ახალი ამბები

თელავის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ აგენტების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება

თელავის საკრებულოს იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან ბერძენაშვილი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის  წინააღმდეგ გამოვიდა.

26 აპრილს სოციალურ მედია პლატფორმებზე გავრცელებულ ვიდეოში იგი ამბობს, რომ „მე ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას” და აღნიშნავს, რომ „ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო ჩემი შეგნებისთვის”.

ბერძენაშვილმა კანონპროექტის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგობასა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია [ევროკავშირთან], დაკარგოთ [ევროკავშირის] კანდიდატის სტატუსი, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება“.

„ამიტომ, მე ცალსახად ვემიჯნები ამას და უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს უკან“, – განაცხადა მან.

იმავდროულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები პოზიციას არ იცვლიან და აპირებენ, რომ სადავო კანონპროექტი ბოლომდე გაიტანონ და აამოქმედონ. მათი თქმით, ის საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დააახლოებს მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ცალსახად საპირისპიროს აცხადებს.  

„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ საქართველოს კონსტიტუციას, ნუ წახვალთ ანტი-კონსტიტუციური გზით, ნუ უღალატოთ თქვენს ქვეყანას. კიდევ არის შანსი“, – განაცხადა მან და პირობა დადო, რომ თუ მმართველი პარტია კანონპროექტს უკან არ გაიწვევს, იგი „ქართულ ოცნებას“ დატოვებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button