ახალი ამბები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისკენ მოუწოდებს

20 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯეროვნად აღსრულდეს და ეროვნულ დონეზე საქმის გამოძიება  დაუყოვნებლივ განახლდეს.

2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც, ხეობის მკვიდრი, 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. ის 2018 წლის 10 იანვარს, თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, რომ ის სპეცოპერაციის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, რასაც სუს-ის მხრიდან „პროპორციული ძალის“ გამოყენება მოჰყვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 19 იანვარს საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში, ხოლო არსებით ნაწილში, სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადების თანახმად, „სწორედ გამოძიებაში დაშვებული ძირეული ხარვეზები გახდა მიზეზი იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო მსჯელობა სიცოცხლის უფლების არსებითი (სუბსტანციური) ნაწილის დარღვევაზე“. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ ნაწილში 2023 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება, მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, 2023 წლის 18 აპრილს გასაჩივრდა. თუმცა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საჩივარი 2023 წლის 22 მაისს დაუშვებლად ცნო, რის შემდეგაც საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

ორგანიზაციის თქმით, გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახდენს, სიცოცხლის ხელყოფის სხვა საქმეებთან ერთად.

„კომიტეტმა მაჩალიკაშვილების საქმე საქართველოს წინააღმდეგ სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ჯგუფში (ცინცაბაძის ჯგუფი) გააერთიანა და მასზე გაძლიერებული ზედამხედველობა დაიწყო. აღნიშნულის შემდეგ, 2023 წლის 23 ოქტომბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა წერილობითი ანგარიში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასატარებელი ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების თაობაზე“, – აცხადებს ორგანიზაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეროვნულ დონეზე გამოძიების განახლებისკენ მოუწოდებს. ის ასევე ითხოვს სისტემური ინსტიტუციური ცვლილებების გატარებას საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. ორგანიზაციის თქმით, საჭიროა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების გაზრდა სპეციალური ოპერაციების ჩატარების დროს; გამოძიების მსვლელობისას დაზარალებული პირებისთვის და მათი ადვოკატებისთვის საიდუმლო მასალების წვდომასთან დაკავშირებული ბარიერების მოხსნა; დაზარალებული პირების საპროცესო უფლებების ჯეროვანი რეალიზაცია, მათ შორის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სტანდარტის ბუნდოვანი და ნაკლოვანი სამართლებრივი პრაქტიკის ცვლილება; სამართალდამცავი ორგანოების დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების შემთხვევებზე სახელმწიფოს სისტემური გულგრილობის ნეგატიური პრაქტიკის შეცვლა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ ეროვნულზე დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების განახლების მოთხოვნით მან უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. „ჩვენი მიმართვის შემდგომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყებაზე ფორმალურად არ განაცხადა უარი, წერილობით გაგვიზიარა სრულიად დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი განმარტება, რომ უწყება შემდეგი 6 თვის განმავლობაში გაივლის კონსულტაციას მინისტრთა კომიტეტთან, რათა უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ნაბიჯების დაგეგმვა“, – განაცხადა ორგანიზაციამ და დასძინა, რომ მინისტრთა კომიტეტის პროცედურა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებთან რაიმე სახის კონსულტაციის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის „ეს პოზიცია საქმეზე გამოძიების განახლების განზრახ გაჭიანურებას უფრო ჰგავს“. „გამოძიების გაჭიანურების შემთხვევაში კი არსებობს რისკი, რომ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები დროის შემდეგ სათანადოდ ვეღარ ჩატარდეს და საქმეზე სწორი სამართლებრივი შედეგის დადგომა გართულდეს. ამასთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამგვარი მიდგომა ზოგადად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურების არასათანადო გაგებას აჩვენებს და ამ ახალი უწყების მიმართ ნდობაზე ნეგატიურად აისახება“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button