skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკოსები აშშ-ის მიერ სანქციების შემოღების შესაძლებლობას ეხმიანებიან

„ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო საზოაგდოების მწვავე კრიტიკა მოყვა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რა დროსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია კანონპროექტის ინიცირების გამო, ხოლო „იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოვიმოქმედებთ მისი წინსვლის შემთხვევაში, თვალი გვადევნეთ“.

„სამოქალაქო საქართველო“ ამ განცხადებაზე ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ.   

მმართველი გუნდი

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“: „მე ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციებს. იმიტომ, რომ  შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანაშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით, წარმოუდგენელია… კრიტიკაც წარმოუდგენელი უსამართლობაა, პირდაპირ ვამბობ. კრიტიკას კი არ ვისმენთ… მწვავე კრიტიკას ვისმენთ ცალკეული წარმომადგენლებისგან  ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მათ შორის ოფიციალურ დონეზეც მწვავე კრიტიკას ვისმენთ“.

ირაკლი ზარქუა, „ქართული ოცნება“: „ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რომ ვიცავ, თუ მე დამასანქცირებენ ჩვენი პარტნიორები, ნუ, პრინციპში არც მიკვირს, ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს იმაზე, რაზეც არგუმენტი დღემდე არ არსებობს. ბატონ მეთიუ მილერს მივმართავ, დასანქცირებულია ჩვენი მოსამართლეები, უსაფუძვლოდ, არგუმენტების გარეშე, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადმოგვიგზავნოთ არგუმენტები თუ მართლები ხართ. იქნებ მართლები ხართ. თქვენ უსამართლოდ იქცევით და ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არ არის პარტნიორული მიდგომა. ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრების, მეგობრები კი ასე არ იქცევიან“.

კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისი მერი: „ჯერ ერთი, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა. ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა – ასე შევაფასებდი. რა აქვს კანონს პრობლემა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრებასთან, სამართლიანობასთან დაკავშირებით? ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც დგას ევროპა. რას უშლის ხელს გამჭირვალობა და აღნიშნული კანონი? ამდენი ხანია, ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე. ერთადერთი, რა შეფასებასაც ვისმენ, არის „რუსული“. ამაზე დიდი სიდებილე და უაზრობა არ ვიცი. ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა“.

ეკა სეფაშვილი, „ხალხის ძალა“: „თუ გვემუქრებიან, ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება. ამას მე ვერ დავარქმევდი პარტნიორულ დამოკიდებულებას. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ დასანქცირებას ადგილი არ ექნება“.

ოპოზიცია

ლევან ხაბეიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ეს იყო ძალიან მკაცრი, ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც მითითება იყო იმაზე, რომ დიახ, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება  მთავრობის, უმრავლესობის წევრებს მოუწიოთ სანქცირება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ქართველი ხალხისთვის ეს გამოსავალი ვერ იქნება. გამოსავალი არის, რომ ეს კანონი არ მივიღოთ, გამოსავალი არის რომ ეს ხელისუფლება შევცალოთ. იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, ახლაც რომ წაიღოს ხელისუფლებამ ეს კანონი უკან თუ არ შევცვლით ამ ხელისუფლებას ორ თვეში  შესაძლოა ისევ შემოიტანონ“.  

ბადრი ჯაფარიძე, „ლელო საქართველოსთვის“: „ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ იქნება მარტო, არ ყოფილა მარტო და არ იქნება მარტო. ჩვენთან ერთად იქნებიან ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორები შეერთებული შტატები, ევროკავშირი. აქედან გამომდინარე ქართველი ხალხი ყოველთვის იგრძნობს მხარდაჭერას და ყოველთვის ერთობლივად გავუწევთ წინააღმდეგობას იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას. შესაბამისად, შეერთებული შტატების განცხადება გუშინ მოვისმინეთ, ევროკავშირის განცხადებას კიდევ არაერთხელ მოვისმენთ, მთავარია ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მარტო არ ვართ ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.  

ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლება“: „სანქციებს დაადებენ, ვის დაადებენ, როდის დაადებენ, ზოგადად ამერიკის პოლიტიკა სწორედ არის ისეთი, რომ ამას წინასწარ არ აცხადებენ. ამაზე მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტი, როდესაც შესაბამის მასალებს შეაგროვებენ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არავის არასდროს არ აქვს… საბოლოო ჯამში რაღაცას რომ იზამენ ფაქტია, ფაქტია რომ დასავლეთი გამოფხიზლებულია, ფაქტია რომ ბევრი ილუზიები რომელიც მათ ჰქონდათ შარშან, შარშან წინ… როცა ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ დასხედით, „ქართულ ოცნებას“ დაელაპარაკეთ, შეთანხმდით – ეს ილუზიები დამთავრებულია და ყველა კარგად ხვდება, რა ტიპის ძალასთან აქვთ საქმე საქართველოში“.

გიგა ლემონჯავა, „დროა“: „რუსული კანონის დაბრუნება პოლიტიკურ დღის წესრიგში ემსახურება საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას, საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ კანონის ინიციატორები და რაც მთავარია რუსი ოლიგარქი, ივანიშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში მთავარი არაფორმალური მმართველია, მოხვდეს საერთაშორისო სანქციების ქვეშ. ეს იქნება ლოგიკური პოლიტიკურად და სამართლებრივად“.

ნიკა გვარამია, „ახალი“: „დარწმუნებული ვარ კარგი დღე „ქართულ ოცნებას“ არ ელოდება, ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ, რომ როცა რუსეთის მიმართულების ნაბიჯებს დგამ, უნდა იცოდე, რომ ა) დასავლეთისკენ აღარ მიგესვლება და ბ) დასავლეთიც გადმოდგამს ნაბიჯებს, რომელსაც იმსახურებ. ეს ასეა, დასავლეთი დგამს ყოველთვის იმგვარ ნაბიჯებს, როგორსაც იმსახურებ, იმსახურებ უფრო მეტ ინტეგრაციას, იმსახურებ დახმარებას, იმსახურებ მხარდაჭერას, მაშინ ის დგამს ნაბიჯებს შემხვედრს. იმსახურებ რუსეთთან ინტეგრაციის გამო მწვავე დამოკიდებულებას, მაშინ ის გადადგამს ამგვარ ნაბიჯებს. არაფერი გასაკვირი არ არის, ერთადერთი, ასეთი ხისტი განცხადება მიანიშნებს, რომ ნაბიჯები განსაკუთრებულად ხისტი უნდა იყოს, წესით და რიგით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button