე არსებული კონფლიქტები და აღნიშნეს, რომ [პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის] თავმჯდომარე არ იყო თანმიმდევრული წესების გამოყენებისას და პროცესის მიმდინარეობისას შემოიღო ახალი პროცედურები.“ დოკუმენტის თანახმად, „აღნიშნულ მოსმენებზე საჭირო კვორუმი არ შედგა და ის კომიტეტის წევრების დაბალი დასწრებით ხასიათდებოდა, გამონაკლისს წარმოადგენდა მათი მხრიდან შეკითხვების დასმის პერიოდი. განსაკუთრებით დაბალი დასწრება იყო სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიის წარმომადგენლების მხრიდან შეკითხვების დასმის დროს“.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „12 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასცა 19 კანდიდატიდან 14 კანდიდატის დანიშვნის რეკომენდაცია კენჭისყრის საფუძველზე, რომელშიც თითქმის ექსკლუზიურად მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა“. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ამ მიდგომამ საფრთხე შეუქმნა გამჭვირვალე, დამსახურების საფუძველზე შერჩევის პროცესს, ვერ უზრუნველყო ინფორმაციის მიწოდება პარლამენტისთვის და გაზარდა მიკერძოებული შეხედულებების საფუძველზე პლენარული კენჭისყრის წარმართვის რისკი“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მართალია, კომიტეტის თავმჯდომარეებს კანონით მოეთხოვებათ უფლებამოსილების განხორციელება სამართლიანად და მიუკერძოებლად, „იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რიგი განცხადებები, კომენტარები და გაფრთხილებები, რომლებიც იყო მიკერძოებული, წესების დაცვა კი არათანმიმდევრული, უარყოფითად მოქმედებდა მის მცდელობაზე, შეენარჩუნებინა ნეიტრალურობა და ყოფილიყო სამართლიანი მონაწილე ყველა მხარის მიმართ“.

„რიგ შემთხვევებში, თავმჯდომარე აკრიტიკებდა ოპოზიციონერი პარლამენტარების შეკითხვებს ან პირდაპირ ერთვებოდა მათთან პოლიტიკურ დებატებში, რის გამოც ოპოზიციონერი პარლამენტარების ნაწილმა გასაუბრების ოთახი დატოვა და განაცხადა, რომ დამოკიდებულება იყო უსამართლო და მიკერძოებული“.

რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანდიდატთა მოსმენებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ „ციტირებდნენ რა მოსამართლის მიუკერძოებლობის ვალდებულებას, კანდიდატები ხშირად უარს ამბობდნენ შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე ან თავს არიდებდნენ პოლიტიკური ხასიათის შეკითხვებზე პასუხს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო შეკითხვა სასამართლო დამოუკიდებლობის ლეგიტიმურ საკითხს ან მოსამართლის საჯარო ინტერესის საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივ პოზიციას ეხებოდა“. ანგარიშის თანახმად, „კანდიდატებმა ასევე უარი თქვეს ეპასუხათ ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც ეხებოდა მათი წარსული სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ განმარტებას (რიგ შემთხვევაში – მიმდინარე საქმეებზე) ან კოლეგების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საქმეები სადავო იყო და ეჭვქვეშ აყენებდა მოსამართლის მიუკერძოებლობისა და მოტივის საკითხს“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საერთო ჯამში, მიუხედავად პოლიტიკური ხასიათისა, გასაუბრებამ კანდიდატების დამსახურების შეფასებისათვის რელევანტური საკითხების ფართო სპექტრი დაფარა“. გარდა ამისა, „სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოების, სამართლის პროფესიისა და აკადემიის წარმომადგენლების მონაწილეობამ გაზარდა გასაუბრების ხარისხი, გაფართოვდა რა განხილული საკითხები და შემსუბუქდა პოლიტიკური თემები“.

საპარლამენტო კომიტეტის დასკვნებში არსებულ ხარვეზებზე საუბრისას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „პლენარულ სხდომაზე წარდგენილი დასკვნა მოიცავდა რეკომენდებული კანდიდატების მხოლოდ სახელებს და კენჭისყრის შედეგებს, კანდიდატების დამსახურების არსებითი შეფასების გარეშე“.

დოკუმენტი ხაზს უსმავს, რომ „დასკვნის არარსებობამ, რომელიც მაქსიმალურად შეაფასებდა თითოეული კანდიდატის დამსახურებასა და კვალიფიკაციას, პარლამენტს არ მისცა საშუალება კენჭი ეყარა კანდიდატებისათვის მათი პროფესიული დამსახურებისა და არა პოლიტიკური განწყობების მიხედვით“. „ყოველივე ეს და გამჭვირვალობის ნაკლებობა წარმოადგენს პარლამენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეთა სისტემისთვის მთავარ რისკს“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება პლენარულ კენჭისყრას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „კანდიდატების დამსახურების არსებითი განხილვის ან დებატების წარმართვის საშუალება არ იყო, რაც რეგლამენტს ეწინააღმდეგება“. ანგარიშის თანახმად, „წარმატებულ კანდიდატებს ხმა დეპუტატების უმრავლესობამ მისცა – საშუალოდ 87 ხმა ან 95% იყო მომხრე, 5-მა წარუმატებელმა კანდიდატმა საშუალოდ 1 ხმა (1%) მიიღო“. ეს იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობამ თავი შეიკავა წარუმატებელი კანდიდატებისათვის ხმის მიცემისგან. „აღსანიშნავია, რომ კომიტეტის წევრებს „ქართული ოცნებიდან“ კომიტეტის კენჭისყრასა და პლენარულ კენჭისყრაზე თავის შეკავების განსხვავებული სქემა ჰქონდათ, იმაზე რაც მიუთითებს, რომ პლენარულ სხდომაზე ისინი ხმას თავისი პარტიის ხმების შესაბამისად აძლევდნენ“, ნათქვამია ანგარიშში.

რეკომენდაციების ნაწილში ODIHR-მა აღნიშნა, რომ „პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს კანონში ცვლილება ODIHR-ის 2019 წლის სამართლებრივი დასკვნის რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც არ გაუთვალისწინებია, რათა საკანონმდებლო ჩარჩო დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რეკომენდაციებსა და ეუთოს ვალდებულებებს“.

ODIHR-ი ურჩევს საქართველოს პარლამენტს შეიმუშავოს შესაბამისობის კრიტერიუმები, რომლებიც „უფრო მეტი სამუშაო წლისა და ადამიანის უფლებებზე მუშაობის ფართო გამოცდილებას მოითხოვს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატების ჯგუფის უფრო მაღალი სტანდარტი“, ასევე ვადების შეცვლას კანდიდატის შემოკლებულ სიაში შეყვანამდე მისი დამსახურების სრულყოფილად შესასწავლად და გასაუბრების ისე დაგეგმვას, რომ საფუძვლიანი ინტერვიუს ჩატარება იყოს შესაძლებელი.

ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს უზრუნველყოს „ინკლუზიური, ფართო და ეფექტიანი კონსულტაციები“ სამოქალაქო საზოგადოებასთან სასამართლო სისტემაში სამართლებრივი რეფორმის ნებისმიერი ინიციატივის თაობაზე და მოსამართლეთა შერჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა.

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე აირჩია, რომლებიც ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში თანამდებობებს უვადოდ დაიკავებენ. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა. სხდომას არც პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები დასწრებიან.

პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა უძღოდა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომიტეტის დასკვნის წარდგენის მიზნით, მოსამართლეობის კანდიდატებს უყარეს კენჭი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ჩატარებულ კენჭისყრამდე და კანდიდატების თაობაზე დასკვნის მომზადებამდე, კომიტეტმა, 23 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში, საჯარო სხდომებზე, მოსამართლეობის 20 კანდიდატთან ინდივიდუალური გასაუბრებები გამართა.

საკომიტეტო განხილვა ერთ-ერთი ეტაპი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც 2019 წლის მაისში დაიწყო და მიზნად უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეთა რაოდენობის 8-დან 28-მდე გაზრდას ისახავდა.

მოსამართლეთა შერჩევის რამდენიმეთვიანი პროცესი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა, რომლებიც ქართულ ოცნებას მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან გარიგებასა და სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button