ახალი ამბები

ევროპარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე დებატებს ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან

22-25 აპრილს სტრასბურგში გამართულ ევროპარლამენტის სხდომაზე, დეპუტატებმა საქართველოზე იმსჯელეს, რა დროსაც ყურადღება გაამახვილეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით მის შეზღუდვებზე. ევროპარლამენტარებმა მკაცრად გააკრიტიკეს „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა მიზანმიმართული სანქციების შემოღება მოითხოვა იმ პირების მიმართ, რომელთაც კანონპროექტის ინიცირებას შეუწყვეს ხელი. 

„სამოქალაქო საქართველო“ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „რაც შეეხება შინაარსს, გუშინ გამომსვლელებს შორის იყვნენ ადამიანები, ვინც არიან თავად მონაწილე საქართველოში ფარული დაფინანსებისა პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების. იატაკქვეშა ფულის ხარჯვა ხდება საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ… ამ ფონდის მმართველობაში არიან ევროპარლამენტარები… მათ შორის, ანა ფოტიგა, მიხაელ გალერი არიან მმართველ საბჭოში. ასე რომ, ეს კანონპროექტი მათაც და მათ გამჭვირვალობასაც ეხება… ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავად არ იყვნენ გამჭვირვალეები და ფარულად დახარჯონ ის ფული, როგორც აქამდე ხარჯავდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მმართველობით, საქართველოში ფარულად ფული იხარჯება რადიკალურ პარტიებზე, „დროაზე“, მაგალითად, იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, „სირცხვილიაზე“, იხარჯება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაზე… ასეთ ინფორმაციას, სამწუხაროდ, კანონის არარსებობის პირობებში, რა თქმა უნდა, ვერ ვიგებთ პირდაპირ და შემთხვევით ვიგებთ ხოლმე… როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „შავ ფულზე“, აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით „შავ ფულს“, აქ ვგულისხმობთ ფულს, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“.

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“: „სანქციები კი არა, სამშობლოსთვის და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას. რა სანქციით უნდა შეგვაშინონ, ჯერ ერთი წარმოუდგენელია კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს ევროსტრუქტურამ, მათ შორის არის მარაზმი… ჩვენ, ჩვენ ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ უფროსი დაინიშნონ, ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ. ჩვენ ვიქნებით მეგობრები, ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა იმ საქმეში, რაც საქართველოს ფიზიკურად არ გაანადგურებს და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს… ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს ნურავინ დაგვიდებს დღის წესრიგად და ნუ ამოგვიღებს მაგალითად იმ ტრიადიდან, რომელიც დიდმა ილიამ თქვა, სარწმუნოებას და ნუ ჩაგვინაცვლებს ნურავის ხელით – დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით. მოკლედ, ომს ნუ მოგვიწოდებენ, როგორც ეს ხდებოდა ორი-სამი წლის წინ და სარწმუნოებას ილიას ტრიადიდან ნუ ამოგვიღებს, დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით, ვითვალისწინებთ მაგ პათოსს და გვინდა მეგობრობა და ვიღაცებს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, უნდათ, რომ უფროსი დაინიშნოს და არ არის ასე“.

ირაკლი ზარქუა, „ქართული ოცნება“, დეპუტატი: „ბუნებრივია არავინ სანქციას არ დაუწესებს, ეს არის მორიგი, რა ვიცი, ენას ძვალი არ აქვს ამათზეა ნათქვამი. კუბილიუსი და ის დანარჩენები კიდევ ხელმოცარულები რას იტყვიან მიკროფონთან, ესე იგი 6 კაცი, ხომ ნახეთ, ცარიელ დარბაზში შეიკრიბნენ 5 თუ 6 ევროპარლამენტარი, რომელიც არის ამ მწვალებელთა პარტიის ლობისტები და პარტნიორები და არა სახელმწიფოსი, ეს ხომ გამოჩნდა“.

ოპოზიცია

ნიკა გვარამია, „ახალი“: „აქ ყველა ყველაფერს უყურებს და ყველა ყველაფერს კითხულობს. გუშინდელ განხილვაზე ეს სახელები და გვარები ისმოდა და არამხოლოდ ეს სახელები და გვარები, ვიდეოებს უყურებდნენ ადამიანები, კითხულობდნენ ინფორმაციას… ასე, რომ ეს არის ევროპარლამენტის დამოკიდებულება… მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ხალხი არის უკვე ევროკავშირის რადარებზე და მსუსხავი ეფექტი სანქციების მათ ძალიან, ძალიან მიუახლოვდა. ასე, რომ კარგად დაფიქრდნენ, ორჯერ, სამჯერ და 22-ჯერ, ვიდრე რაიმე უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დეპუტატი: „კიდევ უფრო მძიმეა მოისმინო განცხადებები, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, სანქციებთან დაკავშირებული საუბარი, რაც ამძიმებს ჩვენ ყოველდღიურ მდგომარეობს. მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს დააყენეთ სამშობლო უფრო წინ ვიდრე ბიძინა ივანიშვილის დავალება. იმიტომ რომ დღეს ნამდვილად გადამწყვეტი მომენტია – საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით სვლას თუ ჩიხში შევალთ“.

სალომე სამადაშვილი, „ლელო საქართველოსთვის“, დეპუტატი: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეს ყველას ვინც ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს… ვერავინ ვერ ამოეფარება ბიძინა ივანიშვილის ზურგს. პერსონალური პასუხისმგებლობა, მათ შორის სანქციების დაწესების საკითხი, სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში და ვხედავთ, რომ ეს არის ახალი მოვლენა“.

ბექა ლილუაშვილი, „საქართველოსთვის“: „ვხედავთ რა მასშტაბის  საერთაშორისო პოზიციები და შეფასებები ფიქსირდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან… გუშინდელი ევროპარლამენტარების გამომსვლელების დიდი ნაწილი აქცენტირებას აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პოტენციურ საფრთხეებსა და რისკებზე, რომელიც ამ კანონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს“.

ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლება“: „კარგია, რომ გაჟღერდა [კონკრეტული] ადამიანების სახელი და გვარები, თუ რეზოლუციაში მოხვდება ეს კიდევ უკეთესი იქნება. ამან შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიოს მათზე, თუმცა მე საბოლოოდ ილუზია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუნდაც სანქციების შემთხვევაშიც, რომ ეს ხელისუფლება რამეს შეიგნებს და რამეს სხვანაირად გააკეთებს. მგონია, რომ მათ გადალახული აქვთ ყველანაირი ზღვარი, მათ შორის ამ რუსული კანონის ხელახლა შემობრუნებით და რასაც ისინი აკეთებენ, ბოლომდე ვა-ბანკზე არიან წასულები. მათ გადაწყვეტილი აქვთ რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში მოაქციონ იზოლაციაში… მგონია, რომ მორალურადაც გადალახული აქვთ, ის რომ შესაძლოა სანქციების ქვეშ მოექცნენ, თუმცა სანქციების პლუსი შეიძლება ის იყოს, რომ… შიგნით, პირობითად, ხელოვნურად შექმნილი მითი, რომ ერთი, ძლიერი გუნდია, შეიძლება ჩამოეშალოთ“.

3 აპრილს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დააანონსა. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოყვა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button