ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ანტი-ლგბტ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 25 მარტს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ცვლილებებში მკაფიოდაა გაწერილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები“.

მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტი კენჭს უყრის ცვლილების შეტანას  საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში, რომელიც ოჯახს განიხილავს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. „ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით ‘ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით’“, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ კანონპროექტის მუხლებზე ისაუბრა:

 1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცის და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა: “ძალიან ახლო მომავალში ჩვენ დავაინიცირებთ უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც დაახლოებით რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს. ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან”. მან ასევე აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში “აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისთვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს”.

მდინარაძის თქმით, მმართველმა პარტიამ იცის, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებას და საკონსტიტუციო კანონს მხარს არ დაუჭერს, თუმცა, უმრავლესობა იმედოვნებს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალი მოწვევის პარლამენტი მაინც მიიღებს ამ ცვლილებებს.

განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილების დაინიცირების თაობაზე რამდენიმე კვირით ადრე წინ უძღოდა მდინარაძის განაცხადება, რომ მმართველი უმრავლესობა გეგმავდა შესაბამისი კანონპროექტის მომზადებას. იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომ ამგვარი კანონი კონსტიტუციის დარღვევის ტოლფასი იქნებოდა, მმართველმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ის არ მოამზადებდა ანტი-კონსტიტუციურ კანონის, და ამის სანაცვლოდ დღეს თავად კონსტიტუციის შეცვლის გეგმები დააანონსა.

საკონსტიტუციო კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა უშუალოდ კონსტიტუციის ტექსტში არაა ასახული. ამგვარი კანონის მისაღებად დეპუტატების ხმების სამი მეოთხედია (113 ხმა) საჭირო. თუ ცვლილებებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი (100 ხმა) დაუჭერს ხმას, მაშინ მომდევნო პარლამენტის მხარდაჭერა იქნება საჭირო კანონის მისაღებად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button