ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი რობერტ ბრიგერი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.
9 თებერვალს გენერალი ბრიგერი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან სამხედრო სფეროში პარტნიორობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათიაშვილმა ბრიგერს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და „კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ რეფორმებისა და ღირებულებების ერთგულება, რასაც სამხედრო სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კავშირები ეფუძნება“.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის „მზარდ დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება და ის მექანიზმები მიმოიხილეს, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად“.
ვიზიტის ფარგლებში გენერალი ბრიგერი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ესტუმრა, სადაც ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა. მან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი გმირთა მოედანზე მიაგო.
გენერალმა ბრიგერმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა მას ინფორმაცია მიაწოდა შავი ზღვის ფართო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ.
Clear briefing by the Chief of the Georgian Defence Forces ?? Major General Giorgi Matiashvili about the security environment of the wider Black Sea Region. #StrongerTogether pic.twitter.com/0PMVThXp1W
— Chairman of the EU Military Committee (@ChairmanEUMC) February 9, 2024
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის დელეგაციის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, ასევე საოკუპაციო ხაზის მონახულება.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/11/2023 – ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად 30 მილიონი ევროს დახმარება გამოყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)