Placeholder canvas
რესპუბლიკა 100

„შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა”

ირაკლი ირემაძე ამჯერად პირველ რესპუბლიკაში შრომის უფლებასთან პარტიების დამოკიდებულებაზე და პროფკავშირების გავლენაზე მოგვითხრობს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია აცხადებდა – „შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა“.

1921 წელს მიღებულ კონსტიტუციამდე, რესპუბლიკა და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია მუშათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, თუ მოქალაქეთა სოციალური დაცვისათვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ჩარჩოებს ქმნიდა, თუმცა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური პრობლემებისა და არამდგრადი ფისკალური მდგომარეობის გამო, ხელისუფლების ძალისხმევა ნაკლებად ეფექტიანი იყო.

დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მუშებთან ახლოს იყო, თუმცა სხვა კლასებთან მიმართებაში ხელოვნური უპირატესობის შექმნას არ ცდილობდა.

დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი თავის წიგნში „საქართველოს ეროვნული მეურნეობა“, წერდა:

„ბევრის წარმოდგენით, თუმცა დამოუკიდებელ საქართველოში ნივთიერი გასაჭირი დიდი იყო, მაგრამ, რადგან ხელისუფლება სოციალისტებს ეჭირა, მუშები დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ და ამიტომ საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ საზოგადოების ფართე წრეებთან შედარებით. სამწუხაროდ ეს ასე არ ყოფილა“.   

რესპუბლიკამდელი გამოცდილება

დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველი პარტიის კავშირი მუშათა ჯგუფებთან და პარტიისათვის შრომის საკითხების პრიორიტეტულობა სათავეს ფაქტობრივად პარტიის დაარსებიდან იღებდა.

1892 წელს შექმნილი პოლიტიკური ძალა, თავის პირველივე პროგრამაში საუბრობდა შრომის, როგორც ეკონომიკური განვითარების მთავრი საყრდენის გაძლიერებაზე და ამ კუთხით მთელი ერის განვითარებაზე.

1890-იანი წლების შუა ხანებიდან ქართული სოციალ-დემოკრატია დაუახლოვდა და ფაქტობრივად შეერწყა მუშათა ჯგუფებს, შექმნა მუშათა წრეები. თავდაპირველი საქმიანობა მიმართა მუშათა წრეების შეკავშირებისა და მათთვის კითხვის წრეების შექმნისკენ. თბილისის გარდა მუშათა წრეები შეიქმნა ბათუმში, ტყიბულსა და ჭიათურაში.

სოციალ-დემოკრატიული პარტია, რუსეთის იმპერიის არსებობის პირობებში, წარმოადგენდა მთავარ მაორგანიზებელ ძალას მუშათა უფლებებისათვის მოძრაობაში, მუშათა გაფიცვებში და მუშათა პოლიტიკური მოთხოვნების ფორმულირების პროცესში.

მუშათა თავდაპირველი მოთხოვნები საკმაოდ მოკრძალებული იყო, მაგალითად გულისხმობდა სამუშაო დღის 12-14 საათამდე შემცირებას და ანაზღაურების მცირედით (10-20%) გაზრდას.

1905 წლის რევოლუციის შემდეგ საიმპერიო ხელისუფლება და დამსაქმებლები მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ დათმობებზე წავიდნენ.

ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, რეჟიმის დათმობების წყალობით, უკვე ლეგალური პროფკავშირების დახმარებით გააფართოეს მუშათა წრეები და განსაკუთრებით კი ამ წრეებში საგანმანათლებლო საქმიანობა.

შეიქმნა სახალხო უნივერსიტეტები, რომლებიც მოქალაქეებისთვის და, განსაკუთრებით, მუშებისთვის განათლების მიღების ფაქტობრივად ერთადერთი საშუალება იყო.

სახალხო უნივერსიტეტები, არაფორმალური განათლების მეთოდებით მუშებს აცნობდა ევროპის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, მიმდინარე მოძრაობებს, ისტორიას, ეკონომიკას, ჯანმრთელობის საკითხებს, ლიტერატურასა და სხვა მრავალ თემას.

უკვე ლეგალურად მოქმედი პროფკავშირების წევრთა რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა. თუმცა, ამგვარი პროცესები ხანმოკლე აღმოჩნდა. რევოლუციის დამარცხებიდან მალევე გამკაცრდა საიმპერიო რეჟიმი, სოციალ-დემოკრატიული პარტიაც და პროფესიული კავშირებიც შეავიწროვეს, ხოლო საგანმანათლებლო წრეების მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

პროფესიული კავშირების ხელახლა ფორმირება და გაძლიერება 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო.

1917 წლის ბოლოს, თბილისში გამართულ პროფკავშირების ყრილობაზე უკვე 41 პროფესიული გაერთიანება იყო წარმოდგენილი, რომლებიც 29 000-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებდა.

თუ თავდაპირველად სოციალ-დემოკრატიული პარტია დაკავშირებული იყო სამრეწველო მუშებთან, ძირითადად ამიერკავკასიის სარკინიგზო დეპოში, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, ჭიათურისა და ტყიბულის მაღაროებში, თბილისის დიდ ქარხნებში და სტამბებში. უკვე 1910-იანი წლებიდან პარტია დაუახლოვდა მომსახურების სფეროში მომუშავეებსაც (აფთიაქარები, მკერავები და სხვ).

პოლიტიკურ სუბიექტთა ხედვები შრომის საკითხებთან დაკავშირებით

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური სპექტრი ძირითადად მემარცხენე პოლიტიკური ძალებით იყო წარმოდგენილი.

მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიათა გავლენა და მხარდაჭერა საზოგადოებაში 5%-საც კი არ აღემატებოდა. მემარცხენე პარტიები, თავიანთი იდეოლოგიური ღირებულებებიდან გამომდინარე მოქალაქეთა სოციალურ უფლებების დაცულობას, მათ შორის შრომის საკითხებს დაკავშირებით უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევდა.

ძალზე საინტერესოა, რომ ყველაზე გავლენიანი მემარჯვენე პოლიტიკური ძალა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, შრომის საკითხებსა და მუშათა უფლებებს არა მხოლოდ პრიორიტეტულად განიხილავდა, არამედ მისი დაცვის მკაფიო მოთხოვნებსაც აყალიბებდა.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის 1917 წლის პროგრამაში ცალკე თავად იყო გამოტანილი აღნიშნული საკითხები, პროგრამა განსაზღვრავდა – „3. თავისუფლება გაფიცვისა და კავშირებისა; 4. მუშათა სავალდებულო დაზღვევა უბედურ შემთხვევისა და შრომის უნარის დაკარგვისაგან; 5. საქარხნო-სამრეწველო წარმოებაში სამუშაო დღის შემცირება. უახლოეს დროში; 8 საათიანი სამუშაო დღის შემოღება;  6. ყველა წარმოებაში სანიტარულ და ჰიგიენურ მოთხოვნილებათა დაცვა;  7. აკრძალვა ბავშვების მუშაობისა ფაბრიკა ქარხნებში 16 წლამდე და საზოგადოდ მცირეწლოვანთათვის მუშაობის შემცირება; 8. ქალთა და მცირეწლოვანთათვის მუშაობის სრულიად აღკრძალვა, სადაც ეს მათის ჯანმრთელობისა და აგებულებისათვის მავნებელია;  9. სახელმწიფო ვალდებულია ყველა მკვიდრს სამუშაო უპოვნოს; 10. შრომის ინსპექცია, როგორც ქალაქის ისე სოფლის მუშებისათვის; 11. შრომის დაცვის კანონების დარღვევა სისხლის სამართლის წესით უნდა ისჯებოდეს.“

რესპუბლიკის პოლიტიკური სპექტრის მემარცხენე ფლანგზე 3 გავლენიანი პოლიტიკური პარტია იყო განლაგებული.

ყველაზე დიდი, ყველაზე ძველი და გავლენიანი სოციალ-დემოკრატიული პარტია, ევროპული ტიპის სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა, რომელიც მემარცხენე ცენტრისტულ პოზიციაზე იდგა.

ცენტრიზმისაკენ გადახრა პარტიამ დიდწილად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, როცა რადიკალური მემარცხენე იდეები, პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე, მეტნაკლებად დაბალანსდა. პარტია იძულებული იყო ანგარიში გაეწია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისათვის, შეექმნა ნიადაგი ევროპელი კაპიტალისტების მოზიდვისათვის, რაც იმ პერიოდისათვის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ყველაზე რეალურ ნაბიჯს წარმოადგენდა. თუმცა, პარტია არ ივიწყებდა პასუხისმგებლობას შრომისა და მუშათა საკითხებთან მიმართებაში.

სოციალ-დემოკრატიული პარტია საარჩევნო პლატფორმაში აცხადებდა: „რვასაათიანი სამუშაო დღე ყველა დაქირავებული მუშისათვის სავალდებულო ყოველკვირეული დასვენებით არანაკლებ 42 საათისა; ზედმეტი მუშაობის სრულად მოსპობა იქ, სადაც ის აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს; 16 წლამდე ბავშვების მუშაობის აკრძალვა; მცირეწლოვანთა და ქალთა შრომის შეზღუდვა… დაცვა და მრეწველთა პასუხისმგებლობა უბედური შემთხვევების გამო… პარტია მოითხოვს სახელმწიფო დაზღვევას – ავათმყოფობისა, მოხუცებულობისა და უმუშევრობისაგან… მოითხოვს შრომის ინსპექციას… დასასრულ, სოციალ-დემოკრატები მოითხოვენ შრომის კანონის დარღვევისათვის დამქირავებელთა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემას, მომრიგებელი კამერებისა და შრომის ბირჟების ყველა ადგილას დაარსებას“.

საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური სარევოლუციო პარტია თავის საარჩევნო პლატფორმაში  „მშრომელ ხალხს“  აყალიბებდა პოზიციას, რომელიც ფაქტობრივად სრულად თავსდებოდა მმართველი პარტიის პროგრამის ძირითად დებულებებში. სოციალ-ფედერალისტებიც მოითხოვდნენ  8 საათიან სამუშაო დღეს, შრომის პირობების გაუმჯობესებას, სავალდებულო დაზღვევას, ქალთა და მცირეწლოვანთა შრომის მკაცრ რეგლამენტაციას. მაგრამ აქვე ამატებდნენ რომ, აუცილებლებელი იყო საწარმოთა მართვაში მუშებისა და მუშათა გაერთიანებების როლის ზრდა –  „მოვითხოვთ, რომ გაძლიერდეს მუშა ხალხის როლი და გავლენა მრეწველობა-წარმოებაში და დაწესდეს მისი მონაწილეობა მრეწველობის მართვა-გამგეობაში და მუშებს მიეცეთ ნაწილი მოგებისა“.

რვასაათიანი სამუშაო დღის დაწესება, გარანტირებული დასვენება, ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა – ძირითადად, ამ მოთხოვნებს ეფუძნებოდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის საარჩევნო პლატფორმაც. ეს პარტია თავის პროგრამაში, სხვა მემარცხენე სუბიექტებისგან განსხვავებით ამატებდა – „სახელმწიფოებრივი დაზღვევა სახელმწიფოსა და კაპიტალისტის ხარჯზე… სოციალისტ-რევოლუციონური პარტია მოითხოვს მინიმალური ხელფასის დაწესებას და წარმოებაზე მუშათა კონტროლს“.

პროფკავშირები

დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობით, მოქალაქეებს ჰქონდათ მინიჭებული სრული თავისუფლება შეექმნათ გაერთიანებები, მათ შორის რაღა თქმა უნდა პროფესიული გაერთიანებები.

პროფკავშირების საბჭოს პროფკავშირების საბჭოს პრეზიდიუმი:
მარცხნიდან: პეტრე კავკასიძე, არჩილ რუხაძე , ? , ალფეზ ხელაძე, მუხრან ხოჭოლავა.

1919 წლის 11-16 აპრილს თბილისში პროფკავშირების კონფერენცია გაიმართა. პროფკავშირთა კონფერენციაში მონაწილეობა 113 პროფესიულმა გაერთიანებამ მიიღო, რომელსაც 198 დელეგატი წარმოადგენდა.

1919 წლის ყრილობაში მონაწილე პროფკავშირები დაახლოებით  64 000 მუშას აერთიანებდა.

კონფერენცია 6 დღეს გაგრძელდა და აქტიური მუშაობა განახორციელა. კონფერენციას სოციალ-დემოკრატი მუხრან ხოჭოლავა ხელმძღვანელობდა. სხდომებში მონაწილეობდნენ დამფუძნებელი კრების წევრები.

შრომის სამინისტროს სახელით, მოხსენება გააკეთა შრომის მინისტრის

გიორგი ერაძე, შრომის მინისტრის მოადგილე.

ამხანაგმა გიორგი ერაძემ, რომელმაც სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა და პროფკავშირებს სამომავლო გეგმების  შემუშავებაში ჩართულობა სთხოვა.

კონფერენციამ აირჩია 19 წევრისგან შემდგარი პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭო და საბჭოს 8 კანდიდატი, ასევე – 7 წევრისგან შემდგარი ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.

პროფესიული კავშირები, ინსტიტუციურად, ნეიტრალურ და დამოუკიდებელ ორგანიზაციებს წარმოადგენდა.

თუმცა, რეალურად, ამ კავშირთა წევრების უდიდესი ნაწილი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული, პროფესიულ კავშირთა წევრების 90%-ზე მეტი სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმოადგენდნენ.

პროფკავშირების აშკარა პოლიტიკური სიმპათიები მმართველი პარტიისადმი, მუშებში ხშირად უნდობლობას იწვევდა.

ეს გამოიკვეთა 1919 წლის გაზაფხულზე თბილისის ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურეთა გაფიცვის დროს. გაფიცვის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებაში ჩაერთო პროფკავშირების საბჭო.

გაფიცულთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ ყოფილი საიმპერიო მმართველობისას მომუშავე მოხელეები, რომელთა მიმართ ნდობა არც საზოგადოებაში არსებობდა და არც პროფკავშირებში.

ამასთანავე, გაფიცულთა დიდი ნაწილი სომეხი ან რუსი იყო. პროფკავშირთა ცენტრალურმა საბჭომ გაფიცულთა შესახებ განაცხადა: „მუშათა წრეში გაფიცვის კომიტეტს შეჰქონდა სრული დეზორგანიზაცია და მუშებს უმტკიცებდა, პროფესიონალური კავშირების საბჭო მუშათა ინტერესების უარისმყოფელიაო. ამგვარად, პროვოკაციამ უკვე მოიტანა თავისი სამწუხარო შედეგი, ზოგიერთი კავშირები ცენტრალური საბჭოს დადგენილებას არ ეთანხმებიან და ამრიგათ გათიშვის გზას ადგიან. რა შედეგი მოჰყვება ასეთ ნაბიჯებს, ამგვარ გათიშვას და დეზორგანიზაციას? შედეგი ერთად ერთი იქნება: დემოკრატიული ფრონტის დარღვევა, დემოკრატიის დაუძლურება, უთანხმოება, ანარქია და სამოქალაქო ომი. 

ამას კი აუცილებლათ დაერთვის ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის დაღუპვა. ამხანაგებო, მუშათა კლასის საქმე განსაცდელშია. ყოველივე ეს, რისთვისაც ამდენი ოფლი და სისხლი დაღვარა ჩვენმა დემოკრატიამ, უნდა დაიღუპოს, თუ დემოკრატიის და პროლეტარიატის შეგნებული ნაწილი ფრთხილათ არ იქნება და მტკიცედ არ იდგა რევოლუციის სადარაჯოზე… მუშათა კლასს ჰმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებული გამჭრიახობა და სიმტკიცე. მარტო გარედან მომდგარმა მტერმა ვერა გააწყო რა, ახლა მტერი შიგნიდან ცდილობს დემოკრატიის ციხის გატეხას… ძირს განხეთქილება და დეზორგანიზაცია! გაუმარჯოს მუშათა მოძრაობის გაერთიანებულ ფრონტს და მთლიანობას!“

ცნობილი გერმანელი სოციალისტი თეორიტიკოსი კარლ კაუცკი საქართველოს პროფკავშირებსა და მის საქმიანობის შესახებ, თავის წიგნში “საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა : დაკვირვებებანი და შთაბეჭდილებანი” წერდა – პროფკავშირების ორგანოები და მისი მისწრაფებები დასავლეთ-ევროპულს ჰგავს, მაგრამ მომეჩვენა, რომ პროფკავშირები საგრძნობ დაქსაქსულობას განიცდიან.

თუმცაღა, მოძრაობა, რომელიც სულ რაღაც სამი წლისაა, სრულყოფილი ვერ იქნება. იმის გამო, რომ ორგანიზაცია ახლად ჩამოყალიბებულია, მისი ინტერესი არ არის ვიწრო და მხოლოდ პროფესიული.

იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ მუშათა საკითხებით, არამედ კონცენტრირებულია მთელ საზოგადოებაზე. ეს თვალსაჩინოდ იკვეთება პროფკავშირების დამოკიდებულებაში გაფიცვის მიმართ.

ისინი გაფიცვას პროლეტარიატის კლასობრივ ბრძოლაში ყველაზე ბასრ იარაღად მიიჩნევენ. თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროფკავშირები ამას, ცხადი ხდება იმ ფაქტით, რომ ისინი კონსტიტუციაში გაფიცვის უფლების ასახვას ითხოვენ. მათ ისიც კარგად იციან, რომ ეს მრისხანე იარაღი მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. მათთვის ახლანდელი ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე გაფიცვა შეუსაბამო ჩანს, ამიტომაც იგი აქტუალურად არ ეჩვენებათ“.

პროფესიული კავშირები დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო საქმიანობაში. პროფკავშირების ფინანსური ხელშეწყობით ფუნქციონირებდა მუშათა კლუბები, ჟურნალ-გაზეთები, სახალხო უნივერსიტეტები, მუშათა თეატრები.

პროფკავშირების ქალთა გაერთიანებები ხშირად მართავდა საქველმოქმედო ღონისძიებებს პროფკავშირთა წევრების დასახმარებლად და რესპუბლიკის სამხედრო ფრონტის გასაძლიერებლად. პროფკავშირები ზრუნავდა კავშირის წევრთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციაზე.

გაფიცვები

რესპუბლიკის მუშები, იყენებდნენ კანონით მინიჭებულ გაფიცვის უფლებას გამოუვალ მდგომარეობაში.  1918 წლის აგვისტოში მასშტაბური გაფიცვა მოაწყვეს ტყიბულის მაღაროს მუშებმა, რომლებიც ანაზღაურების გაორმაგებას მოითხოვდნენ. ეკონომიკური პირობების გამო, 1919 წლის ივნისში გაიფიცნენ  სახელმწიფო მამულში მომუშავეები სოფელ ვარციხეში.

მათთან შეთანხმებისთვის მოლაპარაკებები შრომის მინისტრმა ხომერიკმა აწარმოა. შრომის მინისტრმა და მისმა ამხანაგმა წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოეს ფოთის პორტის მუშების გაფიცვის დასრულებისა და მუშათა მოთხოვნების ეტაპობრივად შესრულებისთვისაც.

1919 წლის ოქტომბერში გაიფიცნენ თბილისის აფთიაქების თანამშრომლები, რომლებმაც, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, სატარიფო პალატას მიმართეს, თუმცა მაშინ პალატამ  გაფიცულთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

შრომის სამინისტრო და სატარიფო პალატა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, კოალიციურ მთავრობაში შრომის საკითხები დაექვემდებარა მიწადმოქმედების, შრომისა და გზათა სამინისტროს. მინისტრ ნოე ხომერიკის ერთი-ერთი ამხანაგი (როგორც მაშინ მოადგილეს უწოდებდნენ) კურირებდა შრომის საკითხებს, მონაწილეობას იღებდა გაფიცვების რეგულირების პროცესში, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მიმდინარე დავებში.

1919 წლის მარტში სოციალ-დემოკრატების მცირე მთავრობის კაბინეტშიც შენარჩუნდა მიწადმოქმედების, შრომისა და გზათა სამინისტრო თავისი ფუნქციებით, ხოლო 1919 წლის ბოლოს, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ინიციატივით შეიქმნა მომარაგების (სურსათისა) და შრომის სამინისტრო.

მინისტრის პოსტი ხომერიკის ყოფილმა ამხანაგმა გიორგი ერაძემ დაიკავა. ოპოზიცია ერაძეს ძირითადად სასურსათო კრიზისის მოუგვარებლობის გამო აკრიტიკებდა, თუმცა არც შრომის საკითხების მოუგვარებლობას ივიწყებდა.

საქართველოს  პროფესიულმა კავშირებმა, 1919 წლის აპრილში გამართულ კონფერენციაზე მიიღო შრომის საკითხებისა და შრომის დავების  მოგვარების ეფექტური და მრავალმხრივი დაწესებულების – სატარიფო პალატის – შექმნის გადაწყვეტილება .

სატარიფო პალატა კომპლექტდებოდა დამსაქმებლების, მუშათა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლებისგან, განსაზღვრული პარიტეტის საფუძველზე. პალატის საქმიანობას ფორმალურად შრომის მინისტრი ხელმძღვანელობდა. პალატის წინაშე საკითხების დასმა შეეძლოთ მუშებსა და დამსაქმებლებს.

ვლადიმირ ვოიტინსკი, (1885 სანკტ-პეტერბურგი – 1960, ვაშინგტონი): სოციალ დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან, ჯერ ბოლშევიკებს ემხრობოდა, თუმცა ლენინის “აპრილის თეზისებთან” უთანხმოების გამო მენშევიკებისკენ გადაიხარა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დააპატიმრეს, შემდეგ გამოუშვეს და საქართველოსკენ გამოემგზავრა, იყო მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჯერ ევროპაში, ძირითადად გერმანიაში მოღვაწეობდა, შემდეგ კი აშშ-ში, სადაც მონაწილეობა მიიღო “ახალი კურსის” შემუშავებაში, როგორც ფრანკლინ დ. რუზველტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.

ცნობილი ეკონომისტი და საქართველოს მთავრობის მრჩეველი ვლადიმირ ვოიტინსკი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ პარიზში გამოცემულ წიგნში “ქართული დემოკრატია”,   სატარიფო პალატის შესახებ წერდა – „სატარიფო პალატის მიზანია ცალკეულ შრომით სფეროში ხელფასების დარეგულირება. პალატის ძირითადი ფუნქციებია:

  1. საკვები პროდუქტების ბაზრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
  2. მონაცემების მოპოვება ხელფასების შესახებ;
  3. დასკვნების დადება საარსებო ხარჯის მომატებასთან დაკავშირებით;
  4. მუშების მოთხოვნების შესახებ აზრის დაფიქსირება;
  5. კოლექტიური კონტრაქტების შესწავლა და რატიფიცირება;
  6. საარსებო საშუალო მინიმუმის დადგენა რესპუბლიკის მასშტაბით;
  7. სახელფასო თანხის დადგენა პროფესიების, ინდუსტრიების, რეგიონების მიხედვით;
  8. სხვადასხვა ინდუსტრიულ სფეროში სამუშაოს პროდუქტიულობის „სტანდარტის“ დადგენა;
  9. ანაზღაურების ნორმების დადგენა;
  10. სავალდებულო არბიტრაჟის განხორციელება ხელფასების სფეროში;
  11. განაკვეთური ხელფასის პერიოდული და საგანგებო შემოწმების თარიღების დანიშვნა;
  12. სპეკულაციისა და საარსებო ხარჯის მატების დასამარცხებლად ზომების მიღება;
  13. რესპუბლიკის პროდუქტიულობის განვითარებისა და ხელფასის რეგულაციის საკითხის შესწავლა;
  14. შრომის სამინისტროსთვის განსახილველი კანონებისა და ბრძანებულებების პროექტების გადაცემა”.

კარლ კაუცკი სატარიფო პალატის, როგორც ინსტიტუტის, შესახებ აღნიშნავდა: „ამ უწყებამ დღევანდლამდე ყველა სახის ღია კონფლიქტის თავიდან არიდება მოახერხა. 1919 წლის მაისიდან მოყოლებული, როდესაც მან ფუნქციონირება დაიწყო, პროფკავშირებს არც ერთი გაფიცვა არ მოუწყვიათ, მიუხედავად იმისა, რომ, ბოლშევიკური რუსეთისაგან განსხვავებით, გაფიცვა აკრძალული არ ყოფილა – ამ თვალსაზრისით, საქართველო უნიკალურია“.

1919 წელს შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა სატარიფო პალატის შესახებ ძირითადი თეზისები – „სატარიფო პალატა და მისი მიზანი“. სამინისტრომ, დამფუძნებელი კრების თანხმობით მიიღო გადაწყვეტილება შექმნილიყო შრომის ბირჟები და შრომის კომისიები.

შრომის ბირჟების შექმნის ვალდებულება ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობებსაც, თუმცა ბირჟების საქმიანობა ვერ წარიმართა ეფექტურად და მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდა ბირჟების დახმარებით.

შრომის უფლებების რეგლამენტაცია

1920 წლის  ზაფხულში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ „შრომის ხელშეკრულების“ კანონი დაამტკიცა. თავდაპირველად კანონპროექტი ოპოზიციურმა ფრაქციებმა გააპროტესტეს, მემარჯვენე ეროვნულ-დემოკრატები მთავრობას მრეწველობაზე ზეწოლაში ადანაშაულებდა და კანონში მხოლოდ მუშათა უფლებების ასახვას ედავებოდა, მრეწველების მოთხოვნების უგულვებელყოფაზე მიუთითებდა.

მემარცხენე პარტიები სოციალისტ-ფედერალისტები და სოციალისტ-რევოლუციონერები, კანონში ასახულ დებულებებს არასაკმარისად მიიჩნევდნენ, სოციალ-დემოკრატებს კი ბურჟუაზიული იდეების დაცვასა და გატარებაში ადანაშაულებდნენ.

კანონი განსაზღვრავდა მოქმედების არეალს – „ამ კანონს ექვემდებარება შრომის ყოველი ხელშეკრულება, რომლითაც ერთი პირი – დაქირავებული – თავის სამუშაო ძალას აძლევს სხვა პირს – დამქირავებელს – განსაზღვრული ვადით ან გარიგებულ სამუშაოს დამთავრებამდე და ვალდებული ხდება, დამქირავებლის მიერ ნაჩვენები განსაზღვრული სახის მოქმედება შეასრულოს სასყიდლით – სამუშაო ფასით, რომელიც აღირიცხება დროის მიხედვით, ვაჭრობით ან სხვა საშუალებით“.

კანონი უშვებდა გამონაკლისებს გარკველ სფეროებთან მიმართებაში, რომელიც სპეციფიურ შრომას მოითხოვდა.  კანონის თანახმად შრომითი ხელშეკრულების ორი სახე იყო დაშვებული, პირადი და კოლექტიური.

კანონი მკაცრ რეგლამენტაციას უწევდა   კოლექტიური ხელშეკრულების პირობებს. მასში მკაფიოდ იყო განსაზღვრული დამქირავებლისა და დაქირავებულის უფლებები და მოვალეობები.

კანონი განსაზღვრავდა დამქირავებლის ვალდებულებას, უზრუნველეყო შესაფერისი გარემო და აენაზღაურებინა მკურნალობის ხარჯები, თუკი სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობას ზიანი მიადგებოდა.

კანონის მე-13 თავი განსაზღვრავდა შრომითი ხელშეკრულების გაუქმების რეგულაციებს. განსაზღვრული იყო დამქირავებლისა და დაქირავებულის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის პირობებიც.

კანონის 84-ე მუხლით, შრომითი უფლებების დამრღვევი ისჯებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

1920 წლის ბოლოს შემოღებული იქნა შრომის სავალდებულო ბეგარა 14-35 წლის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ამ კანონმა, ვერ იმუშავა. სამინისტროსა და პროფკავშირების საქმიანობის შედეგად, შემოიღეს პენსია მშრომელთათვის, რომლებმაც სამუშაო ადგილზე დაკარგეს შრომის უნარი და მიიღეს საწარმოო ტრავმა.

ქვეყანაში არსებული ინფლაციის პირობებში, სახელმწიფო ცდილობდა, გაეზარდა პენსია. პენსიონერები, მეტწილად, რკინიგზის მუშები იყვნენ.

შრომის კანონმდებლობის გარანტიები ჩადებული იყო 1921 წლის 21 თებერვალს  მიღებულ კონსტიტუციაში. 38-ე მუხლი აცხადებდა: „მუშათა გაფიცვა თავისუფალია“.

კონსტიტუციის მე-13 თავი – „სოციალ-ეკონომიკური უფლებანი“ – ძირითადად, შრომის საკითხებსა და შრომით უფლებებს შეეხებოდა  კონსტიტუციის მუხლები განსაზღვრავდა ადგილობრივ თვითმმართველობათა მიერ შრომითი ბირჟებისა და კანტორების  დაარსების ვალდებულებას, სახელმწიფოს მიერ უმუშევართა დახმარების პასუხისმგებლობის აღებას, მოხუცებულთა და სამუშაოზე დაშავებულთათვის დახმარების მიცემას, არასრულწლოვანთა და ქალთა შრომითი პირობების საკითხებს, რვასაათიან სამუშაო დღესა და დასვენების გარანტირებულ საათებს.

125-ე მუხლში ნათქვამი იყო: „რესპუბლიკის საზრუნავი საგანია, განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალური პირობანი წარმოებაში. არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს დამქირავებელთაგან“.

დასკვნა

მიუხედავად მთავრობის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და ერთი შეხედვით საკმაოდ პროგრესული საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისა, შრომის ზოგადი საკითხები და მუშათა პირობები ხელშესახებად ვერ გაუმჯობესდა.

რეფორმების ნაკლებეფექტურობის მიზეზები განპირობებული იყო როგორც საგარეო ფაქტორებით – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რეგიონში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, მსოფლიო ომის შემდგომ არსებული სრული სავაჭრო ბლოკადა, დენიკინის, ბოლშევიკებისა და სომხეთის სამხედრო თავდასხმები, – ასევე საშინაო ფაქტორები – შიდა აჯანყებები, არაეფექტური მონოპოლიები, შიდა ვაჭრობის სისტემის მოშლა, მიწის რეფორმის გაჭიანურება, კაპიტალის ნაციონალიზაციის პროცესის არასისტემურობა.

ასევე მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა საკმაოდ ძლიერი პროფკავშირების ცალსახა პოლიტიკური სიმპათიები მმართველი პარტიისადმი, რომელიც მას ხელს უშლიდა მთავრობისადმი უფრო აქტიურ ოპონირებაში.

ირაკლი ირემაძე

ირაკლი ირემაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი.
Back to top button