ძველი ამბები

1919: ტერორისტული აქტი ვერის დაღმართზე

Tags

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 16 სექტემბერი, N207

ბოროტმოქმედება

13 სექტემბერს, დღის 12 საათზე და 55 წუთზე ვერის დაღმართზე, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილს N20, რომლითაც რუსთაველის ქუჩისკენ მიდიოდნენ შიგ მსხდომნი მოხალისეთა ჯარის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში კავალერიის გენერალი ბარათოვი, საქართველოს ჯარის გენერალ-ლეიტენანტი ოდიშელიძე და პოლკოვნიკი სელიმ გეორგის ძე ალხევი, ბოროტ-გამზრახველებმა ესროლეს ერთი მეორეზე ორი ყუმბარა. ორივე გასკდა ავტომობილის ქვეშ. ავტომობილის წინა ნაწილი ნაფოტებათ აქცია და მოკლა პოლკოვნიკი ალხევი, შოფერი ვასილ ჟუჟიაშვილი, მისი თანაშემწე შალვა სამათაძე, დაჭრილია ფეხებში გენერალი ბარათოვი და სახეზე გენერალი ოდიშელიძე. ჭრილობა ბარათოვისთვის საშიში არ არის.

ბოროტმოქმედს დაედევნენ მილიციონერები. იგი გაიქცა ყორგანოვის ქუჩით, მიირბინა იოანნე ღვთისმეტყველის ეკლესიამდე, ჩაეშვა ხევში მტკვრისაკენ ვერის ხიდზე გასაქცევათ, მაგრამ შეხედა თუ არა, რომ მას პირდაპირ ხვდებოდა სისხლის სამართლის ერთი აგენტთაგანი, გადახტა წყალში. ნავით იგი გამოიყვანეს ნაპირზე, აღმოჩნდა, რომ იგი მილიციელს დაეჭრა მძიმეთ; გონს მოუსვლელათ იგი გარდაიცვალა იქვე. გამოირკვა, რომ იგი არის რაჭის მაზრის, სოფელ წესის მცხოვრები არკადი ელბაქიძე (ცნობილი ბოლშევიკი).

მთავრობამ მინისტრთა-თავმჯდომარის და სამხედრო – შინაგან საქმეთა მინისტრის პირით, გამოუთქვა ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა პირადათ გენერალ ბარათოვს და  მოხალისეთა ჯარის მისიას მოხალისეთა ჯარის წარმომადგენელზე მოკავშირეთა სარდლობასთან ასეთ ბოროტი თავდასხმის გამო.

Related Articles

Back to top button