ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ცინცაბაძის ჯგუფის საქმეთა დროულ გამოძიებას ითხოვს

12-14 მარტს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების არადროული აღსრულების გამო ცინცაბაძის ჯგუფის საქმეთა განხილვისას, რომლებიც ეხება სიკვდილს, წამებას და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს, ასევე იმ ქმედებების არაეფექტურ გამოძიებას, რომელთა უმეტესობაშიც სამართალდამცველებისა და ციხის თანამშრომელთა ბრალეულობა იკვეთება.

მინისტრთა კომიტეტმა მზექალიშვილის, კოპაძისა და ჩანტლაძის საქმეებზე ზედამხედველობა შეწყვიტა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ „შეასრულა თავისი პირობა ახალი გამოძიების ჩატარების თაობაზე“. მათ ასევე შეწყვიტეს ცინცაბაძის, მინდაძის, ნემსიწვერიძისა და მიქიაშვილის საქმეები (2006 წლის მოვლენებთან დაკავშირებით), რადგან ამ საქმეებზე შემდგომი გამოძიება შეუძლებელია „დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობის არარსებობის, ასევე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო“.

მართალია მინისტრთა კომიტეტმა სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში პროგრესი აღნიშნა, მან „სერიოზული შეშფოთება გამოხატა სხვა გამოძიებების არაოპერატიულობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მათი სწრაფად და სრულყოფილად დასრულებისთვის“.  

კომიტეტმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „წარმოადგინოს კონსოლიდირებული ინფორმაცია ყველა მიმდინარე გამოძიების შესახებ, მათ შორის, დაბრკოლებების დასაძლევად გადადგმული ნაბიჯებისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად დაგეგმილი საგამოძიებო ზომების შესახებ“. გარდა ამისა, კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას უზრუნველყოს „მაჩალიკაშვილი და სხვების“ და ოჩიგავას საქმის მასალების დაჩქარებული ხელახალი განხილვა და აცნობოს მოსარჩელეებს და კომიტეტს ამ გამოძიებების ხელახლა დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ.

მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა, რომლის მთავარი ფუნქციაც სახელმწიფო მოხელეთა მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამოძიებაა, და უზრუნველყოს სამსახურის დამოუკიდებლობა პროკურატურისგან.

კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიუხედავად, გაზარდოს მსხვერპლთა შესაძლებლობები პროკურატურის გადაწყვეტილებების სასამართლოში გადახედვის კუთხით, რჩება სერიოზული შეშფოთება დაზარალებულთათვის ოფიციალური პროცედურული სტატუსის მინიჭების ხარვეზებთან დაკავშირებით, რაც მთავარი წინაპირობაა გამოძიებაში მათი მნიშვნელოვანი მონაწილეობისთვის. მინისტრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს საკანონმდებლო ან პრაქტიკული ზომები ამ საკითხის სისტემატური და მდგრადი გადაწყვეტის მიზნით.

მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები დაუსჯელობის თავიდან ასაცილებლად და კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ის ასევე მოუწოდებს ქვეყანას გააძლიეროს არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მექანიზმები, მათ შორის გააფართოვოს სამართალდამცავებსა და ინდივიდუალურ პირებს შორის ურთიერთობის ამსახველი ვიდეო/აუდიო ჩანაწერები.

„მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

„მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ცინცაბაძის ჯგუფში გაერთიანებული ერთ-ერთი საქმეა, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 19 იანვარს ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში, ხოლო არსებით ნაწილში, სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა.

2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც, ხეობის მკვიდრი, 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. ის 2018 წლის 10 იანვარს, თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, რომ ის სპეცოპერაციის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, რასაც სუს-ის მხრიდან „პროპორციული ძალის“ გამოყენება მოჰყვა.  მაჩალიკაშვილის ოჯახი ამ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ მას ეძინა, როდესაც სუს-ის თანამშრომლები ოთახში შევიდნენ და ცეცხლი გახსნეს.

მაჩალიკაშვილის უფლებების დამცველმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 20 მარტს განაცხადა, რომ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები სრულად შეესაბამება საქართველველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნებს ხელისუფლების მიმართ. ორგანიზაციის თქმით,  უკვე 11 თვეა ის უშედეგოდ ითხოვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან გამოძიების განახლებას.

„ამ მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წარვუგინეთ იმ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარება ახალი გამოძიების ფარგლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მოვითხოვეთ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების თაობაზე გამოძიების დაწყება“, – განაცხადა ორგანიზაციამ და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ახლადდაფუძნებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ მოთხოვნებს რამდენიმე თვეა უპასუხოდ ტოვებს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვებს აღნიშნული სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ განაახლოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება და უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button