რესპუბლიკა 100

დამფუძნებელი კრების არჩევნები (ნაწილი II)

ირაკლი ირემაძე თავისი სტატიის პირველ ნაწილში არჩევნებისათვის მოსამზადებელ პერიოდზე გვიყვებოდა. ამ ნაწილში, თავად კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობაზე შევჩერდებით.

საარჩევნო კამპანია

პარტიების მიერ წარმოებული საარჩევნო კამპანია ძირითადად ერგვაროვნებით ხასიათდებოდა. ტრადიციული პარტიები, რომელთაც გააჩნდათ ყოველდღიური პრესის ორგანო, საარჩევნო კამპანიას ძირითადად სწორედ ამ პერიოდული გამოცემების საშუალებით აწარმოებდა.

საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის საარჩევნო მიმართვა ქალაქისა და სოფლის მუშებისადმი – გაზეთი „შრომა“ – N29, 1919 წელი, 7 თებერვალი. თსუ-ის ბიბლიოთეკა

 

სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არაერთი გაზეთი და ჟურნალი ჰქონდა, თუმცა, ძირითადი  მაინც „ერთობისა“ და ქუთაისში გამომავალი „სოციალ-დემოკრატის“ საშუალებით აცნობდა ამომრჩეველს თავის პროგრამასა და პოლიტიკურ იდეებს.

საქართველოს ნაციონალური (ეროვნული) პარტიის საარჩევნო პლაკატი – გაზეთი „სალი კლდე“ – N31, 1919 წელი, 13 თებერვალი. თსუ ბიბლიოთეკა.

სოციალისტ-ფედერალისტური პარტია მოწოდებებსა და სლოგანებს ცენტრალურ ორგანოში „სახალხო საქმეში“ აქვეყნებდა, ასევე აქტიურად იყენებდა ქუთაისურ ყოველდღიურ გაზეთს „ხალხის მეგობარს“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გაზეთ „საქართველოს“ გვერდებზე აქვეყნებდა სციალისტური პარტიების პროგრამების კრიტიკას, თავისი ლიდერების საარჩევნო სტატიებს, მოწოდებებს, სლოგანებსა და საარჩევნო შეხვედრების აფიშებს.

სოციალისტ-რევოლუციონერთა გაზეთი „შრომა“ საარჩევნო თვის განმავლობაში თითქმის სრულად ეთმობოდა საარჩევნო მოწოდებებს. საარჩევნო აგიტაციას პრესის საშუალებით აქტიურად ეწეოდა ნაციონალისტური პარტია.

დაშნაკთა საარჩევნო კამპანია საკმაოდ მოკრძალებული იყო, რადგანაც 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომმა საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მათ წინააღმდეგ განაწყო. ამასთან მათი გაზეთი დეკემბერ-იანვრის თვეში დახურული იყო შინაგან  საქმეთა სამინისტროს მიერ.

თავიანთი მცირე გაზეთები ჰქონდათ რსდმპ-ს რადიკალ-დემოკრატიულ და მაშვრალთა პარტიას, თუმცა ეს გაზეთები ყოველდღიური და რეგულარული არ ყოფილა.

საგაზეთო საარჩევნო კამპანია მოიცავდა ძირითადი საარჩევნო დაპირებების მსხვილი შრიფტით დაბეჭდვას,   საკანდიდატო საარჩევნო სიების გამოქვეყნებას, ხშირად სიებში მყოფ პირთა მონაცემების (განათლება, საქმიანობის სფერო) თანდართვით.

იბეჭდებოდა პოლიტიკური პლაკატები. სოციალისტური პარტიები ცდილობდნენ ქართულის გარდა სხვა ენებზეც დაებეჭდათ მოწოდებები, მაგალითად სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ პლაკატები და მოწოდებები ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით პარტიებს შეეძლოთ მოეთხოვათ თავიანთი  საარჩევნო ბიულეტენების სხვადასხვა ენებზე დაბეჭდვაც. საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფორმა იყო სატირის გამოყენება მოწინააღმდეგეებთან შედარებისას.

ხშირად იყენებდნენ საარჩევნო ლექსებს, რომლებსაც იტაცებდა ამომრჩეველი, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლექსი ამგვარად გადმოგვცემს სოციალ-დემოკრატების უპირატესობას ეროვნულ-დემოკრატებთან მიმართებაში:

I
აი, აქვე ამ ადგილას
გამათავოს ზეცით მეხმა,
თუ ეროვნულ-დემოკრატებს
მივაშავო კვირას მე ხმა

II
ქადა მქონდეს, მჭადს მიუჯდე –
ასე არ ვარ მწირველი:
ეს „მეორე“ განზე იყოს:
მომე, ჩავაგდო პირველი!

IV
მე „პირველი ნომერი“ ვარ:
არ წააგებ მომეცი ხმა,
თუ გსურს თანაბრად იცხოვროს
რუს-ქართველმა და სომეხმა!

V
მე „მეორე ნომერი“ ვარ:
არ გაბრიყვდე მომეცი ხმა,
თუ გსურს თანაბრად იკვნესოს
უცხომა და ჩვენმა გლეხმა.

ამავე ლექსშივე შედარებული იყო ორივე პარტიის ლიდერები ნოე ჟორდანია და გიორგი გვაზავა:

ორ პოეტში რომელს არჩევ:
გვაზავას თუ მოხუც ჰომერს?

ორ ნომერში რომელს მისცემ:
მეორეს თუ პირველ ნომერს?

საარჩევნოდ პოეზიურ ფელეტონებს არც ოპოზიცია იშურებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიისადმი, სოციალისტ-რევოლუციონერთა გაზეთში დაიბეჭდა  „მარკიზე პასკვინოს“ ლექსი „სადღეისო“:

როცა დაგვესია ყველა მხრიდან მტრები
სოფლებში გაიქცნენ ჩვენი მინისტრები.
როცა აჯანყება ხდება ახალციხეს,
სოჭას დენიკინი იკავებს და იღებს –
ხომერიკი სოფლად მართავს დიდ მიტინგებს
და პარტიებს ესვრის მენშევიკურ ტლინკებს.
სოფლად მინისტრები თესავენ უმეცრებას –
გააესკედებენ დამფუძნებელ კრებას.
შეუყრიათ თავი მენშევიკ ძმობილებს,
დაარიგინებენ სულ ავტომობილებს.

ვერ ნახავ მინისტრს თავის დროზე მწირველს,
ხალხს მოუწოდებენ, რომ ხმა მისცენ „პირვლეს“.
ყველას დაავიწყდა ტანჯულ ხალხის საქმე…
ისევ გავჩერდე, წერტილს დავსვამ აქ მე,
თორემ რამიშვილი ხელს მოაწერს ორდერს,
რომ  ყველა ესერი თავიდან მოშორდეს.
ვიტყვი, – დაიხსომეთ, – თუ ვინმემ ქნას ხრიკი,
უსათუოდ არის დიდი მენშევიკი.

დამფუძნებელი კრების საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო საჯარო მიტინგები, რომელსაც პარტიების ლიდერები მართავდნენ ქალაქებსა და სოფლებში. პარტიები კამპანიის პროცესში მიტინგებთან ერთად აწყობდნენ საღამოებს სადაც გარდა აგიტაციისა ხდებოდა საარჩევნო ფონდისთვის შემოწირულობების შეგროვებაც. საღამოები იყო როგორც პოლიტიკური ხასიათის ასევე კულტურულ-შემოქმედებითიც.

 

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე გარანტირებული იყო საარჩევნო კამპანიის თავისუფლების დაცვის მექანიზმები, ოპოზიციური პარტიები აპელირებდნენ საარჩევნო პროცესში იმ პირთა ჩართულობაზე რომელსაც კანონი უკრძალავდა ამგვარ ქმედებებს, ეს ძირითადად ქალაქისა და მაზრების ადმინისტრაციებსა და მილიციას ეხებოდა. თუმცა საბოლოო შედეგების გამოცხადებისას ოპოზიცია აღნიშნავდა, რომ ამგავრ დარღვევებს საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია.

 

შედეგები

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საარჩევნო პლაკატი, რომელიც სხვადასხვა ენაზე დაიბეჭდა, 1919 წელი

1919 წლის 14,15 და 16 თებერვალს არჩევნები გაიმართა საქართველოს 13 მაზრასა და 16 ქალაქში. პოლიტიკური მიზეზების გამო არჩევნები გადაიდო სოხუმის ოლქში, ამ დროისთვის რეგიონში ადგილობრივი წარმომამდგენლობითი ორგანოს არჩევნები იყო დანიშნული.

სამხედრო მიზეზები გამო არჩევნები გადაიდო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრაში, სომხეთთან ახლად გამოვლილი კონფლიქტის გამო არჩევნები გადაიდო ბორჩალოს მაზრაში. არჩევნები ასევე გადაიდო საქართველოს მთიანეთში, სვანეთის მაზრაში და დუშეთის მაზრის მთიან ნაწილში.

 დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, 1919 წელი დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

უშუალოდ საარჩევნო დღეებმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მხოლოდ რამდენიმე უბანზე ჰქოდნა ექსცესებს ადგილი, მაგალითად დუშეთის ერთ-ერთ უბანზე ბევრად მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში ვიდრე  არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა იყო. საარჩევნო კომისიის მიერ გაუქმდა სულ რამდენიმე უბნის შედეგები, მათ შორის ქალაქ დუშეთის.

არჩევნების შედეგების გამოცხადება, სხვადასხვა მაზრის მიხედვით, პრესის ფურცლებზე  რამდენიმე დღეში დაიწყო. სოციალ-დემოკრატიული პრესა ზეიმობდა არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებას, ხოლო ეროვნულ-დემოკრატები, ფედერალისტები და ესერები ძირითადად ერთმანეთში დავობდნენ და ერთმანეთს აქილიკებდნენ სხვადასხვა უბანზე მიღებული მინიმალური შედეგების გამო.

პრესაში თითქმის ყველა მაზრისა და ქალაქის შედეგები გამოქვეყნდა. განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ოზურგეთის (გურიის) მაზრაში, სადაც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 80.6% გამოცხადდა. საინტერესოა, რომ ამ მაზრაში ხმების 95% სოციალ-დემოკრატიულმა პარტია მიიღო, თუმცა იმ პერიოდისათვის ამგვარი შედეგი ლოგიკური იყო, რადგანაც ტრადიციულად ეს რეგიონი პარტიის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა და ლიდერთა დიდი უმრავლესობა სწორედ გურული იყო.

პარტიამ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა გორის მაზრაში მოიპოვა სადაც ხმების 96.4% მიიღო. სხვა პარტიები ძირითადად მხარდაჭერას ქალაქების მოსახლეობაში იღებდნენ.

არჩევნებში ოქმის შევსების წესი, 1919. დაცულია ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

გამონაკლის წარმოადგენდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია რომლის ძირითად დასაყრდენს სამეგრელოს ორი მაზრა – ზუგდიდი და სენაკი წარმოადგენდა, განსაკუთრებით კი ზუგდიდის მაზრა, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი შედარებით დაბალი იყო, ხოლო სოციალისტ-რევოლუციონერების 30 % აღწევდა.

დამფუძნებელი კრების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი 1919 წლის 9 მარტს დაამტკიცა.

ოქმის თანახმად იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში სადაც არჩევნები გაიმართა საარჩევნო სიებში 831 324 ამომრჩეველი იყო შეყვანილი, ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 61% შეადგინა, უბნებზე 506 815 ამომრჩეველი გამოცხადდა. არჩევნებში ნამდვილი ხმების მიხედვით გამოითვალა 1/130 ანუ საარჩევნო მეტრი – 3 759 ხმა.

არჩევნებში ნამდვილი ხმების თითქმის 81% სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო, სოციალისტ-ფედერალისტურმა პარტიამ 6.7%, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ – 6%, სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ 4.2%, დაშნაკცუთიუნმა 0.6%, სხვა პარტიებმა კი  ჯამურად 1.5% ნაკლები. რეალურად გაუნაწილებელი (მეტრს მიღმა) ხმების რაოდენობამ 2.1% შეადგინა.

პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობით გამოითვალა კრებაში თითოეული პარტიის მიერ მოპოვებული მანდატები.

ძირითადი არჩევნების შედეგად მანდატები 4 პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო – სოციალ-დემოკრატიული პარტია – 109, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 8, სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 5, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია – 8. სხვა ვერცერთმა პარტიამ ვერ დააგროვა საარჩევნო მეტრზე მეტი ხმა.

დამატებითი არჩევნები

კლიმატური პირობების გაუმჯობესებისა და სამხედრო-პოლიტკური პრობლემების მოგვარების შედეგ, 1919 წლის აგვისტოში დაინიშნა დამატებითი არჩევნები ბორჩალოს, ახალციხის, ახალქალაქის მაზრების საქალაქო და სასოფლო უბნებზე, ასევე დუშეთის მაზრის მთიანეთსა და სვანეთის მაზრაში.

საინტერესოა, რომ დამატებით არჩევნებში ფაქტობრივად არ აქტიურობდა სოციალ-დემოკრატიული პარტია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე, პარიზში მყოფ კრების თავმჯდომარეს ნიკოლო ჩხეიძეს წერდა, რომ პარტია არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგანაც მიაჩნია, რომ აუცილებელია კრებაში უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები.

პირველი დამატებითი არჩევნების შედეგად კრების წევრის მანდატი მოიპოვეს ორმა ახალმა სუბიექტმა – დაშნაკცუთიუნმა 3, ხოლო ნაციონალისტურმა პარტიამ 1, კრების წევრის 1 დამატებითი მანდატი მოიპოვა სოციალისტ-ფედერალისტურმა პარტიამ. ოთხი მანდატი დაკარგა სოციალ-დემოკრატებმა, ერთი მანდატი კი ეროვნულ-დემოკრატებმა.

პარტიაივნისი 19181920
სოციალ-დემოკრატიული პარტია66102
სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია169
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია158
სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია96
დაშნაკცუთიუნი03
ეროვნული (ნაციონალისტური) პარტია02
რადიკალ-დემოკრატები30
უპარტიონი20
ინგილოთაგან10

1920 წლის გაზაფხულზე  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე დამატებითი არჩევნები დანიშნა აფხაზეთსა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამორჩენილ სხვადასხვა უბანზე.

სოციალ-დემოკრატიული პარტია კვლავ არ ჩაერთო საარჩევნო პროცესებში.  აფხაზეთში არჩევნები ფაქტობრივად არ შედგა, ამომრჩეველთა მხოლოდ მცირე ნაწილი გამოცხადდა უბნებზე.

მეორე დამატებითი არჩევნების შედეგად კვლავ შეიცვალა მანდატების თანაფარდობა კრებაში – სოციალ-დემოკრატიული პარტიას 102 მანდატამდე შეუმცირდა წარმომადგენლობა, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ კვლავ შეივსო მე-8 მანდატი, სოციალ-ფედერალისტებსა და დაშნაკცუთიუნს უცვლელად დარჩა 9 და 3 მანდატი, ხოლო ნაციონალისტურმა პარტიამ კიდევ ერთი მანდატი მოიპოვა.

საბოლოოდ ძირითად და დამატებით არჩევნებზე ჯამურად 618 916 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

საყოველთა არჩევნების შედეგად არჩეული დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა რუსეთის „თებერვლის რევოლუციის“ თარიღს – 12 მარტს დაამთხვიეს. პირველი სხდომის გახსნა მთელს რესპუბლიკაში და განსაკუთრებით კი დედაქალაქში დიდ ზეიმად გადაიქცა.

დასკვნა

დამფუძნებელი კრების არჩევნებს დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ 1918 წლის 26 მაისიდან ქვეყნის დროებითი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას, არაპირდაპირი წესით არჩეული მაგრამ, მრავალპარტიულ და საკმაოდ წარმომადგენლობით ეროვნულ საბჭო ასრულებდა და აღმასრულებელი ხელისუფლებაც კოალიციური შემადგენლობის იყო,   მაინც მუდმივად გაისმოდა საჭიროება ქვეყნის მართვა გადასცემოდა დემოკრატიულად არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს.

რესპუბლიკის ხელისუფლებაც და პოლიტიკური პარტიებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში და მძიმე პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად,  მომზადებულიყვნენ არჩევნებისთვის და რესპუბლიკის მოქალაქეებს თავისუფალი არჩევნების გზით განესაზღვრათ ქვეყნის განვითარების ხაზი.

მრავალპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული არჩევნების დებულება ფაქტობრივად მოიცავდა იმ პერიოდის თითქმის ყველა პროგრესულ ხედვას, სქესთა თანაბარი საარჩევნო უფლებების,  საარჩევნო ბარიერებისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის რეგულაციებთან მიმართებაში.

საარჩევნო კამპანიისას პარტიები მაქსიმალურად ცდილობდნენ თავიანთი პროგრამები და ძირითადი დაპირებები  მიეტანათ ამომრჩევლებამდე, ეს პროცესი არა მხოლოდ მოსაწყენ ტრაფარეტულ მოწოდებებში გამოიხატებოდა, არამედ სატირულ და ლირიკულ პროზითა თუ პოეზიით, იუმორისტული კარიკატურებითა პლაკატებით. პარტიები ნაკლებად თუ მიმართავდნენ თვითცენზურას.

არჩევნების საბოლოო შედეგები მართალია დამფუძნებელ კრებაში ერთი პოლიტიკური პარტიის სრულ დომინაციას განსაზღვრავდა, მაგრამ, თავად პოლიტიკური პარტიებს შორის თანამშრომლობის მზაობა ოპოზიციურ პარტიებს საკმაო გავლენას ანიჭებდა. თავად დამფუძნებელ კრებაში 6 ძირითადი თანამდებობიდან 3 ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს. ოპოზიციის წარმომადგენლები იკავებდნენ კრების ძირითადი კომისიების თავმჯდომარის პოსტებსაც.

 

ირაკლი ირემაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი.

Back to top button