Placeholder canvas
ახალი ამბები

კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ჩატაევის საქმეზე და საქართველოსთან ISIS-ის კავშირებზე საუბრობს

კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიმაკაძემ 19 ნოემბერს გაზეთ „კვირის პალიტრას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და სხვა საკითხებთან ერთად, თბილისში 2017 წლის ნოემბერში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ისლამური სახელმწიფოს წევრის აჰმედ ჩატაევის გეგმებზე ისაუბრა.

ჩიმაკაძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახური 2015 წლიდან ჩატაევს კვალდაკვალ მას შემდეგ მიყვებოდა, რაც ის პანკისის მკვიდრის აიუფ ბორჩაშვილის დაკავების გამო საქართველოს ხელისუფლებას დაემუქრა. ეს უკანასკნელი 2015 წლის ივნისში, ისლამური სახელმწიფოსთვის მებრძოლების გადაბირების ბრალდებით დააკავეს.

ჩიმაკაძის თქმით, 2016 წელს ჩატაევის ზუსტი ადგილსამყოფელი დადგინდა, ის სირიაში იყო, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. „ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით და გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლებოდა, არაერთ ქვეყანაში ჰქონდა დაგეგმილი ტერაქტები, მათ შორის, საქართველოშიც. თუმცა, ვინმეს რომ სცოდნოდა, ჩატაევს 21 ნოემბერს თბილისში აღმოვაჩენდით, მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო“, – განაცხადა მან.

ხელისუფლების განცხადებით, ჩატაევმა და მისმა თანამებრძოლებმა 2017 წლის ოქტომბერში თურქეთ-საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მონაკვეთი უკანონოდ გადმოკვეთეს, რათა, გავრცელებული ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილის დაპატიმრების წინააღმდეგ შურისძიების მიზნით საქართველოში ტერორისტული აქტები განეხორციელებინათ.

ჩატაევი თბილისში 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა. სროლის დროს მისი ორი თანამებრძოლიც დაიღუპა, ხოლო ერთი დააკავეს. ოპერაციის დროს, უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

ჩატაევის დაჯგუფებისთვის სხვადასხვა მომსახურების გაწევის ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს, მერვე – 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში დაკავების ოპერაციის დროს დაიღუპა. მაჩალიკაშვილის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

ჩიმაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ კონტრტერორისტულ ცენტრს „ოპერატიული ინფორმაცია“ ჰქონდა, რომ ჩატაევი „ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც“ ტერორისტულ აქტებს გეგმავდა. „ირკვევა, რომ ჩატაევს დავალებული ჰქონდა ხალხის მოძიება და ტერაქტების მომზადება საქართველოში, ასევე თურქეთშიც და მასობრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ბევრი უცხოელი ტურისტია“, – განაცხადა მან.

კითხვაზე იყო, თუ არა მათი სამიზნე საბავშვო ევროვიზია, რომელიც თბილისში 2017 წლის 26 ნოემბერს გაიმართა, ჩიმაკიძემ განაცხადა: „არ გამოვრიცხავ, რომ საფრთხე სწორედ აქ ყოფილიყო, სავსებით შესაძლებელია ეს ჯგუფი რომელიმე შენობაში შევარდნილიყო. შეიძლება ფიქრობდნენ­, რომ ისეთ რამეს გააკეთებდნენ, რაც შეაზანზარებდა არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც“.

ჩიმაკიძემ ისლამური სახელმწიფოს საქართველოსთან კავშირებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონტრტერორისტულმა ცენტრმა დაჯგუფების გამოჩენაში „დიდი საფრთხე“ დაინახა და მას აქტიური კონტრზომებით უპასუხა, მათ შორის, 2014 წელს ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობისა და მისი მხარდაჭერის კრიმინალიზაციით. „ფაქტია, საქართველოში ტერორისტული აქტი არ მომხდარა და ეს დიდწილად სწორედ ჩვენი სამსახურის მუშაობის შედეგია“, – განაცხადა მან.

ჩიმაკაძის თქმით, ამ დროისთვის, სირიაში საბრძოლო მოქმედებებში 15 საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 50 იყო. მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სირიაში საქართველოს 43 მოქალაქე დაიღუპა.

ჩიმაკაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ „საფუძვლიანი მტკიცებულებები გვქონდა მაჩალიკაშვილზეც, მათ შორის, იმდროინდელი სატელეფონო ზარები, როდესაც ჩატაევი და მისი ჯგუფის წევრები საქართველოში შემოდიან, მის სახელზე გაფორმებული სიმბარათები, მამამისის სახელზე გაფორმებული სიმბარათები, ტელეფონები, რომლებსაც ისინი კონსპირაციისთვის ერთმანეთში ხშირად ცვლიდნენ, ფულადი გზავნილები და ა.შ.“ ჩიმაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ კოლეგების დახმარებით მოხერხდა მაჩალიკაშვილის სატელეფონო მიმოწერის აღდგენა, სადაც „ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს და თითქოს ისიც მზად არის გარკვეულ ეტაპზე მსგავსი ქმედება თავადაც ჩაიდინოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button