ძველი ამბები

რესპუბლიკას ჩრდილოეთიდან საფრთხე მოელის

Tags

გაზ. საქართველო, 1919 წლის 9 აგვისტო, N169

უღელტეხილების დასაცავად

ამიერ კავკასიაში კვლავ დადგა შეხლა-შემოხლის ხანა. სომეხ-თათართა შეტაკება ჰაერს ძალზედ აელექტრონებს; მეამბოხე თუ თავდამსხმელი ელემენტები მას მოძრაობაში მოჰყავს. საჭიროა ამ გარემოებას სათანადო ანგარიში გაეწიოს და ყოველგვარ სიურპრიზებისთვის წინდაწინ მოვემზადოთ. ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოში შემოსასვლელ კარების დაცვა-გამაგრებას და საქართველოს იმ ნაწილებს, სადაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის იდეურად შეურიგებელი და ამ ნიადაგზე არა ერთხელ აჯანყებული ელემენტი მოსახლეობს.

 ფაქტიურად გამუდმებულ ომიანობაში ვართ და ამიტომაც ცხოვრების წესი და მთავრობის სამოქმედო ღონისძიებაც ამ მდგომარეობასთან შეფარდებული უნდა იყოს. ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსასვლელი გზები და მასთან მოსაზღვრე საქართველოს ადგილები გაძლიერებული რაზმებით უნდა იყოს დაცული, რომ მრავალ რიცხოვან მტრის ძალის შემოტევამ ერთბაშად განსაცდელში არ ჩაგვაგდოს. ამ დღეებში მამისონის უღელტეხილზე გვქონდა მცირე შეტაკება დენიკინის ავანგარდთან ეტყობა (გენშტაბის ცნობით ადგილობრივ შეტაკება მოხდა ოსებთან – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა), რომ აქ სამხედრო ოპერაციების გაშლა თავდამსხმელთა მიზანს არ შეადგენდა, თორემ ადვილად შეეძლოთ ესარგებლათ თავდამსხმელის ყველა უპირატესობით, რიცხვის სიდიდით და წინასწარის მომზადებით და ჩვენთვის მდგომარეობა გაერთულებინათ. ამ უღელტეხილზე ჩვენ ათიოდე დარაჯი-ღა გვყავდა, და მეტი არა; ამათ ასი კაცისგან შემდგარი მტრის რაზმთან მოუხდათ შეტაკება და თვალის გასწორება პირველსავე დღეს, 24 ივლისს. ამაზედ ნაკლები პროპორციით ებრძოდა ჩვენი რაზმი ამავე ადგილს 26 ივლისს: 25 ჩვენი ჯარის კაცი მტრის 400-500 კაცს უმკლავდებოდა. უნდა ვუმადლოდეთ ამ ერთ მუჭა რაზმის პირადს მამაცობას და თავდადებას, რომ თავდასხმამ სახიფათო ხასიათი ვერ მიიღო. ეს პატარა რაზმი იმდენს გახდა, რომ მრავალრიცხოვან მოპირდაპირეს გზა შეუკავა და საგრძნობი ზარალი მიაყენა, ხოლო ამასობაში ჩვენმა მაშველმა ძალებმაც შეტაკების ადგილს მიატანეს და მდგომარეობა გამოსწორდა.

 დღევანდელს პირობებში უღელტეხილებზე უფრო დიდი რაზმები უნდა იდგეს და მეტი სიფრთხილეც გვჭირია, რომ დროზედ ვიცოდეთ, თუ რა მოძრაობაა მტრის ბანაკში და მომზადებულიც ვიყოთ პასუხის გასაცემად.  მთავრობამ ძალიან ნაჩქარევად გამოიყვანა ჯარი, მეორე საშიში რაიონიდან, ცხინვალიდან, სადაც ოსობას დაეწყო აშკარა მღელვარება და მზადება აჯანყებისთვის. მთავრობამ დაასწრო და სწრაფად ჯარი გაგზავნა, რამაც აჯანყების მადა და ხალისი დაუკარგა მეამბოხეთ. დღეს მთავრობამ ეს კუთხე კვლავ გააშიშვლა, ხოლო ადგილობრივ ოსობაში ძალიან ცოცხლად სწარმოებს საამბოხო ორგანიზაციული მუშაობა. ჩრდილოეთიდანაც დენიკინისი მომხრე ოსობა და რუსობა ცხინვალის ოსობასთან ხელს უმართავს, და რომ მოსალოდნელია თვით ამათი შეერთებული შეიარაღებული მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ. ამგვარი შესაძლებლობის წინაშე ვდგევართ ცხინვალის რაიონში, ეს ყველასათვის ცხადი და ნათელია და ამავე დროს აქედან ჯარები გაგვყავს სრულიად დამშვიდებული სინდისით.

მეტი სიფრთხილე და გამჭრიახობა გვმართებს, თორემ როდესმე გამოუსწორებელ ხიფათს გადავეყრებით მთავრობამ ამ გარემოებას უნდა ყურადღება მიაქციოს და მიიღოს საჭირო წინასწარი ზომები, კვლავ სამხედრო ძალის გაგზავნით.

Related Articles

Back to top button