Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ევგენი გეგეჭკორის წერილი ინგლისის პრემიერ მინისტრ ლოიდ-ჯორჯისადმი

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 29 ივნისი, N141.

ლონდონში, მის აღმატებულებას პრემიერ მინისტრ სერ ლოიდ-ჯორჯს.

ამიერ-კავკასიაში მყოფ ბრიტანულ ჯარების სარდალმა აუწყა საქართველოს მთავრობას, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ გადაწყვეტილია მოხალისეთა ჯარს და კავკასიის რესპუბლიკებს შორის დემარკაციული ხაზის გასმა. ამ გადაწყვეტილების თანახმად საქართველოს ჯარმა უნდა დაიხიოს მდინარე ბზიფს აქეთ.

ჩემი მთავრობა ყოველთვის იყო მომხრე და ეხლაც იმის მომხრეა, რომ სადაო საკითხები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. მან ბრიტანეთის სარდლობას განუცხადა, რომ იგი მზათაა თავის ჯარებს დაახევინოს აღნიშნულ ხაზამდე.  მაგრამ ამით საკითხი არ სწყდება. ჩვენი უკან დახევის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ კიდევ ახალი შეტაკება არ მოხდება პირიქით, გაგრის ოლქში მოხალისეთა ძალაუფლებას არ სცნობენ. ოლქში დიდი ხანია რაც იარაღით ბრძოლა დაიწყო. წესრიგი დამყარდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იქ საქართველოს ჯარი შევიდა. მოხალისეთა მოსვლის შემდეგ ბრძოლა ისევ გაცხოველდა. საქართველოს რესპუბლიკას არავითარი საბუთი არ აქვს იმისა, რომ მებრძოლი მხარენი საზღვარს არ გადალახავენ.

საქართველოს მთავრობას სურს მიიღოს რეალური გარანტია ახალი საზღვრის ხელშეუხებლობის შესახებ. ჩვენის რწმენით, ამას შეიძლება მივაღწიოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება გაგრის ოლქის ნეიტრალიზაცია და მის საზღვრებზე მდინარე ბზიფზე და მეხადირზე დაყენებული იქნება მოკავშირეთა ჯარი ან პიკეტები.

ამას დაჟინებით ვითხოვთ, რადგან ამას გვაიძულებს წარსულის მწარე მაგალითი. მიუხედავათ იმისა, რომ ბრიტანეთის სარდლობა დაგვპირდა (29 იანვარსა და 19 თებერვალს): მოხალისეთ ნებას არ მივცემთ საქართველოს თავს დაესხასო, ჩვენ უკანდაბრუნებულ ჯარის ნაწილებს სოჭის ოლქში თავს დაესხენ, და ეს იმის შემდეგ, როცა გენერალ დენიკინს ბრიტანეთის მთავრობის მიერ ნაბრძანები ჰქონდა  სოჭიდან თავის ჯარები გაეყვანა.

ჩემი მთავრობა პასუხისმგებლათ სთვლის თავის თავს ხალხის წინაშე ამგვარ თავდასხმათა განმეორების წინააღმდეგ გარანტიის განმტკიცებისათვის ზომების მიუღებლობის გამო. მხოლოდ და მხოლოდ ამგვარ მშვიდობიან ხასიათის აღნიშნული მოსაზრებანი უკარნახებენ საქართველოს მთავრობას, რაცა მან მოითხოვოს ნეიტრალიზაცია მდინარე  ბზიფსა და მეხადირს შუა, სანამ საკითხი საზავო კონფერენციაზე გადაწყდებოდეს.

წარმოდგენილი წინადადება სრულებით არ ეწინააღმდეგება ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას იმ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობიანობას, რომლისკენაც ისწრაფვის ბრიტანეთის მთავრობის მტკიცე ნება.

საქართველოს რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელი, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი

მსგავსი/Related

Back to top button