ხელისუფლებამ უარყო TI საქართველოს მტკიცება, რომ მთავრობა GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა 26 აპრილს, რომ საქართველოს მთავრობამ პირველად განაცხადა უარი ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროვებაზე, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ და პრემიერ-მინისტრმა უარყვეს. ორგანიზაცია ანტიკორუფციულ ბიუროს ანგარიში გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
GRECO-ს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშმა შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. შეფასების ანგარიში ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: ინტერესთა კონფლიქტი, ქონებრივი და ინტერესთა მდგომარეობის დეკლარაციები, მათი მონიტორინგი და დაწესებული სანქციები, ასევე, სამართალდამცავ უწყებებში დანერგილი ანტიკორუფციული და კეთილსინდისიერების მექანიზმები და მათი პრაქტიკაში გამოყენება. ანგარიში მიღებულ იქნა GRECO-ს 96-ე პლენარულ სხდომაზე, რომელიც სტრასბურგში 18-22 მარტს გაიმართა. დოკუმენტს ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.
TI საქართველო ხაზს უსვამს, რომ GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დეოლიგარქიზაციის შემადგენელი კომპონენტიცაა.
„სახეზე გვაქვს საშიში და საგანგაშო ტენდენცია, როცა საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე ან/და შეფასებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, გასულ წელს საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგზე უარი უთხრა. „OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესში დაბრუნებისკენ ევროკომისია პირდაპირ მოგვიწოდებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭო პროცედურულად უშვებს შეფასების ანგარიშების საჯაროდ ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მას მხოლოდ ისეთი ქვეყნის მთავრობები იყენებენ, სადაც კორუფცია განსაკუთრებული პრობლემაა.
ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, როგორც GRECO-ს მონიტორინგის მე-5 რაუნდის მაკოორდინირებელ უწყებას, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს GRECO-ს შეფასების ანგარიში და ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, შეუერთდნენ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესს.
ანტიკორუფციული ბიურო TI საქართველოს ბრალდებებს უარყოფს
26 აპრილს, ანტიკორუფციულმა ბიურომ საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება „არის სიცრუე“ და რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დოკუმენტი აქამდე არ გამოქვეყნდა, ის არის, რომ ის ქართულ ენაზე ითარგმნება.
„საქართველო, GRECO-ს მიერ შემუშავებული პროცედურებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად, უზრუნველყოფს 96-ე პლენარულ სესიაზე დამტკიცებული საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშისა და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატების საჯაროობას“, – ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
GRECO-ს რეგულაციებზე დაყრდნობით, ბიურო აცხადებს, რომ „შეფასების პროცესის ყველა ეტაპი არის კონფიდენციალური, ვიდრე ქვეყანა არ უზრუნველყოფს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტის საჯაროობას“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ანგარიშების თარგმნა, მისი მოცულობის გათვალისწინებით, „საჭიროებს გონივრულ ვადას“, რის გამოც ზემოაღნიშნული ანგარიშების უმეტესობა კვლავ არ არის გამოქვეყნებული და რჩება კონფიდენციალური.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყონებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – დასძინა ბიურომ.
დღესვე ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალო – საქართველომ“ ტყუილი გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მისცა თანხმობა ევროპის საბჭოს, რომ ანგარიში გამოქვეყნდება, როგორც კი ითარგმნება.
„ეს ტყუილი გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება, ანუ სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „დღეების ამბავია“, სანამ ანგარიში ითარგმნება.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/03/2024 – OECD და ადგილობრივი არასამთავრობოები საქართველოს OECD-ს პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)