ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი პარლამენტში გამოსვლისას არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობაზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს 22 მარტს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს, რა დროსაც მან ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილ კითხვებს უპასუხა. კითხვები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართული დიასპორის მონაწილეობას შეეხებოდა.

რვა დეპუტატმა მინისტრს შემდეგი კითხვები დაუსვა:

  • ჩაატარა თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრომ რაიმე საინფორმაციო კამპანია და/ან გაავრცელა თუ არა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა საფრთხეს არ შეუქმნის მათ სამართლებრივ სტატუსს; იგეგმება თუ არა მსგავსი კამპანიის ჩატარება და როგორია სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით? [ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში დეპორტაციის ეშინიათ].
  • იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების გახსნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების მაქსიმალური რაოდენობის გასახსნელად, რათა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის ათასობით კილომეტრის გავლა არ მოუწიოთ [ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საკონსულოებამდე, რომელიც მხოლოდ დიდ ქალაქებშია გახსნილი, მანძილის გამო, მათგან შორს მცხოვრებ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ].

საინფორმაციო კამპანიები

ილია დარჩიაშვილის თქმით, „საკონსულო დაწესებულებებს უწევთ ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს თანამემამულეებთან, მათი საჭიროებების, უფლებების და სხვადასხვა საკონსულო სერვისების შესახებ. შესაბამისად, საკონსულოს თანამდებობის პირები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრებზე, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებულად გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს“. დარჩიაშვილის თქმით, ამ ძალისხმევის მიუხედავად, „აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით აქტივობა სამწუხაროდ, კვლავ დაბალია“.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გეგმავს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებს შორის საკონსულოში რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს მის ხელთ არსებული კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა. მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის შექმნას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დამატებითი საარჩევნო უბნები

საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის „კომპლექსური საკითხი“, ვინაიდან არსებობს საერთაშორისოდ დამკვიდრებული წესი და რეგულაციები, რომელთა ფარგლებშიც ხდება ამ პროცესის წარმართვა. „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციაზე დაყრდნობით, დარჩიაშვილმა კონვენციის მე-4 მუხლზე გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმადაც, „ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების გახსნა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით“. მინისტრის თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციებს შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

რაც შეეხება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობაა და ამიტომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო ოფისებში, როგორც ეს ხდება მთელ რიგ ქვეყნებში.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ გაიხსნა 52 საარჩევნო უბანი, ზუსტად საჭიროების მიხედვით, რაც შეესაბამებოდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული მოქალაქეების მონაცემებს. მინისტრის თქმით, იგივე პრინციპი იქნება გამოყენებული წელსაც, საარჩევნო უბნების გახსნისთვის.

კითხვების დაზუსტება და მინისტრის პასუხი

სიტყვით გამოსვლის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრს დამატებითი კითხვები დაუსვა საპარლამენტო ფრაქცია „ევრო-ოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, სამინისტროსთვის გაგზავნილი კითხვების ერთ-ერთმა ავტორმა, თუ როგორ მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო დამატებითი უბნების გახსნაზე და გაიმართა თუ არა ამ საკითხზე რაიმე კონსულტაცია მიმღებ ქვეყანასთან. დეკანოიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იღებენ საუკეთესო მომსახურებას საზღვარგარეთ მდებარე საკონსულოებიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მოქალაქეების საკონსულოებში დარეგისტრირების მნიშვნელობას, და დაგმო „ჰიპოთეტური“ განცხადებები იმის შესახებ, რომ გარკვეული პროცესი უნდა დაიწყოს, რის შედეგადაც [თეორიულად] ყოველდღიურად სამი საკონსულო გაიხსნება.

დარჩიაშვილმა წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და ემიგრანტებისთვის ხმის მიცემისას „ხელოვნური ბარიერების“ შექმნაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მარტივია საკონსულოებში რეგისტრაცია.

დეპუტატების განცხადებები

  • საპარლამენტო უმრავლესობა

„ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატები ემიგრანტების პრობლემების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მან დაგმო ოპოზიციის ბრალდებები, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ემიგრანტების რაოდენობა გაიზარდა.

„თქვენ ასე გაღიზიანებულები და აგრესიულები საგარეო საქმეთა სამინისტროს და ზოგადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ იმიტომ ხართ, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს არ ჰქონია, პრაქტიკულად, არც ერთი აღიარებული წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების აქტივობა არჩევნებზე 100%-ით გაიზარდა, ხოლო რეგისტრაციის მაჩვენებელი ასევე 44%-ით გაიზარდა.

„ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე არ ისაუბრა, თუმცა სანაცვლიდ ნაციონალურ მოძრაობას შეუტია და მის წევრებს „უსამშობლო, ფულზე გაყიდული ადამიანები“ უწოდა, რომელთაც „არც შობადობა, არც დემოგრაფია, არც ქვეყნის პერსპექტივა არ აინტერესებთ“. 

ამავდროულად, მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეაქო და განაცხადა, რომ მისი მმართველობის პირობებში, შემცირდა სიღარიბე და გაიზარდა სოციალური ბიუჯეტი. მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის მტკიცება, რომ მოსახლეობა ქვეყანას ტოვებს და რომ 800 000 მოქალაქემ უკვე დატოვა ქვეყანა, სრული სიცრუეა.

თავის დასკვნით სიტყვაში, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბევრი უსაფუძვლო ტყუილი თქვეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში, 15-მდე ახალი საელჩო და გენერალური საკონსულო გაიხსნა, რაც ნიშნავს, რომ „ჩვენ მოწოდებული ვართ, დადგენილი წესებით, კონვენციების შესაბამისად და მთავარი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, გავხსნათ საარჩევნო უბნები იქ, სადაც გვაქვს  დასაბუთებული ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაციასთან დაკავშირებით“.

მან დასძინა, რომ ოპოზიციის მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ გახსნას დიპლომატიური სტატუსის მქონე დაწესებულებები ნებისმიერ ქალაქში, არის „სრულიად უსაფუძვლო ნარატივი, რომლის მსგავსი პრაქტიკა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს“.

დარჩიაშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოებში რეგისტრაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

  • ოპოზიცია

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციიდან, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ემიგრანტებს ხმის მიცემაში ხელის უშლის. „საკონსულო აღრიცხვაზე ვერ და არ დგებიან ადამიანები მათ შორის, სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, რომლებსაც შეგნებულად არ ასწორებს ხელისუფლება, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ვერ დააშინებს, ვერ მოისყიდის და შესაბამისად, მათი თავისუფალი ნება აისახება საარჩევნო შედეგზე, რომელიც ყოველთვის ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგია“.

„რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა: „ის, რომ ჩვენ ემიგრანტებს არ ეძლევათ რეალურად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ორმაგი უსამართლობაა. პირველი უსამართლობა ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეს იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი პირობები არ არის, საკუთარი სამშობლოს, ოჯახის დატოვება უწევს, რათა შემდეგ ლუკმა-პურის ფული გამოაგზავნოს ქვეყანაში. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნებისთვის“, რომ საქართველოში ამ ხალხისთვის არ შეიქმნა ღირსეული სამუშაო ადგილები. მეორე უსამართლობა ის არის, რომ ქვეყნიდან წასულ ხალხს არ ეძლევა ქვეყანაში რეალურ ცვლილებებში მონაწილეობის უფლება. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ მათ“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ემიგრაციაში წასულმა რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. „დიასპორაში, 12 ათასი ჩვენი თანამოქალაქე მონაწილეობს არჩევნებში, როდესაც მილიონზე მეტი ადამიანი გვყავს ემიგრაციაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს არის ერთი პროცენტი იმ რაოდენობის, რაც არის ემიგრაციაში“.

თავიანთ გამოსვლებში რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა იმაშიც დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას.

ემიგრანტები – რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი არჩევნებზე?

თუ გავითვალისწინებთ საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების შესაძლო რაოდენობას, რომელიც, ზოგიერთი შეფასებით, ერთ მილიონზე მეტია, მათი ხმები შესაძლოა გადამწყვეტი იყოს მომავალ არჩევნებზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უკვე თვეებია დაჟინებით ითხოვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოსგან, რომ მათ ხმის მიცემა გაუადვილონ.

ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ, კერძოდ, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ალიანსმა, ასევე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საკითხი თავიანთ დღის წესრიგში შეიანეს. ალიანსმა წამოიწყო კამპანია „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“, რომელიც მოუწოდებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, მოითხოვონ საარჩევნო უბნების გახსნა იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს სულ მცირე 50 მოქალაქე ცხოვრობს და საქართველოს საკონსულო არ არსებობს.

თუმცა, ცესკომ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ის ინსტიტუტი, რომელიც ცესკოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მონაცემებს აწვდის, რის საფუძველზეც საარჩევნო უბნები იხსნება. ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი მოთხოვნები რომელიმე ქალაქში დამატებითი უბნების გახსნის შესახებ ვერ განხორციელდება, რადგან საქართველოს საარჩევნო კოდექსი მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს.

მაშინ, როცა ოპოზიცია ცესკოს თავისი მანდატის საწინააღმდეგო მოქმედებაში ადანაშაულებს, და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტის გაკეთებისკენ მოუწოდებს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკითხის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. გასული კვირის ბოლოს მან ქართულ დიასპორასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, დიდწილად, იმ შიშების გასაქარწყლებლად, რომ თითქოს ხმის მისაცემად მისულ არალეგალ მიგრანტებს დააპატიმრებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button