skip to content
ახალი ამბები

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას გამოხმაურებები მოყვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება. 2023 წლის 7-9 მარტის მასობრივი აქციების შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ გამოხმაურებებს კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით.

მმართველი გუნდი

გიორგი ვოლსკი, „ქართული ოცნება“: „რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ რომ… ნებისმიერი ორგანიზაცია, არასამთავრობო იქნება თუ ტელევიზია, მედიასაშუალება, თუკი ღებულობს დაფინანსებას უცხოეთიდან 20%-ზე მეტს რატომ არ უნდა გააკეთოს დეკლარაცია. რა არის ამაში საფრთხე, რა არის ამაში არაევროპული და როცა ამას ვერ ხსნიან, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ევროპული სტანდარტების წინააღმდეგ ილაშქრებენ და უნდათ ევროპის დემონიზაცია მოახდინონ“.

დავით მათიკაშვილი, „ქართული ოცნება“: „ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შევა ვერც ოპოზიცია, ვერც “ენჯეო” სექტორი, ვერც მათი მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომელთა რიცხვიც არის ძალზე მცირე, რომ ტყუილის პროპაგანდირება კიდევ ერთხელ შეძლონ. ტყუილია, რომ ეს კანონი არის რაიმე ფორმით რუსული. არ არსებობს არცერთი არგუმენტი… რომ ამ კანონს დავარქვათ ან რაიმე სახით მივუახლოვოთ იმ სახელწოდებასთან, რასაც ჰქვია რუსული. ერთი წლის წინ, ჩვენმა საზოგადოებამ სრულიად ტყუილისა და დეზინფორმაციის საფუძველზე, ალბათ აქ ჩვენი მხრიდან დისკომუნიკაციის ნაწილიც არის ამის ბრალეულობა, მოიტყუა თავი, მოატყუეს ეს ადამიანები, მაშინ, როდესაც დააჯერეს, რომ კანონი… რაიმე სახით იყო რუსული“.

გურამ მაჭარაშვილი, „ხალხის ძალა“: „ეს კანონის დაბრენდვა, წაუკითხავად გაპროტესტება იყო და არის მათი ნიშა და სტანდარტი… ევროპული ღირებულება არის გამჭვირვალობა და წარმოიდგინეთ ევროპული ღირებულების წინააღმდეგ აამხედრეს ხალხი, ვითომ ეს იყო სხვა სახელწოდების კანონპროექტი და რეალურად შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება, რომლებსაც ამის შემდგომ სხვა საკითხებზეც ვეღარ მოახერხებენ იმიტომ რომ საზოგადოებამ ისწავლა… ოპოზიცია და ენჯეოს დიდი ნაწილი და მათი პატრონები უკვე საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, თან ღიად და ამბობენ, რომ საქართველოში გამჭვირვალობა, რომელიც ევროპული ღირებულებაა მიუღებელია და მისაღები ყოფილა ევროპაში. რა თქმა უნდა ეს არის ორმაგი სტანდარტი “.

ირაკლი (დაჩი) ბერაია, „ხალხის ძალა“: „დავიწყოთ იქიდან რომ ეს არანაირი რუსული კანონი არ არის და არანაირი კავშირი მას რუსულ კანონთან არ აქვს. ეს არის სიცრუე და ამ სიცრუის ადამიანების თავზე მოხვევა. ეს არის გამჭვირვალობის კანონი“.

ოპოზიცია

თეონა აქუბარდია, საპარლამენტო ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“: „ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები. რუსული კანონის დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გამოაცხადა, გვაბრუნებს უკან, წარსულში. ამ მოცემულობაში ბრძოლის გადამწყვეტი ფაზაა როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის“.

ანა ნაცვლიშვილი, ლელო საქართველოსთვის“: „ „ქართული ოცნება“ მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია გადაწყვიტა თავის მარცხში გაიყოლოს მთელი ქვეყანა. ეს არ გამოუვათ. რუსული კანონი შემოიტანეს თავიდან იმიტომ რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს, მაშინ როდესაც თქვენ, ჩვენ და ყველა ამ ქვეყნის საღად მოაზროვნე მოქალაქეს ძალიან მკაფიოდ აქვს გაკეთებული და გაცხადებული არჩევანი“.

ხატია დეკანოიძე, საპარლამენტო ჯგუფი „ევროპოპტიმისტები“: „მე მივმართავ ყველას, მათ შორის ქალებს, ვინც არის ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ახალგაზრდებს, ყველა ადამიანს… ვინც ჩვენთან ერთად იდგა შარშან მარტში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის უკანსვლის საშუალება“.

ანა წითლიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ივანიშვილის პარტია და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია. ივანიშვილის პარტია კიდევ ძალიან ბევრს იზამს იმისთვის, რომ დააზიანოს ამ ქვეყნის ევროპული კურსი და თითოეული ჩვენთაგანის ვალია, როგორც აქამდე, ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ ეს რუსული კანონი არ მიიღოს პარლამენტმა“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „პირდაპირი, მკაფიო განცხადება… გააკეთა დღეს „ქართულმა ოცნებამ“, რომ მას არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. მორჩა, დამთავრდა, წერტილი.  სხვა ახსნა ამ ინიციატივას ნამდვილად არ აქვს“.

ნიკა გვარამია, „ახალი“: „ესაა ხაფანგი, კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში, ევროპის ჩემპიონატის დროს იგეგმება მისი მიღება, რათა ხალხმა ვერ გააპროტესტოს“.

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“: „უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონის ხელახალი ინიცირებით, საქართველოს მმართველი პარტია საარჩევნო მანიპულირების განზრახვას აანონსებს. საქართველოს ხელისუფლება აპირებს მთლიანად გაანადგუროს ნდობა არჩევნებზე ეროვნული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მათი დონორების მიმართ, რათა მოამზადოს საფუძველი მანიპულირებული შედეგების საჯარო აღიარებისთვის. დროა გავაერთიანოთ ძალისხმევა 2024 წლის მომავალი არჩევნების სამართლიანობისა და საქართველო-ევროკავშირის მომავლის დასაცავად!“

ანა დოლიძე, „ხალხისთვის“: „ქართულმა ოცნებამ დღეს გამოაცხადა, რომ ხელახლა წარადგენს კანონპროექტს, რომელიც უცხოური დახმარების ყველა მიმღებისგან მოითხოვს, რომ საკუთარი თავი უცხოური ინტერესების აგენტებად გამოაცხადონ. ეს არის ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ, პროტესტისკენ და ევროპის საწინააღმდეგო მიმართულებით“.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლება“: „ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა ისინი ამას მოახერხებენ, თუ არა ამ კანონის გატანას, ისინი ამ მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ იმიტომ, რომ ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა, განსაკუთრებით პაპუაშვილის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცეს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე 26 ოქტომბერს. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს… ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა. მე არ ვიცი ამის მზაობა ახლა რამდენად არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები სხვა პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button