ძველი ამბები

ნიკო ნიკოლაძე საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს

Tags

გაზ. ჩვენი ქვეყანა, 1919 წლის 5 ნოემბერი, N193

1919 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ ნოე რამიშვილის მოხსენების შემდეგ განიხილა საშინაო მდგომარეობისა და უსაფრთხოების საკითხები. განხილვაში მონაწილეობა მიიღო ნიკო ნიკოლაძემ (რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა).

ნიკო ნიკოლაძე: ბატონებო! მე მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ამ საქმის შესახებ ჩემი აზრი.

მიკვირს, რომ ყველგან და ყველაფერში პარტიულ განხეთქილებას, პარტიულ შუღლს ვქმნით! ეს გზა პოლიტიკური და იდეური ბრძოლისა ძველია, ეს ეხლა უკვე ანარქრონიზმია.

ნუ თუ არ არის დრო, რომ ახალ სოციალ პოლიტიკურ პირობებს შევეგუოთ და დროის შესაფერისად ვიმოქმედოთ.

რა საჭიროა ეს გაცვეთილი და დრო მოჭმული კინკლაობა.

ისეთ ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო არჩევნები საბოტაჟით თავდება, სადაც ხალხი ყუთს არ ეკარება (თუმცა, დამფუძნებელი კრების არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 60%-ს გადააჭარბა, რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა).  რა ნიადაგი აქვს სოციალ-რევოლუციონერების პარტიულ მოღვაწეობას, ან სოციალისტ-ფედერალისტების.

დემოკრატიისა და დემოკრატიული იდეების განვითარებაში, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თანამედროვე შეძლებულ კლასებს (ხმა მარცხნიდან: ბურჟუაზიას?)

ნიკო ნიკოლაძე:  ბატონებო, თქვენ ისტორიას თუ იცნობთ, ისიც გეცოდინებათ, რომ ბურჟუაზიამ შეჰქმნა დემოკრატია.

სოციალიზმს დემაგოგიისა და დესპოტიის მეტი არაფერი შეუქმნია.

თქვენ თვითონ ამბობთ, რომ თქვენი მიზანია პროლეტარიატის დიქტატურა და ეს ხომ უმცირესობის დიქტატურაა და ამაში დემოკრატიული არაფერია.

თქვენი პარტიის ძლიერების მომხრეს, – ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოთ, – ჩემზე უკეთესს თვით თქვენს პარტიაში ვერ იპოვნით.

ჩემი და ჩემი პარტიის ინტერესია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა.

რისთვის ღალატობთ ერისა და დემოკრატიის ინტერესებს? რად აღვივებთ სამოქალაქო ომის ცეცხლს!

მე პირადად დიდ პატივს ვცემ ჯუღელსა და სახალხო გვარდიასაც, მაგრამ ის, როგორც სამხედრო ძალების წარმომადგენელი არ უნდა გამოდიოდეს ამ ტრიბუნიდან და მით უმეტეს არ უნდა ჰქმნიდეს სამოქალაქო ომის ატმოსფეროს.

მე და ჩემს პარტიას სურს ჯარი პოლიტიკურ საქმეებში არ ერეოდეს, მთავრობის სურვილი და კანონიც ასე იყო, მაგრამ რატომღაც ეს კანონი დღეს დარღვეულია.

უკანასკნელ ხანების ამბოხება ჩვენს რესპუბლიკაში უნდა ითქვას, რომ „ოპერეტა“ არ იყო, როგორც ეს ჰგონია გაზეთ „ბორბა“-ს.

აქ ადგილი ჰქონდა დიდი მაშტაბით განზრახულ აჯანყებას, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ ჯერ-ჯერობით მარჯვეთ ჩააქრო იგი.

ოპოზიციის შენიშვნებს ადმინისტრატიული ზომების შესახებ მინისტრი საყვედურად ნუ მიიღებს. ჩვენ გვინდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, სამშობლოს თავისუფლება და ღმერთმა ჰქმნას, რომ ეს დიდი საქმე ჩვენს მთავრობას უნაკლოთ და სასახელოთ გაეკეთებიოს. ჩვენ სხვა არაფერი გვინდა.  

Show More

Related Articles

Back to top button