skip to content
რესპუბლიკის ამბები

ქართული დემოკრატიის გამომაფხიზლებელი და ქვეყნის პატრონი – ნოე ჟორდანია

ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1918 წელი, 7 ივლისი, N10.

            უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიანო, ტყუილად არ  უთქვამს ჩვენს ხალხს და აკი ამიტომაც იყო, რომ ჩვენს ეკლესია-ტაძარს სამშობლო საქართველოს  მრავალი ჯურის ეშმაკი ეპატრონებოდა.

            რევოლუციამდე რუსის მთავრობა თავისი ათას გვარი გათახსირებული მოხელეებით, რევოლუციის შემდეგ – სხვა და სხვა ვითომდა სოციალისტები, მგლები ცხვრის ტყავში გახვეულნი…

            და ამ ეშმაკთა პატრონობას, ნამდვილად ბატონობას თუ იცით რა მოჰყვა? – მოჰყვა ისა, რომ, ხალხურად რომ ვსთქვათ, ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობს: ერთი ალთას, მეორე ბალთას გავიწევით, ძმა ძმას აღარ ინდობს, ერთი კუთხე მეორე კუთხეს, არა მკითხე გაიძვერები ნამდვილ მოქალაქეთ სისხლს უშრობენ, აგერ იგერ სოფელში სხვა და სხვა პარტიული სახელებით, უფრო ბოლშევიკურ სახელწოდებით ქვეყნის ნაძირლებმა თავი წამოჰყვეს და ბრალიან უბრალოს  მზეს უბნელებენ, სცარცვავ – გლეჯენ, გარეშე შინაურს ითხოვს – აზამბყრელი თათარი გოჭის თავს მედავებაო, ხომ გაგიგონიათ…

            ერთი სიტყვით ის მოხდა, რასაც უცხო ენით ანარქია ეწოდება…

            რათ იყო ასე? იმიტომ რომ თუმცა მრავალი ჭირისუფალი გვყავდა, არც ერთი ნამდვილი პატრონი: ერთ კუთხეს მეორისა არ ესმოდა, ქვეყნის განაპირა ნაწილს დედა ქალაქისა. ხელები, ფეხები, თვალები, პირი და ყურები რომ ერთმანეთ აუჯანყდნენ, განა ადამიანის სხეული იცოცხლებს?! ცხადია ვერა ჩვენში კი გურიის კომიტეტი ცალკე გამოცხვა, ლეჩხუმის თავისთვის ყოყლოჩინობს, სომხით საქართველო ბუზღუნობს და ყოველი „ვაჭარი“ თავისებურად სწონის და ზომავს, ყოველი სოფელი თავისებურ გამგეობს… ვითომ მთელი მთავრობა გვყავდა, ერისგან რჩეული, და მას წინ ეღობებოდნენ. ანუ მის საქმიანობას წელშივე აჩლუნგებდნენ სხვა და სხვა ყაიდის მმართველი წრენი… ასეთ გაწამაწიას რა უნდა მოჰყოლოდა? – ჩვენი უეჭველი დაღუპვა მტერთა სასიხარულოდ და აკი ყოველ მხრივ ცეცხლი წაგვიკიდეს, შინ თუ გარეთ…

            ასეთი სავალალო მდგომარეობა ქვეყნისა ჩვენი ერის რჩეულმა შვილებმა ასწონ-დასწონეს მოსალოდნელი უბედურება გაითვალისწინე და ახალი საქართველოს სათავეში, ჩვენი ქვეყნის პატრონად ჩააყენეს ნოე ჟორდანია.

            ვინ არის ნოე ჟორდანია?

            ვინც ანი და ბანი იცის საქართველოს დემოკრატიის ხსენება გაუგია, იმას ისიც ეცოდინება, რომ ეს ის ნოე ჟორდანიაა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ქართველი ხალხის დემოკრატიის გამოფხიზლებას შესწირა, ახალი დემოკრატიული საქართველო შეჰქმნა… ეს ის ნოე ჟორდანიაა, რომელმაც ძველი თვითმპყრობელობის დასამხობად თითქმის მთელი 30 წელიწადი იბრძოლა და თუმც მრავალი სასჯელი მიაყენეს იგი მაინც არ შეუდრკა, ხალხის სასიკეთოდ აღმართული დროშა ერთხელაც არის ძირს არ დაუშვია და ბოლოს მანვე გამოაცხადა საქართველოს თავისუფლება – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

            ამიერიდან სრულიად საქართველომ თავისი ბედის საჭე ნოე ჟორდანიას მიანდო… მაშ დაე, ქართველმა ხალხმა და, საქართველოს ყველა ერთგულმა მოქალაქემ მხარი გაუმაგროს ნოე ჟორდანიას მთავრობას და სწამდეს, რომ ჩვენი ჭაღარა  მოსილი ბელადი ხრამში არ გადაჩეხავს… მისი დანიშვნა ჩვენი ქვეყნის ახალი ხანის დასაწყისია.

იოსებ იმედაშვილი

მსგავსი/Related

Back to top button