skip to content
ახალი ამბები

პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევისთვის შსს 500 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) 4 ივლისის ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტრო  სამართალდამრღვევად ცნო პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპის დარღვევისათვის და მას სახდელის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა.

საია-ს ინფორმაციით, საქმე 2023 წლის 8 მარტს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლების სავარაუდო დარღვევისათვის დაკავებულ 43 პირს ეხება, რომელთა საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო მათი პერსონალური მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები.

მიუხედავად იმია, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობდა, ყველა პირის საქმეში სხვა პირების შესახებ ხსენებული ინფორმაციები იყო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებით, „კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება“. შესაბამისად, დაკავებული პირების მიმართ არსებულ საქმეებში სხვა პირების შესახებ ინფორმაციის დაუფარავი ფორმით განთავსება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ჩაითვალა.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული,  მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მონაცემების უკანონო დამუშავების გამო არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, დღემდე პრობლემად რჩება უწყებაში მსგავსი დარღვევების სისტემური მოგვარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button