დაუჯგუფებელირესპუბლიკა 100

რა შეიძლება ვისწავლოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისგან?

Tags

საქართველომ ბოლო საუკუნის განმავლობაში ორჯერ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება-აღდგენა. დავა იმაზე, თუ რა გზით მოვიპოვეთ ეს ორი დამოუკიდებლობა არ წყდება. 1918 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას ხშირად „ფოსტით მიღებულს“ უწოდებენ, ხოლო 1991 წლის დამოუკიდებლობას კი ბრძოლითა და სისხლით მოპოვებულს. მეორე თეზისი ნამდვილად ახლოს დგას სინამდვილესთან. რაც შეეხება პირველ მტკიცებას, იგი აშკარად მცდარია. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ის წმინდად ბოლშევიკური, საბჭოთა დეზინფორმაციისა და პოსტ-საბჭოთა ქართული ნაციონალიზმის ერთგვარი ნაზავია, რომლის მიზანიც ისტორიული მოვლენის დაკნინება და დამახინჯებაა. ჩვენ შევეცდებით, 26 მაისზე და ამ დღის წყალობით მიღებულ გამოცდილებაზე მოგიყვებით.

1918 წლის 26 მაისს წინ უძღვოდა მოვლენების ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო, მაგრამ ისტორიულად  მწყობრი ჯაჭვი, რაც ათწლეულების განმავლობაში ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების განვითარებას გულისხმობდა. ეს ძალები უკვე მომწიფებული იყო საჭიროების შემთხვევაში ძალაუფლების ხელში ასაღებად და დამოუკიდებელი, სწრაფად განვითარებადი დემოკრატიული სახელმწიფოს შესაქმნელად.

ამ წერილისათვის ერთგვარ შთაგონებად 2019 წლის მარტ-ივნისში საქართველოს რეგიონებში პირველი რესპუბლიკის შესახებ გამართულ თხუთმეტამდე ღონისძიებაში მონაწილეობა იქცა. ამ შეხვედრებზე მოსული ასობით ადამიანი გაკვირვებით, სიამაყითა და სინანულით აღიქვამდა სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროგრესულ გამოცდილებას. გაკვირვებულნი იყვნენ იმითაც, თუ რამდენადაა ეს გამოცდილება დავიწყებული და უცხო დღეს. შეხვედრებისას წამოჭრილ დისკუსიებში მონაწილეები მუდმივად ავლებდნენ პარალელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და პოსტსაბჭოთა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის.  ახლად დამოუკიდებელი საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ნაწილი, ცხადია, მსგავსი იყო როგორც 1918, ისე 1990 წელს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საუკუნის წინანდელი და დღევანდელი პასუხები ამ გამოწვევებზე ხშირად რადიკალურად განსხვავებულია ხოლმე.

რა გამოწვევების წინაშე იდგა დემოკრატიული რესპუბლიკა?

  1. სამთავრობო ინსტიტუტების მშენებლობა

დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მემკვიდრეობით მიიღო რუსეთის საიმპერიო რეჟიმის, რუსეთის დროებითი მთავრობისა და კავკასიის ეფემერული რესპუბლიკის ფაქტობრივად მოშლილი და შეუმდგარი ინსტიტუტები, რომელთა ქმედუნარიანობა ძალზე დაბალი იყო.

ახლადშექმნილმა სახელმწიფომ 1918 წლის 26 მაისსვე დაამტკიცა კოალიციური მთავრობა და სწრაფად შეუდგა სამთავრობო ინსტიტუტების შენებას. სულ რამდენიმე კვირაში ჩამოაყალიბა მცირე ზომის სამინისტროები, რომელთა შტატების რაოდენობა 30-დან 100 კაცამდე იყო, მხოლოდ ძალოვანი უწყების სტრუქტურაში იყო თავმოყრილი 100 კაცზე მეტი. 

იმპერიის მემკვიდრეობით მიღებული ინსტიტუტების სწრაფადვე დაშალეს,  ამ ინსტიტუტებში დასაქმებულ რუს მოხელეებს კი ფინანსური კომპენსაცია – „სალიკვიდაციო სარგო“ – მიეცათ. 1919 წლის განმავლობაში სამინისტროები ერთმანეთს შეუერთეს და მათი საერთო რაოდენობა ამ გზით შეკვეცეს, თუმცა ამან მართვის ეფექტურობა შეამცირა და 1920 წლისათვის ფაქტობრივად კვლავაც აღდგა სამინისტროების პირველადი სტრუქტურა. სამთავრობო ინსტიტუტებში თანამშრომელთა შერჩევისას მხოლოდ კვალიფიკაცია წარმოადგენდა კრიტერიუმს და პარტიული ნიშნით  მხოლოდ მინისტრი და მინისტრის ამხანაგი (მოადგილე) ინიშნებოდა. აქედან გამომდინარე, ხშირი იყო დეპარტამენტის უფროსად, დიპლომატიურ წარმომადგენლად თუ სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ისეთი კადრების დანიშვნა, რომლებიც მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არ ეკუთვნოდნენ.

2. ადგილობრივი თვითმმართველობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური სპექტრისთვის უმნიშვნელოვანესი იყო თვითმმართველობების მძლავრი სისტემის შექმნა. გავლენიან პოლიტიკოსთა შეფასებებით თვითმმართველობები უნდა ქცეულიყო „სახელმწიფოდ სახელმწიფოში“, იმ თვალსაზრისით, რომ თავად უნდა წარემართა მაზრაში ყველანაირი საქმიანობა, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების ხელშეუვალ პრეროგატივას წარმოადგენდა – უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ვაჭრობა.

პოლიტიკური სპექტრი ყველა სახის დემოკრატიული რეფორმის საწყისად თვითმმართველობების რეფორმას მიიჩნევდა. სწორედ ამიტომ, რეფორმათა ჯაჭვში თვითმმართველობათა არჩევნები რამდენიმე თვით უსწრებდა საკანონმდებლო ორგანოს საყოველთაო არჩევნებს.

საბოლოოდ, 1918-1920 წლებში საქართველოს 20 მაზრასა და 26 ქალაქში მოეწყო თითმმართველობები. საუკუნის წინ თვითმმართველობათა კომპეტენციას წარმოადგენდა  ადგილობრივი გადასახადების შემოღება და აკრეფა, ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა საწარმოთა შექმნით, ადგილობრივი მნიშვნელობის მამულების განკარგვა, გზების მოვლა-პატრონობა, სკოლების (განსაკუთრებით, დაწყებითი დონის) დაარსება, საავადმყოფოებისა და ამბულატორიების მოწყობა, ადგილობრივ მომრიგებელ მოსამართლეთა არჩევა, ადგილობრივი საპოლიციო ორგანოების ჩამოყალიბება და არჩევა.  განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩეოდნენ თვითმმართველობები ახალი სკოლების შექმნაში. მაგალითისათვის, ქუთაისის მაზრაში, სადაც 1918 წლამდეც საკმაოდ ბევრი სკოლა ფუნქციონირებდა, მხოლოდ 1919 წელს 38 ახალი სკოლა შექმნა.

სენაკის სამაზრო ერობის ხმოსანთა პირველი ყრილობა, 1918 წელი.

3. განათლების რეფორმა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურებსა და მოქალაქეებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად განათლების ეროვნული სისტემის შექმნა მიაჩნდათ. ამ საქმეში მოქალაქეების ფართო მასების ჩართვა და საზოგადოების განათლების რეფორმის გარშემო კონსოლიდაცია უმნიშვნელოვანეს ამოცანად იყო დასახული. 1918 წლისათვის უმთავრეს პრობლემას სკოლათა და მასწავლებელთა სიმცირე, წერა-კითხვის ცოდნის დაბალი დონე, სასკოლო პროგრამებისა და წიგნების ქართულ ენაზე არარსებობა და რესურსების სიმცირე იყო.

1918 წლის ზაფხულშივე მოხდა რუსულენოვანი და სამრევლო (საეკლესიო) სკოლების გაეროვნულება და ნაციონალიზაცია (გაქართულება). მიზნად იქნა დასახული 1924 წლისათვის საქართველოს ყველა მოქალაქისათვის წერა-კითხვისა და, სულ მცირე, დაწყებითი განათლების მიღების უზრუნველყოფა. უმოკლეს ვადებში შეიქმნა მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსები და გაძლიერდა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1918 წლიდან 1921 წლის დასაწყისამდე სკოლათა რაოდენობა დაახლოებით 125%-ით, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა კი 110%-ით გაიზარდა, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ღარიბ მოსწავლეთა წიგნებითა და ტანსაცმელით უზრუნველყოფაზე, შეიქმნა სასწავლო პროგრამები ქართულ ენაზე. სახელმწიფომ ვალდებულებად აიღო უმაღლესი განათლების სრულად დაფინანსება.

რესპუბლიკამ მძიმე ფინანსური პრობლემების პირობებში გამონახა რესურსი 100-ზე მეტი ნიჭიერი მეცნიერისა და ხელოვანის ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად  გაგზავნისათვის.

რესპუბლიკამ შექმნა სპეციალური პროფესიული კურსები და სასწავლებლები.

შეიქმნა მძლავრი სასოფლო ბიბლიოთეკების მთელი ქსელი, გაძლიერდა არაფორმალური განათლების კერები სახალხო უნივერსიტეტების ქსელის სახით (განათლების რეფორმის შესახებ უფრო ვრცელი სტატიისათვის მიჰყევით ამ ბმულს).

საქართველოს პირველი განათლების სამინისტრო.
ფოტო ჟურნალიდან “თეატრი და ცხოვრება” N 7, 22 თებერვალი, 1920

4. აგრარული რეფორმა

აგრარული რეფორმის სწრაფი და წარმატებული გატარება ფაქტობრივად მთელი მემარცხენე პოლიტიკური სპექტრის მთავარი მოთხოვნა იყო, მემარცხენე პარტიები კი მოქალაქეთა დაახლოებით 95-96 %-ის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. აგრარული რეფორმა ჯერ კიდევ ამიერკავკასიის კომისარიატმა წამოიწყო, თუმცა პოლიტიკური კატაკლიზმების გამო ვერ განახორციელა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რეფორმის ახალი ჩარჩო 1918 წელს შემუშავდა, 1919 წლის იანვრიდან კი მისი ხორცშესხმა დაიწყო. ის პირველ რიგში გულისხმობდა სასოფლო-სამეურნეო მიწების აზომვა-აღირცხვასა და მაზრების მიხედვით საკადასტრო სტატისტიკის შედგენას. მეორე ეტაპზე, რეფორმის დებულებაში გათვალისწინებულ თითოეულ ოჯახზე კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო მიწის ზედა მარჟაზე მეტი (რეგიონების მიხედვით 5-დან 11 ჰექტრამდე მერყეობდა) ქონება კერძო და იურიდიულ პირებს ჩამოერთვა და მიწის ერთიან ფონდში ჩაირიცხა.

1918 წლისათვის სასოფლო სამეურნეო მიწები საკუთრების მიხედვით სამ ძირითად ჯგუფად იყოფოდა: საიმპერიო მამულები, რომლებსაც უშუალოდ მეფის მოხელეები განაგებდნენ; მეორე დიდი ფონდი ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენდა; ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი სასოფლო სამეურნეო მიწისა ეკუთვნოდა თავად-აზნაურობას. სახელმწიფომ ფაქტობრივად  საიმპერიო და საეკლესიო მიწების დიდი ნაწილის სრული ნაციონალიზაცია მოახდინა. კონკრეტულ ზღვარს ზემოთ არსებული მიწები ჩამოართვეს მემამულეებსა და თავად-აზნაურობასაც.

1919 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ჩამორთმეული მიწებისაგან შემდგარი საერთო მიწის ფონდის განაწილება გლეხებზე, რომლებიც მოსახლეობის 80%-ს შეადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ 1918 წლისათვის მათი მხოლოდ 20% ფლობდა მეურნეობისათვის საკმარის მიწის ნაკვეთებს. აქამდე სრულიად უქონელი გლეხმა სიმბოლურ ფასად მიიღო მიწის ნაკვეთი, რომელიც სრულებით საკმარისი იყო მისი ოჯახის უზრუნველყოფისათვის.

ოპოზიციური მემარცხენე პარტიები აპროტესტებდნენ გლეხებისათვის თუნდაც მცირე ფინანსური ვალდებულების დაწესებას და მოითხოვდნენ მიწის სრულიად უფასოდ  გადაცემას მათთვის, თუმცა მთავრობის პოზიციით, გლეხს მხოლოდ რეფორმის საორგანიზაციო ხარჯებისათვის საჭირო აუცილებელი საფასური უნდა გადაეხადა. მემარჯვენე პარტიები გმობდნენ მიწის ამგვარ რეფორმას და იცავდნენ მემამულეთა კერძო საკუთრების უფლებას.

5. სასამართლო რეფორმა

რუსეთის იმპერიისაგან მიღებულ მემკვიდრეობათაგან ადმინისტრაციის სიმახინჯესთან ერთად, ალბათ, ყველაზე პრობლემური სასამართლო სისტემა იყო. დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურმა სპექტრმა 1918 წლის ზაფხულიდანვე დაიწყო სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობა. საინტერესოა, რომ ამ რეფორმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი სოციალისტ-ფედერალისტი გრიგოლ გველესიანი იყო, მას სრულ მხარდაჭერას უცხადებდა სოციალ-დემოკრატიული პარტია.

სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა დაკავშირებული იყო მის დემოკრატიზაციასთან და მოქალაქეების ჩართვასთან. 1918 წელს საერობო რეფორმასთან ერთად შემოიღეს მომრიგებელ მოსამართლეთა განახლებული დემოკრატიული ინსტიტუტი, რომლის მოქმედებაშიც ჩართული იყვნენ მოქალაქეები. მომრიგებელი მოსამართლეებს დემოკრატიული გზით ღია კონკურსით თვითმმართველობები ირჩევდნენ. მათი როლი კერძო დავების მოგვარება იყო.

მეორე ტალღა შეეხო სასამართლო სისტემაში რიგითი მოქალაქეების უშუალოდ ჩართვას. კერძოდ, შემოღებული იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ეს რეფორმა არცთუ სწრაფი ტემპით გატარდა, რის გამოც დამფუძნებელი კრების ტრიბუნაზე და პრესაში არაერთხელ გამოითქვა კრიტიკა.

სასამართლო რეფორმის ბოლო, მესამე ტალღა, ერთგვარ გვირგვინს წარმოადგენდა მთლიანად სისტემის რეფორმირებისას. კერძოდ, 1919 წლის ზაფხულში დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა კანონი, რომელიც გულისხმობდა მართლმსაჯულების უზენაესი ორგანოს – სენატის შექმნას. სენატი იყო სასამართლო სისტემის უმაღლესი რგოლი, რომელიც შედგებოდა დამფუძნებელი კრების მიერ გამჭვირვალე და ღია კონკურსით შერჩეული და დამტკიცებული წევრებისაგან. 1919 წლის ოქტომბერში სენატი სრულად დაკომპლექტდა. სენატის წევრებს დამფუძნებელი კრება ამტკიცებდა.

საინტერესოა, რომ მაშინ, როცა დამფუძნებელი კრების მანდატების 80%-ზე მეტი სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა, მმართველ ძალას არც კი უცდია პოლიტიკურად მათდამი ლოიალური კანიდატები აერჩია. პირიქითაც კი მოხდა, არჩეულ წევრთაგან რამდენიმე, მათ შორის სოციალ-ფედერალისტი გრიგოლ გველესიანი და ეროვნულ-დემოკრატი ივანე ზურაბიშვილი, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წევრები იყვნენ.  სენატი თავისი 16 თვიანი არსებობის პირობებში არასდროს გამხდარა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. პირიქით, სენატორთა მაღალკვალიფიციურობიდან და კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე ეს ინსტიტუტი საზოგადოების ნდობას სრულად იმსახურებდა. 

შეჯამების მაგიერ

რეფორმათა ჩამონათვალის რიგის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუნდაც სოციალური დაცვისა და შრომის პოლიტიკით (ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე),  ანდაც საკანონმდებლო ორგანოს საყოველთაო არჩევნებით (ვრცლად იხილეთ აქ და აქ).

ხაზგასასმელია, რომ ყველა ეს რეფორმა მომზადდა და გატარდა მუდმივი საომარი მოქმედებების პირობებში – ომი სომხეთთან, სამხედრო შეტაკებები თეთრი არმიის ნაწილებთან, ბოლშევიკური აჯანყებები ქვეყნის შიგნით, შეტაკებები წითელ არმიის ნაწილებთან 1920 წლის გაზაფხულზე. ამავე დროს, მიმდინარეობდა ფაქტობრივად გამოუცხადებელი ეკონომიკური ბლოკადა – დენიკინმა სამხრეთ რუსეთიდან საქართველოსთვის სურსათის მოწოდება აკრძალა, ფაქტობრივად შეწყდა ეკონომიკური კავშირი ცენტრალურ რუსეთთან, ომის შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის გამო შეიზღუდა ტრანზიტი ოსმალეთის სრუტეების გავლით. რაც მთავარია, ყველა ზემოჩამოთვლილი რეფორმა გატარდა სულ რაღაც 33 თვის განმავლობაში.

რეფორმების არცთუ უმნიშვნელო წარმატების მთავარი მიზეზი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის კონსოლიდაცია, პროცესში საზოგადოების ფართო ფენების აქტიური მონაწილეობა და მემკვიდრეობით მიღებული მახინჯი სისტემის კარგად გააზრებული გარდაქმნა იყო.

Show More

Related Articles

Back to top button