ახალი ამბები

უბნების 100% დათვლილია: მთაწმინდის არჩევნები ვლადიმერ კახაძემ მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის 31-ვე საარჩევნო უბანი დათვლილია. წინასწარი პირველადი შედეგების მიხედვით, პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ მოიგო.

კახაძემ პირველ ტურში მიღებული შედეგი (41%) გააუმჯობესა და შუალედური არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის ხმების 61.83% (10 738 ხმა) მიიღო. მის კონკურენტს, ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატს შალვა შავგულიძეს კი – საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 38.17%-მა (6 630 ხმა) დაუჭირა მხარი. 19 მაისს გამართულ პირველ ტურში მან ხმების 36.83% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 18 105-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 41.23%-ია. პირველ ტურში, ამომრჩეველთა აქტივობა 34.27% იყო (15 049 ამომრჩეველი).

დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები

დღის მანძილზე, პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო შტაბებში არაერთი ბრიფინგი გაიმართა. ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების კოორდინატორებისა და კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებაზე მიუთითებდნენ და მმართველ გუნდს ამომრჩეველზე ზეწოლასა და დაშინებაში ადანაშაულებდნენ.

ქართული ოცნების ლიდერები კი პირიქით, საარჩევნო პროცესების მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობაზე საუბრობდნენ და თავის მხრივ, ოპონენტების პროვოკაციებსა და დესტრუქციულობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიამ დღის განმავლობაში სულ სამი დარღვევა დააფიქსირა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის მე-17 და მე-18 ამომრჩევლის მიმართ განხორციელბულ მუქარისა და ევროპული საქართველოს აქტივისტის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართთლის კოდექსის 151-ე და 162-ე მუხლებით დაიწყო.

გამოხმაურებები საარჩევნო შტაბებში

საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში, ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ გამართა და, პარტიის “წინასწარ მონაცემებზე” დაყრდნობით, ვლადიმერ კახაძის „დიდი უპირატესობით“ გამარჯვებაზე ისაუბრა. „შუალედურ არჩევნებზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა, ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ბრიფინგზე კახა კალაძემ. მისივე თქმით, ყოველთვის სჯეროდა, რომ ამომრჩეველი გააკეთებდა არჩევანს „არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის, განვითარების სასარგებლოდ“.

არჩევნებში დამარცხება ცესკო-ს მიერ წინასწარი პირველადი შედეგების გამოცხადებამდე აღიარა შალვა შავგულიძემ. ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების შტაბში გამართულ ბრიფინგზე შავგულიძემ განაცხადა, რომ ეს „ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ ძალიან ცუდად, დემოკრატიისათვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები“ იყო და საზოგადოებამ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და დაფინანასებული, „ცილისმწამებლური და ბინძური შავი პიარის კამპანია“ იხილა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მის წინააღმდეგ ტელეკომპანია იმედის საშუალებით წამოიწყო.

შავგულიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირებისა და ადმინისტრაციული რესურსის „მასიურად“ გამოყენებას. მისივე თქით, ის მხარდაჭერა, რომელიც ამ არჩევნებში ოპოზიციამ მიიღო, „არ გახდა საკმარისი წარმატების მისაღწევად“.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევძელით მთაწმინდელი ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და პოზიციის დაფიქსირება… ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ფონზე, ხელისუფლებამ შეძლო და შეინარჩუნა პოზიციები“, – აღნიშნა შავგულიძემ და იქვე დასძნა, რომ თავისუფალი დემოკრატები ევროპულ საქართველოსთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან თანამშრომლობას გააგრძელებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება.
„სწორედ არჩევნების გზით შევცვლით ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვთარებას“, – ხაზი გაუსვა შავგულიძემ.

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მეორე ტურის შედეგად, ამომრჩეველთა ხმების 59,52 %-ით საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button