ახალი ამბები

საქართველოს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატოს შტაბბინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრას დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის დაწყებისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის ემზადება. ჩვენ მხოლოდ საწინააღმდეგოს ვხედავთ, ის ემზადება მეტი ომისთვის, ახალი შეტევისთვის და ახალი თავდასხმისთვის“.

მისივე თქმით, „ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას“.

საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის პრაქტიკური მხარდაჭერის აღმოჩენის თაობაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ დასმულ კითხვაზე, ასევე იმასთან დაკავშირებით მოხდება, თუ არა ამ ქვეყნების მხარდაჭერის საკითხის განხილვა მინისტერიალის ფარგლებში, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინის ომის მაგალითზე ვისწავლეთ არის ის, რომ საჭიროა პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული და არა დაგვიანებით უზრუნველყოფა…“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ასევე მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ იმ პარტნიორებს, რომლებიც მოწყვლადნი არიან რუსული ინტერვენციების მიმართ“.

სტოლტემბერგის თქმით, „მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ მხარდაჭერა საქართველოს მსგავსი პარტნიორების მიმართ“ და ნატოს წევრები და საქართველო მუშაობენ იმაზე, რომ გააძლიერონ მხარდაჭერა კიბერ, კრიზისის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ამრიგად, „მორგებული პარტნიორობა და მორგებული მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვახორციელებთ“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button