რეაქციები საქალაქო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებაზე
უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ეს უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული.
სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დაგმო და მას პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში “პირდაპირი” და “უხეში” ჩარევა უწოდა. გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს. აღნიშნულს ისინი ქართულ სასამართლო სისტემაში “კლანური მმართველობისა” და თავად სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის საგანგაშო შემთხვევად მიიჩნევენ.
“სამოქალაქო საქართველო” სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებებს გთავაზობთ:
კახა წიქარიშვილი, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა, ამბობს: “მე არ მგონია, რომ ეს მარტო კონკრეტული კონკურსანტის და მართლმსაჯულების ურთიერთქმედება იყოს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სისტემის რეაქცია ჩემს დანიშვნაზე და მე ვფიქრობ, სისტემა იღებს ზომას, რომ მე არ გავხდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი… თეორიულად სასამართლოში სისტემამ შეიძლება რამდენიმე წლით გააჩეროს ეს საკითხი, ოღონდ ვნახოთ ახლა, პრაქტიკაში, როგორ განვითარდება დავის მიმდინარეობა.“
მმართველი გუნდი:
დავით მათიკაშვილი, ქართული ოცნება: “პრეზიდენტის უფლება არის პრეზიდენტის უფლება. სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან სასამართლო წარმოადგენს ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს… რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მედიას ძალიან გინდათ, რომ გააშუქოთ სცენა, თუ როგორ ერევა ხელისუფლება სასამართლოს საქმეში. ხელისუფლება არ ერევა სასამართლო საქმეებში. სასამართლოს გააჩნია თავისი დღის წესრიგი და ის თავად წყვეტს ვინ დაინიშნოს თუ არ დაინიშნოს კონკრეტულ თანამდებობებზე.”
ირაკლი ქადაგიშვილი, ქართული ოცნება: “არანაირი პრინციპი ძალაუფლების გადანაწილების არ ირღვევა ანუ პრეზიდენტს თავის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს ანუ მის წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოში ვერავინ სხვა ვერ დანიშნავს… კონსტიტუციით გარანტირებული არის ის უფლებაც თუ ვიღაც… არის მომჩივანი, ამ მომჩივანის საკითხიც განიხილოს სასამართლომ. ამიტომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა მომჩივანის სარჩელი.”
ოპოზიცია:
კოალიცია ცვლილებებისთვის (ახალის, გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ერთობლივი განცხადება): “ამ გადაწყვეტილებით სასამართლო კლანმა დაარღვია ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებამოსილება. მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად შესასრულებელი 9 დათქმა ითვალისწინებს სასამართლოს ყოვლისმომცველ რეფორმას, ,,ქართული ოცნება’’ მორიგ ჯერზე მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებით დგამს ჩვენი ისტორიული არჩევანისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.”
ანა ნაცვლიშვილი, ლელო საქართველოსთვის: “გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი – გააუქმა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული დისკრეციული უფლებამოსილება. ვერ იპოვით ამ ქვეყანაში ერთ კვალიფიციურ იურისტს მაინც, ვინც იტყვის, რომ ეს უფლებამოსილება სასამართლოს ჰქონდა. სასამართლომ გუშინ გააუქმა ამ ქვეყნის კონსტიტუცია და რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში და საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს სასამართლო სისტემაში და არ მოგაწოდოთ თქვენ, საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ინფორმაცია იმის შესახებ რა უსამართლობები და რა დანაშაულები ხდება სასამართლო სისტემაში.“
გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებელი / ერთიანობა – საქართველოს გადარჩენისთვის: “ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს “ქართული ოცნება” კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, კლანური მართლმსაჯულების ნათელ გამოვლინებას და სამწუხაროდ, კიდევ ერთ მძიმე დარტყმას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებაში. ამიტომ, არ არსებობს დღეს, სამწუხაროდ, აღარც კონსტიტუცია, აღარც კანონი.“
მაია კოპალეიშვილი, ახალი / კოალიცია ცვლილებებისთვის: “საქალაქო სასამართლომ და გამოდის, რომ კლანმაც, რომელიც სასამართლოშია გაბატონებული დაარღვია კონსტიტუცია, გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ფაქტობრივად, მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება. მას არ ჰქონდა საერთოდ კომპეტენცია ემსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებაზე, რამეთუ განკარგულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის განხილვის კომპეტენციაც აქვს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმის განმხილველ მოსამართლეს.“
სტატია განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)