Placeholder canvas
ახალი ამბები

პანკისის უხუცესთა კავშირი კვლავ მოითხოვს სუს-ის სპეცოპერაციის ობიექტურ გამოძიებას

პანკისის უხუცესთა კავშირმა 2 იანვარს გაავრცელებულ მიმართვაში კვლავ მოითხოვა ხელისუფლებისაგან, „ოპერატიულად და ობიექტურად გამოიძიოს“ 26 დეკემბერს სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 18 წლის ეჭვმიტანილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, დაჭრის შემთხვევა. 
უხუცესთა კავშირის წევრებმა დაადასტურეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათ გააცნო „მტკიცებულებების ნაწილი“, თუმცა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი „მასალების შინაარსის შეფასება რთულია და ის უნდა გახდეს სამართლებრივი განხილვის საგანი“. „პანკისის უხუცესთა საბჭო აცნობიერებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ბრალდებულთა დამნაშავეობასთან დაკავშირებით მტკიცებითი ხასიათის განცხადებებისგან“, – ნათქვამია მიმართვაში.
უხუცესებმა ასევე აღნიშნეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საჯაროდ გავრცელებული განცხადებით“ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მივიღეთ დასაბუთებული პასუხი კითხვაზე, რამდენად აუცილებელი და პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მისივე საძინებელ ოთახში, ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირ თავში სროლა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, – ვკითხულობთ უხუცესთა კავშირის განცხადებაში. 
უხუცესები მოუწოდებენ პროკურატურას, ოპერატიულად და ობიექტურად გამოიძიოს თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის შემთხვევა და რაც შეიძლება მოკლე დროში აცნობოს საზოგადოებას ინფორმაცია. ასევე, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების საქმეზე გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად, მხარეთა თანასწორობის პრინციპით“, – ნათქვამია უხუცესთა მიმართვაში. 
უხუცესებმა ასევე მიმართეს ხელისუფლებას, რომ „ადეკვატურად უპასუხოს თემში არსებულ ღრმა უკმაყოფილებას და გააკეთოს ყველაფერი ქვეყნის შიდა და გარე რესურსების მაქსიმალური გამოყენებით იმისათვის, რომ მოხდეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა“, რომელიც ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 
ეს უკვე მეორე მიმართვაა, რომელიც პანკისის უხუცესებმა 26 დეკემბრის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაავრცელეს. პირველი განცადება უხუცესთა კავშირმა გაავრცელა ერთი კვირის წინ, სოფელ დუისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც სუს-ის სპეცოპერაციას და, ახმედ ჩატაევის ტერორისტული ჯგუფისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით, ხეობის ხუთი მკვიდრის დაკავებას მოჰყვა. 
ადგილობრივების პროტესტის ფონზე, 29 დეკემბერს თელავაში უხუცესთა კავშირის წარმომადგენლებს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი, და სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია ახმედ ჩატაევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე. 
სუს-ის მიერ წარდგენილ მასალებთან გაცნობის შემდეგ, ერთ-ერთმა უხუცესმა ელიზბარ მარგოშვილმა განაცხადა, რომ „დავრწმუნდით. ასე ჩანს, რომ რეალობაა, რასაც აცხადებენ, რომ ეს ადამიანები ჩატაევთან მოქმედებდნენ“. მისივე თქმით, ჩატაევის ჯგუფი თბილისში მდებარე რუსეთის საელჩოს შენობაზე თავდასხმას გეგმავდა*. 
მარგოშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ის პატარა ბიჭი, როგორც, შეიძლება ითქვას, უმწიკვლო ადამიანი, ჩათრეულია იმ სიბინძურეში ჩატაევისა და მის ორგანიზაციის მიერ“. თუმცა მოგვიანებით, მარგოშვილმა ეს პოზიცია შეცვალა და ჩატაევის ჯგუფის საქმიანობაში მაჩალიკაშვილის „ჩათრევას“ „წამოცდენილი სიტყვა“ უწოდოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 21-22 ნოემბერს თბილისში, ისნის რაიონში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, სამი შეიარაღებული ეჭვმიტანილი გაანადგურა, ერთი კი – დააკავა. 1 დეკემბერს, სუს-მა დაადასტურა, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის იყო ისლამური სახლემწიფოს წევრი, ახმედ ჩატაევი, რომელიც აშშ-ის და გაეროს ტერორისტთა სიაში ირიცხებოდა. 26 დეკემბერს, სუს-მა ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული და დაკავებული პირების ვინაობაც დაასახელა და განაცხადა, რომ ტერორისტული ჯგუფი თურქეთსა და საქართველოში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდა. 
26 დეკემბერს, თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში (პანკისის ხეობაში) ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად,  სუს-მა ახმედ ჩატაევის ჯგუფისათვის მომსახურების გაწევის, აგრეთვე – რესურსებით და თავშესაფრით უზრუნველყოფის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. დაკავებულთაგან ოთხს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სპეცოპერაციის დროს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, თემირლან მაჩალიკაშვილი, თავის არეში დაიჭრა. სუს-ის განმარტებით, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა, რასაც სუს-ის მხრიდან „პროპორციული ძალის“ გამოყენება მოჰყვა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები კი ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს მძინარეს ესროლეს.
* პლატონ გუნაშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს, რომ ვიდეომასალა ხმის გარეშე იყო და ჩატაევის ჯგუფის წევრების საუბარი არ ისმოდა. მისივე თქმით, ეჭვმიტანილთა გეგმები, რომლებშიც რუსეთის საელჩოზე და „ბავშვთა ფესტივალზე“ თავდასხმა შედიოდა, უხუცესებს სუს-ის უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა გააცნო. ფესტივალში, როგორც ჩანს, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი იგულისხმებოდა, რომელიც თბილისში 26 ნოემბერს, ისანში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გაიმართა. 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button