skip to content
ახალი ამბები

პლენარული სხდომა დარბაზში „დაუდგენელი“ ნივთიერების გაშვების გამო შეწყდა

სამოქალაქო მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ განცხადებით, მათ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ნდობა უნდა გამოეცხადებინათ, პროტესტის ნიშნად, „სრულიად უვნებელი და უსაფრთხო“ საპროტესტო ხსნარი (ASD-2F) გაუშვეს.

პლენარული სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც უმრავლესობის დეპუტატებმა უსიამოვნო სუნის შესახებ განაცხადეს. პარლამენტის ინფორმაციით, პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად, „5 ადამიანი დაშავდა“.

„შეუძლოდ გახდნენ დეპუტატები ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა და კობა ლურსმანაშვილი. დაშავდა ასევე პარლამენტის აპარატის 2 თანამშრომელი- ირაკლი მიქაძე და ციური როსტომაშვილი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ“, – ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციითვე, მომხდართან დაკავშირებით პარლამენტში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარი პარლამენტზე „ქიმიურ შეტევად“ უკვე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. ოცნების კიდევ ერთი წევრის გია გაჩეჩილაძის შეფასებით კი, მომხდარი თავისი შინაარსით „ტერორისტული აქტია“.

უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით, პლენარულ სხდომათა დარბაზში დაუდგენელი ნივთიერება, სავარაუდოდ, ევროპული საქართველოს წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ გაუშვეს. პარტიაში გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფენ და ქართული ოცნების რეაქციას „ისტერიკად“ აფასებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button