ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ „ტვ. პირველს“ „ცრუ ინფორმაციის უარყოფა“ და მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) 7 თებერვალს განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება და „ტელეკომპანია პირველს“ პატრულ-ინსპექტორ გელა კვაშილავაზე გავრცელებული „ცრუ ინფორმაციის უარყოფა“ და მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა.

შსს-ს ცნობით, საქმე ეხება 2021 წლის 30 იანვრის სიუჟეტს, რომელშიც გელა კვაშილავას მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გადატანაზე იყო საუბარი. „ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი ფოტოსურათი, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა სიუჟეტის ავტორს განუმარტა, რომ იგი არასწორ ინფორმაციას ფლობდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შსს-ს თქმით, სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას კავშირი არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან და „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური იყო“. „ტელეკომპანია პირველმა“ იცოდა, რომ [ეს] ინფორმაცია იყო მცდარი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში“.

„ტელეკომპანია პირველის“ პასუხი

„ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ მათ სხვა მოლოდინი არც ჰქონიათ, რადგანაც ქვეყანაში „სასამართლო არ გვაქვს“ და „რაც იყო მითითება, ის შეასრულეს“.

მელაძის განმარტებით, სასამართლოზე მოწმეების სახით არა სიუჟეტში გამოყენებული რესპონდენტები, არამედ სხვა პირები დაკითხეს. ამასთან, ურთიერთგამომრიცხავი იყო კვაშილავას და მისი დედის ჩვენებებიც. მისივე თქმით, ტელეკომპანიას სასამართლოს დასაბუთებული ნაწილი ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მათ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button