ახალი ამბები

საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წელს არსებულ გლობალურ კონტრტერორისტულ გარემოს აფასებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს საქართველოში ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება კვლავ „მშვიდი და სტაბილური“ იყო. ანგარიშში საქართველო შეფასებულია როგორც „აშშ-ის ძლიერი პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში“.

ანგარიშში საქართველოს მნიშვნელოვან კონტრტერორისტულ წარმატებებზეა საუბარი, მათ შორის ნახსენებია ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთის ფაქტი, რომელიც, სავარაუდოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ორგანიზებით დაიგეგმა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ 2022 წელს საქართველოს ხუთი მოქალაქე გაასამართლა, რომლებიც 2021 წელს ISIS-თან კავშირის გამო დააკავეს. მსგავსი ბრალდებით კიდევ ერთი პირი იქნა დაკავებული.  

სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებას და აღნიშნავს, რომ ქვეყანამ გასული წლის განმავლობაში სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად იმუშავა და ამ მიზნით საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სწავლებებში მიიღო მონაწილეობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „რადგან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები, საქართველო ვერ აკონტროლებს საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს რუსეთთან და ამიტომ თავის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება“. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა, რომლებიც შეფასებულია როგორც „კომპეტენტური და ორგანიზებული“, უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობას საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წელს საქართველომ სახმელეთო საზღვრის, საავიაციო და საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე იმუშავა და დეკემბერში 2023-27 წლების საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგია დაასრულა. 2022 წლის დასაწყისში ქვეყანამ აამოქმედა მგზავრთა ინფორმაციისა და მათი სახელების აღრიცხვის სისტემები ავიაკომპანიებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და შესაბამის სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ მაისში ნატომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფი ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი საზღვაო ანტიტერორისტული ოპერაციის, „ზღვის მცველის“ ოპერატიულ პარტნიორად აღიარა.

რაც შეეხება მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო კონტროლს, დოკუმენტში აღნიშნულია აზერბაიჯანის საზღვართან 24/7 ვიდეო თვალთვალის სისტემის დამონტაჟება, ასევე საქართველოს სამხრეთ საზღვრის მთელ პერიმეტრზე ელექტრონული ღობეების და თხრილის ბარიერების მშენებლობა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო უსაფრთხოების გამოწვევების მოსაგვარებლად აშშ-ს მხარდაჭერის იმედი აქვს. კერძოდ, საუბარია საპატრულო კატარღების ახალ ძრავებსა და სწრაფი რეაგირების ჯგუფების აღჭურვილობაზე. ასევე აღნიშნულია, რომ 65 სასაზღვრო პუნქტიდან, დაახლოებით 10, რომლებიც რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მაღალმთიან რაიონებში მდებარეობს, „პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია“ და მთელი წლის განმავლობაში პერსონალის განთავსებისთვის შეუსაბამოა. შედეგად, „რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მაღალმთიანი რაიონებში მდებარე საზღვრების მონაკვეთები ზამთრის თვეებში ვერ დაკომპლექტდება, რის გამოც ეს ტერიტორიები ღია რჩება უკანონო ქმედებებისთვის“.  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა წარმატებით აღკვეთეს ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფის „ალტ-ინფოს მიერ 2022 წლის ივნისში „თბილისი პრაიდის“ ჩაშლა. „ალტ-ინფო“ ასევე ასოცირდება ძალადობრივ ექსტრემიზმთან, მათ შორის ათობით ჟურნალისტსა და აქტივისტზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზებასა და განხორციელებასთან 2021 წლის 5 ივლისის „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების, ასევე 5 ივლისის ძალადობის წინააღმდეგ 2021 წლის 6 ივლისს გამართული საპროტესტო აქციის დროს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია, რომელიც „ძალადობრივ ექსტრემიზმთან“ ასოცირდება, 2021 წლის ძალადობის სხვა ორგანიზატორებთან ერთად, 2022 წელს პასუხისგებაში არ მიუციათ. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ „ალტ-ინფომ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ქვეყნის მასშტაბით საკუთარი წარმომადგენლობა გააფართოვეს.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანა „ზოგადად, მზად არის გამოავლინოს ტერორისტული საფრთხე, შეაფერხოს მისი განხორციელება და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე“ და დასძენს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზეა პასუხისმგებელი, „ზოგადად, კარგად აღჭურვილი და კარგად მომზადებულია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button