შსს-ს თანამშრომელი უწყებას “დისკრიმინაციულ მოპყრობას” აბრალებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი, გოგა რაზმაძემ 12 ივლისს გაავრცელა ღია წერილი, რომლითაც ხელმძღვანელობას მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას აბრალებს. მისივე თქმით, მან ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი მას მერე გადაწყვიტა, რაც შსს-ში, ყველა ეტაპის გავლისა და მრავალი მცდელობის მიუხედავად, სამართალი ვერ იპოვა.
ცნობისთვის, რაზმაძე 20 წლის ასაკიდან პოლიციელად მუშაობდა, 2018 წელს კი ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის „მნიშვენელოვან საქმეთა ინსპექტორად“ დაინიშნა. ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ, დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა, ხოლო რაზმაძე, „საქმიანობის დადებითად შეფასების საფუძველზე“ დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსად დაწინაურდა. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული დეპარტამენტის ყოველი თანამშრომელი, თავის ჩათვლით, მუშაობდა „რეალურად და დიდი სულისკვეთებით ადამიანების დასახმარებლად“.
წერილის თანახმად, დეპარტამენტში დამკვიდრებული პოზიტიური გარემო დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ შეიცვალა. „დეპარტამენტი აღარ მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულად. დეპარტამენტს აღარ ჰქონდა მონიტორინგის განხორციელების რეალური ბერკეტები. შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთანაც. ასევე, თანამშრომლები დავექვემდებარეთ ცენზურას,“ – აღნიშნა რაზმაძემ და დასძინა, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული დაიწყო საჯარო მოხელეების Facebook პოსტების კონტროლი, კერძოდ, შემთხვევები, როდესაც მათ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების წაშლა მოეთხოვათ.
რაზმაძეს თქმით, უსამართლოდ მოპყრობაზე მას არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი აზრი, რის გამოც მას აღარ რთავდნენ დეპარტამენტის საქმიანობაში. ამასთან, შსს-ს თანამშრომელი აღნიშნავს, რომ დეპარტამენტში დაუგეგმავი აუდიტის ჩატარება დაიწყო, რომელის მიზეზადაც „დეპარტამენტიდან ხელმძღვანელებისთვის „არასასურველი“ თანამშრომლების გაშვება და დეპარტამენტის ფუნქციების კიდევ უფრო შესუსტება[ს]“ ასახელებს.
გოგა რაზმაძე წერს, რომ ჰქონდა მცდელობები პირადად ესაუბრა მინისტრის მოადგილესთან, აღნიშნული მოვლენების შესახებ, თუმცა ეს ვერ მოახერხა და ამის გამო საკუთარი მოსაზრებები 16 ივნისს მეილის საშუალებით აცნო, რის გამოც 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს. მისი თქმით, გასაუბრება შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, დავით მინდიაშვილმა ჩაუტარა, რომელმა „საქმე გაურჩია“ ხელმძღვანელობისთვის მიწერილი მეილის გამო და ღირსების შემლახველად ეპყრობოდა მას. „ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მაიძულებდა ახსნა-განმარტების დაწერას… მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე სხვა დროისთვის გადაგვეტანა ახსნა-განმარტების მიცემა (რაც ნებაყოფლობითია), იგი არ მიშვებდა ოთახიდან და მეუბნებოდა, რომ თუ არ დავწერდი განმარტებას, „სამსახურიდან გამაგდებდა.“,“ – განმარტავს რაზმაძე.
შსს-ს თანამშრომელი ასევე აღნიშნავს, რომ Facebook-ის ფორმატის გამო ბოლომდე ვერ აღწერს მის მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციას და დასძენს, რომ არ მიუხედავად ყველაფრისა, არ აპირებს სამსახურიდან წასვლას და მზადაა ბოლომდე იბრძოლოს სამართლიანობისთვის.
წერილის ბოლოს, გოგა რაზმაძე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა მათ დაიწყონ გამოძიება 11 ივლისს მომხდარ გასაუბრებაზე. ამასთან, იგი აღნიშნავს რომ უკვე მიმართა სახალხო დამცველსაც, სამინისტროში დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, იგი სთხოვს „ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, უცხო ქვეყნის ელჩებს, მედიას – დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით“ და არ დაუშვან მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების ხელყოფა.
მოცემულ წერილზე კომენტარი გააკეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, რომელიც გოგა რაზმაძის ბრალდებებს „სიცრუეს“ და „აბსურდულს“ უწოდებს. მან განაცხადა „ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი ხუთი წელია რაც შეიქმნა შსს-ს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით. იმისათვის რომ შეგვეფასებინა არსებულიყო მდგომარეობა, რა იყო დეპარტამენტში, სად არის სუსტი და ძლიერი მხარეები, ვთხოვეთ აუდიტის დეპარტამენტს, რომ შეესწავლა ფუნქციური დატვირთვა. მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი დისკომფორტს უქმნის“.
რაც შეეხება Facebook-ის პოსტს, დარახველიძემ აღნიშნა, რომ შსს-ში მოქმედებს ეთიკის კოდექსი და მიმდინარე საქმეებზე წინასწარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება, ეთიკური არაა: „ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ იმ ეთიკის კოდექსის, რომელიც შესაბამისი დანაყოფებისთვის დადგენილია, იმოქმედონ ეთიკის შესაბამისად“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)