საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში თავის ამერიკელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, 9 თებერვალს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა.
პენტაგონში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ რისკების გათვალისწინებით გადახდების გრაფიკში საქართველოს ჩართვა ქვეყანას კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობების მოთხოვნასა და შეძენას გაუადვილებს.
საქართველოსთვის აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფა იგეგმება. თავდაცვის დეპარტამენტმა იანვარში კონგრესს აცნობა, რომ აპირებს საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით 33 მლნ აშშ დოლარი გამოუყოს.
ლოიდ ოსტინის თქმით, ეს განცხადება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მან აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები აშშ-ისა და ნატოს ძალებთან ერთად კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში მსახურობდნენ და თავს სწირავდნენ. რაც შეეხება ავღანეთს, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობით უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ასევე მიესალმა სამხრეთ კავკასიისა და მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს როლს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
იგი ასევე მიესალმა საქართველოს მონაწილეობას უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში და აღნიშნა, რომ ეს „გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვის უნარი და ხელი შევუწყოთ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა განაგრძობს მამაცურ ბრძოლას რუსეთის არაპროვოცირებული და არასამართლიანი შემოჭრის წინააღმდეგ“.
თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებიც განიხილეს. ასევე ყურადღება გაამახვილეს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. „აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების კონტრიბუციაა და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებას, რამაც „კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა“.
ჯუანშერ ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონში.
მანამდე, კოლეგები ერთმანთს 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში შეხვდნენ, რა დროსაც ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/10/2021 – აშშ-ის თავდაცვის მდივანი პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა
- 13/10/2022 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება
- 08/09/2022 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)