skip to content
ახალი ამბები

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მაჩალიკაშვილის განცხადებებს უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რომლის დროსაც პანკისის ხეობის 19 წლის მკვიდრი, თემირლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა, რაიმე ფორმით მონაწილეობა უარყო.

გოგაშვილმა 13 მაისს ტელეკომპანია „იმედთან“ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ერთი კვირით ადრე, უსაფრთხოების სამსახურმა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში გოგაშვილის მამის საფლავზე ტერორისტული აქტის დაგეგმვაში დაადანაშაულა.

2017 წლის დეკემბრის სპეცოპერაციის დროს, როდესაც პანკისის ხეობის რამდენიმე მოსახლე ტერორიზმში ეჭვმიტანილების ჯგუფისთვის დახმარების ბრალდებით დააკავეს, იოსებ გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

სპეცოპერაციის დროს, ერთ-ერთ ეჭვმიტანილს თემირლამ მაჩალიკაშვილს დაკავების დროს თავში ესროლეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, რასაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა პროპორციული ძალის გამოყენებით უპასუხეს. მაჩალიკაშვილის ოჯახმა ეს ვერსია უარყო და განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ოთახში შევიდნენ და ცეცხლი გახსნეს, თემირლან მაჩალიკაშვილს ეძინა. მათივე მტკიცებით სპეცოპერაციას სწორედ იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა.

გოგაშვილის განაცხადებით, ის სპეცოპერაციის დროს, თბილისში იმყოფებოდა და არა პანკისში, სადაც მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. „რა თქმა უნდა, არ ვიმყოფებოდი იქ და რომც ვყოფილიყავი, ამის დამალვა აზრს მოკლებულია იმიტომ, რომ ეს იყო კანონიერი მოქმედება სასამართლოს განჩინებით“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მაჩალიკაშვილის მოკვლის განზრახვა არ ჰქონიათ. „ჩვენ ყველაზე მეტ ჩვენებას ველოდებოდით მაჩალიკაშვილისგან, იმიტომ, რომ თუკი რამე სჭირდებოდა ჩატაევის გუნდს, მათ შორის ანგარიშის გახსნა, თანხების გადმორიცხვა, ტელეფონების შეძენა, აპლიკაციების ჩამოტვირთვა, ანუ ყველაფერში ეხმარებოდა ის“, – აღნიშნა გოგაშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა პირებმა შეცდომაში შეიყვანეს. „ეს ადამიანი ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი მიზნების მისაღწევად გამოიყენა. მათ უნდათ, რომ ის თავიანთი ნამოქმედარი – კატასტროფული მდგომარეობა იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით – უნდათ, რომ გააიგივონ [დღევანდელ ვითარებასთან]“, – განაცხადა გოგაშვილმა.

მისივე თქმით, მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ იდგეს და სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდა, რომ მათ უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

„მე შურისმაძიებელი არ ვარ და არც ვაპირებ კანონის იქით გადავიდე. მაგრამ, მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში ვინ იქნება ეჭვმიტანილი, გოგაშვილი და სახელმწიფო, ან პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში“, – განმარტა მან.

მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრუწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად, თითქმის ერთი წელია, რაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, პროტესტს გამოხატავს და 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელის დასჯას ითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button