რესპუბლიკის ამბები

ივანე ჯავახიშვილი კითხულობს მოხსენებას საქართველოს საზღვრების შესახებ

გაზ. საქართველო, 1919 წლის 5 აგვისტო, N165.

საზღვრების საკითხი

კვირას [3 აგვისტოს] სახელმწიფო თეატრში გაიმართა კრება მოქალაქეების, რომელზედაც პროფესორმა ივანე ჯავახიშვილმა და გენერალმა ოდიშელიძემ წაიკითხეს მოხსენება საქართველოს საზღვრების შესახებ. (ორივე მათგანი 1919 წლის დასაწყისში იმყოფებოდა კონსტანტინეპოლში, რათა იქედან გზა გაეგრძელებინათ საფრანგეთისაკენ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის სახელით, თუმცა საფრანგეთმა არ დართო ნება დასწრებოდნენ კონფერენციას – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა). მიუხედავათ იმისა, რომ ქალაქში სასტიკი სიცხე იდგა, თეატრში დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. დაესწრო თითქმის მთელი ინტელიგენცია და სამხედრო თბილისი. ყველაფრიდან აშკარათ სჩანდა, რომ საზღვრების საკითხი ძლიერ აღელვებს ქართველ საზოგადოებას, რადგან ბევრ მიზეზების გამო კონკრეტულათ საზღვრების საკითხი კიდევ არ არის შეგნებული. ეს იმის ბრალია, რომ მთელი მეცხრამეტე საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხზე არ გაჩერებულა.

ერთი მხრივ ცარიზმის რუსეთი სულს ხდიდა ქართველ მწერლობას და ვინ გაბედავდა ოცნებას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნაზე და მის საზღვრების შემოხაზვაზე, მეორე მხრივ სოციალ დემოკრატიის ტერორი, ეროვნული აზროვნების წინააღმდეგ, როცა პატრიოტიზმი გამოცხადებული იყო ბურჟუაზიულ გაუგებრობათ და რეაქციონერობისა პირველ ნიშნათ ითვლებოდა.

ამიტომ მთელი ენერგია ეროვნულათ მოაზროვნე ინტელიგენციისა იმაზე მიდიოდა, რომ ახალ თაობაში შეეტანა ეროვნული შეგნება და გაესწორებინა ის პსიხიკა, რომელსაც სწამლავდა სოციალ-დემოკრატია.

ამ ბრძოლას მიტომ არ ჰქონდა ისეთი ხასიათი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სახელმწიფოებრივათ აზროვნება.

როცა გარემოებამ მოიტანა ყველაზე სასტიკი მტრები ეროვნებისა, მენშევიკები, აცხადებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ჰქმნიან სახელმწიფოს, უეჭველია ძველი ფსიხოლოგია ვერ იქნა ძლეული.

ჩვენი მენშევიკები უფრო გამობრძმედილი იყვენ და არიან სხვა და სხვა პარტიული კონგრესების რეზოლუციებში, ვინემ საქართველოს ისტორიაში და ამიტომ სრულიად გულწრფელი იყო ბ. ნოე ჟორდანიას განცხადება, რომ მისთვის და მისი პარტიისთვის საქართველო „tabula raSa” არის მხოლოდ, რომელზედაც მენშევიკები აგებენ ახალ საფუძველს. და ეწევიან ახალ ექსპერიმენტებს.

მაგრამ საკმაო შეიქნა საქართველოს თავისთავი ეგრძნო სახელმწიფოთ, რომ თავისთავათ  წამოიჭრენ ის კითხვები, ურომლისოდაც წარმოუდგენელია სახელმწიფოს ცხოვრება უკვე ისტორიულ მოგონებათ იქცა ის დრო, როცა მენშევიკი პაციფისტები ოცნებოდნენ ამიერკავკასიაში ახალი სამოთხე გაემართათ, სადაც არ იქნებოდა ომის საჭიროება, და მილიტარიზმი სამუდამოთ გათავდებოდა.

ყოველი დღე სასტიკი აუცილებლობით არწმუნებდა მართველ პარტიას, რომ პაციფიზმი  მოგონილი ამბავია და სოციალიზმისა და საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველ ჯარისკაცზეა დამოკიდებული.

ამავე აუცილებლობის კანონით წარმოსდგა საზღვრების საკითხიც.

ჩვენ უკვე მივხდით, რომ დოქტრინის დრო წავიდა და სახელმწიფო ტრადიციით ცხოვრობს. მართალია დღესაც, როცა იმართება კონფერენციები სადაო საზღვრების შესახებ სომხეთთან, თუ აზერბაიჯანთან ის ხალხი, რომელიც სწყვეტს საქართველოს ბედს არ იცნობს იმ გეოგრაფიულ ქარტას და მის ისტორიას და აბსტრაქციულ პოლიტიკურ სქემებით ხელმძღვანელობს, მაგრამ ყოველი დღე ავნებს მათ იმ პასუხისმგებლობის სიმძიმეს, რომელსაც ჯერ არ გრძნობენ და რაც ყველაზე უფრო საინტერესოა თვითონ ქართველი ხალხი დაინტერესდა თავის ბედით.

ხალხი, რომელიც სისხლით იცავდა თავის უკანასკნელ საზღვრებს ატავიზმით და ისტორიულ ტრადიციით და ინსტიქტით დღესაც სახელმწიფოებრივათ აზროვნებს. ყოველ დათმობას, თუ მოტყუებას, რომელსაც უწინ ჰქონდა ადგილი, ამიერიდან გასავალი არ ექნება და ღირსეულ წინააღმდეგობას გამოიწვევს. მენშევიკები მიხვდნენ რომ სახელმწიფოს აშენება ავალებს ზედმეტი ყურადღება ექნეს მიქცეული ისტორიას, რომელიც წარსულით ანახებს მომავალს და ჰქმნის გარდუვალ კანონებს.

ყოველი ნაჭერი მიწა, რომელსაც ჩვენი მთავრობა დაუთმობს მტრებს ნაღმების სარდაფათ იქცევა და მისი აფეთქება მთავრობას გადაიტანს, ამაშია აზრი გამოღვიძებულ ქართულ სახელმწიფოებრივობის, ყოველ დღე მხოლოდ ზრდის ამ შეგნებას და კონკრეტულ სახეს იღებს საქართველოც.

საქართველოს „tabula rasa” თანდათან ჰკარგავს მენშევიკების დაწერილ დოქტრინებს და საცნაური ხდებიან ძველი გიეროგლიფები. რამდენსაც ამაგრებენ ახალ სახელმწიფოს შეგნებას.

მსგავსი/Related

Back to top button