პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპონენტებს უტევს
23 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს და მისი ოპონენტები, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტარები გააკრიტიკა. მან ისინი გამჭვირვალობაზე უარსა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ კანონი საქართველოს ევროპასთან აახლოებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშის სიზუსტე და უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები მათი „სიცრუის ჩაკეტილი წრის“ გამო დაადანაშაულა.
„პოლიტიკურად გაკოტრებულები ხალხის სახელით საუბრობენ“
პრემიერ-მინისტრის მთავარი თეზისი ის იყო, რომ ვინც კანონს აპროტესტებს, „პოლიტიკურად გაკოტრებულია“ და არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს. მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიციის“ პარტიების რეიტინგი „რადიკალურად შემცირებულია“, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ „რეკორდულად მცირე ნდობა ქართულ საზოგადოებაში“, ხოლო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთლიანად პოლიტიკურად დისკრედიტირებულია ქართველი ხალხის თვალში“.
მისი თქმით, მხოლოდ მმართველ პარტიას „ქართული ოცნებას“ აქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი და პარტიის დაკვევით ჩატარებულ გამოკითხვებზე მიუთითა. მან ასევე იწინასწარმეტყველა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ ქართული ოცნების რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება.
„ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიცირებული, მხარს უჭერს გამჭვირვალობას“, – განაცხადა კობახიძემ.
საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „მხოლოდ 350 ადამიანი“ შეიკრიბა 22 აპრილს და რომ მათი დიდი უმრავლესობა პარტიული აქტივისტები იყვნენ. მისი თქმით, ოპოზიციას უჭირს ხალხის შეკრება. მთავრობა აცხადებს, რომ ყველაზე მეტი 9500 ადამიანი შეიკრიბა აქციაზე და ეს ფონზე, როდესაც საპროტესტო აქციები უკვე მეცხრე დღეა იმართება.
იმავდროულად, კობახიძემ განაცხადა, რომ „ათიათასობით ადამიანი“ გამოვა ქუჩებში 29 აპრილს, რათა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მეტი გამჭვირვალობა მოითხოვოს. მმართველმა პარტიამ უკვე აღიარა, რომ აპირებს მთელი ქვეყნიდან ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების დედაქალაქში ჩამოყვანას.
ევროპას არ სურს გამჭვირვალობა
ჟურნალისტის თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის კრიტიკაზე, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა: „არ უნდათ დაფინანსების გამჭვირვალობა, ეშინიათ დაფინანსების გამჭვირვალობის. რეალურად, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც კეთდება, მათ შორის, ის განცხადებები, რომლებიც კეთდება“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპონენტებმა ევროპაში ვერ წარმოადგინეს არგუმენტები კანონის წინააღმდეგ და ვერც წარმოადგენენ, რადგანაც კანონპროექტს მხოლოდ „პოზიტიური“ მიზანი აქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო გამჭვირვალე გახადოს. „ასეთ პირობებში, როდესაც მაინც კეთდება განცხადებები, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა გამჭვირვალობა“, – დასძინა მან.
კობახიძის თქმით, მხოლოდ გუხარდება, თუ იქნება მეტი კომუნიკაცია გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით. „არა მარტო დიპლომატი, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შემდეგ მან აღნიშნა, რომ კანონპროექტს უნდა განიხილავდნენ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტში და არა ზოგიერთი ადამიანი გარედან, მათ შორის პარტნიორები და მეგობრები [კითხვაზე, იყო თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ბორელის განცხადება „ჩარევა“ ქართულ პოლიტიკაში, კობახიძემ მოკლედ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს ჩარევაა“.
კობახიძემ გაიმეორა, რომ მმართველ პარტიას არ სურს ქვეყანაში მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც ეს 2020, 2021 და 2022 წლებში მოხდა. სახელების დასახელების გარეშე, მან ორი ყოფილი ელჩი დაადანაშაულა, რომლებიც „ძალიან მძიმე პროცესებს ჩაუდგა სათავეში, ორჯერ დააყენეს რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში ენჯეოები“.
„არის ათასგვარი მანკიერი პროპაგანდა, რომელშიც არიან ჩართული ენჯეოები, მათ შორის ნარკოტიკების პროპაგანდის ჩათვლით“, – განაცხადა მან. „ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, ვინ აფინანსებს ასეთ არასწორ ქმედებებს“.
ევროკავშირის ცარიელი მუქარა
მაშინ, როცა ევროკავშირისა და ევროპის მაღალჩინოსნები აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ კანონის მიღება სერიოზულად შეაფერხებს საქართველოს შანსებს ევროკავშირისკენ წინსვლაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის მიღება „არათუ საფრთხეს არ შეუქმნის [ევროინტეგრაციას], პირიქით, ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე“.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მსგავსად, პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ საქართველომ მაინც მიიღო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ ევროპა წინაპირობად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა. „27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ. „აქაც ხდება იგივე, რომ ტყუილი: ვითომ ეს კანონი არ ვარგა, ეს ერთი. მეორე – არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა, ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ, გაიხსნება მოლაპარაკებები…“.
როდესაც კობახიძეს საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ კომენტარი სთხოვეს, მან განაცხადა: „წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის“. მან მმართველი პარტიის მიმართ განსაკურებით კრიტიკულად განწყობილი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნევიჩიენე გააკრიტიკა: „არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე; რასა, რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟი. არ შეიძლება, ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდეს ევროკავშირს“.
სსო-ები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, „ოდიოზური“ ევროპარლამენტარები „სიცრუის ჩაკეტილ წრეში“
პრემიერ-მინისტრს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ახლახანს გამოქვეყნებულ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშზე, კერძოდ იმ ნაწილზე, სადაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამიაა ნახსენები და ნათქვამია, რომ მისი პატიმრობა „პოლიტიკურად მოტივირებულად“ იქნა მიჩნეული.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი“, – განაცხადა კობახიძემ და უცნობი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. „ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძეს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა საქართველოს „დებიძინიზაციის“ თაობაზე ევროპარლამენტარების ბოლო მოწოდებებზე, რასაც მან სამარცხვინო განცხადება უწოდა და დასძინა,რომ აქაც გამჭვირვალობაა საჭირო.
„დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ასეთი ოდიოზური პოლიტიკოსები არიან გათავხედებული სწორედ იმის გამო, რომ არის ჩაკეტილი წრე, სიცრუის ჩაკეტილი წრე. ეს სიცრუის ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და მათ შორის ამას ემსახურება ის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული სამი მოსმენით“, – დასძინა კობახიძემ.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/04/2024 – საქართველოზე მსჯელობისას ევროპარლამენტარებმა მიზნობრივი სანქციების დაწესება მოითხოვეს
- 23/04/2024 – შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)