რესპუბლიკა 100

გაიხსნა საქართველოს დამფუძნებელი კრება – 12 მარტის ზეიმი ტფილისში

Tags

(„საქართველოს რესპუბლიკა“, 14 მარტი, 1919, N58)

ოთხშაბათს, 12 მარტს, დილა ადრიანვე, ტფილისმა სადღესასწაულო სახე მიიღო. ქუჩებში დიდი მოძრაობა იყო, ნამეტნავათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. სხვა და სხვა განაპირა უბნებიდან მოქალაქენი მიეშურებოდნენ რუსთაველის (ყოფილ გოლოვინის) ქუჩაზე, რომ სასახლესთან ახლო მოთავსებულიყვენ ზეიმზე დასასწრებათ. დილის 11 საათზე სასახლესთან დაიწყო მოსვლა სხვა და სხვა პროფესიონალურ და მუშათა ორგანიზაციებმა თავიანთ სარევოლიუციო და საერო დროშებით და სიმღერით. აქვე მოვიდნენ სხვა და სხვა სასწავლებლების მოსწავლენი გაფრიალებულ დროშებით და მუსიკით, ინტერნაციონალის და ქართულ ჰიმნის დაკვრით და სარევოლიუციო სიმღერებით. ქალაქის ყველა კუთხიდან მოსული ყველა პროფესიის და ეროვნების და ორივე სქესის მასსა გამწკრივდა და შემოერტყა სასახლეს, სადაც ამ დღეს დანიშნული იყო დიდი ისტორიული პირველი სხდომა დამფუძნებელ კრებისა.

სასახლე გარედან მთლად დამშვენებულ იყო ქართულ ეროვნული ბაირაღებით და მცენარეულების წნულით. და მათ ზემოთ ფლაგ-შტოკზე ამაყათ ფრიალებდა სარევოლიუციო წითელი დროშა, რომლის ქვეშ ამ ორი წლის განმავლობაში თავისუფლებამ საქართველო მიიყვანა დამფუძნებელ კრებამდე და დამოუკიდებლობის განხორციელებამდე.

11 ნახევარ საათიდან დაიწყო სასახლეში შეკრება დამფუძნებელ კრების და მთავრობის წევრთა, უცხოეთ სახელმწიფოების, სამინისტროების, საქართველოს და უცხოეთ პრესის წარმომადგენელთა და ამ ზეიმზე მოწვეულ სტუმრებისა.

სასახლის თეთრ დარბაზში შუა ალაგები დაიჭირეს დამფუძნებელ კრების სოციალ დემოკრატების ფრაქციის წევრებმა მარჯვნივ ალაგები დაიკავეს ეროვნულ დემოკრატების ფრაქციის წევრთა და მარცხენა ალაგები – სოციალ რევოლიუციონერთა და სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციებმა.

პრეზიდიუმის ალაგებიდან მარცხნივ დასხდნენ ცალკე მომზადებულ ალაგებზე მთავრობის წევრნი თავის თავმჯდომარე ნ. ნ. ჟორდანიას მეთაურობით. მარცხნივ პირველ ლოჟაში ისხდნენ საქართველოს პატრიარქ კათალიქოსი ლეონიდი, სემინარიის რექტორი დეკანოზ. კეკელიძე და დეკანოზ კ. ცინცაძეთურთ. შემდეგ ორ ორ ლოჟაში, რომელიც გადის ყვითელ სასტუმროში მოთავსდნენ უცხოეთ სახელმწიფოების წარმომადგენელნი. მათ შორის ინგლისის წარმომადგენელი ბ-ნი სანდერსი, საფრანგეთის წარმომადგენელი კაპიტანი გასფენი, ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატების წარმომადგენელი ბ-ნი მეინი, შვეიცარიის წარმომადგენელი ბ-ნი ბერლემონი, ისპანიის და ნიდერლანდიის წარმომადგენელი ბ-ნი პერესლიანტი, პოლონეთის წარმომადგენელი ბნი ასტროვსკი, სპარსეთის წარმომადგენელი ბ-ნი მაზარეთ დოულე, საბერძნეთის წარმომადგენელი ბ-ნ მანულიდი, სომხეთის წარმომადგენელნი ბ-ნი სააკიანი და თუმანოვი, ადერბეიჯანის წარმომადგენელი ბ-ნი ჯაფაროვი, მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენელი ბ-ნნი ჯაბაღიევი და ახუნდოვი, უკრაინის წარმომადგენელი ბ-ნი კულინსკი, ლიტვის რესპუბლიკის წარმომადგენელი ბ-ნი დაილიდა, ჩეხო სლოვაკების წარმომადგენელი ბ-ნი სვატოში და ბაშკირეთის წარმომადგენელი ბ-ნი მონატოვი. მარჯვენა და პირდაპირ ლოჟაში მოთავსდნენ დიპლომატიურ მისიის წარმომადგენელნი მთავრობის უმთავრესი გამგენი და საქართველოს და უცხოეთის პრესის წარმომადგენელნი. დარბაზის ქანდარა სავსე იყო მოქალაქეებით.

სანამ სასახლეში იკრიფებოდნენ დამფუძნებელ კრების წევრნი და სტუმრები, ქუჩაში სასახლის წინ ხალხი სულ ემატებოდა, გაისმოდა მუსიკის და სიმღერის ხმა.

ამავე დროს, ალექსანდრე ნევსკის სამხედრო ტაძრის გალავანში გამწკრივდა ტფილისის გარნიზონის ჯარის ნაწილები, რომელნიც პარადში იყვნენ დანიშულნი საქართველოს პირველ სამხედრო დროშის მისაღებათ და სამსახურიდან თავისუფალი მილიციის რაზმი.

სიონის საკათედრო სობოროში წირვის შემდეგ სამღვდელოების მიერ მრავალი ხალხის დასწრებით პარაკლისი იყო გადახდილი.

ნაშუადღევის 12 საათზე და 13 წუთ. დამფუძნებელ კრების შეკრებულთა შორის უხუცეს წევრმა ს. ბ. ჯიბლაძემ გახსნა პირველი სხდომა და მდივნის თანამდებობის ასასრულებლათ მიიწვია ყველაზე უნცროსი წევრი გ. ა. ფაღაცა. ბ. სილიბისტრო ჯიბლაძემ კრება გახსნა სიტყვით.

წარმოსთქვა რა მისალოცი სიტყვა დღიურ წესრიგისამებრ ბ. ს. ბ. ჯიბლაძემ წინადადება მისცა კრებას ამოირჩიოს დამფუძნებელ კრების პირველი თავმჯდომარე.

დამფუძნებელ კრების წევრმა ბ. ნოე ცინცაძემ, რომელიც პირველი შესდგა კათედრაზე, სოციალ დემოკრატთა ფრაქციის სახელით კრების თავმჯდომარეთ დაასახელა ბ. ნ. ს. ჩხეიძე და მის უფროს ამხანაგათ – ბ.  ალ. ს. ლომთათიძე. დანარჩენი ფრაქციებს თავიანთი კანდიდატები არ დაუსახელებიათ. ორივენი ერთხმად იყვნენ ამორჩეულნი. არჩევნები დიდი ტაშის კვრით იყო მიღებული.

ბ. ნ. ს. ჩხეიძის ტფილისში არ ყოფნისა გამო თავმჯდომარის ალაგას ავიდა ალ. ლომთათიძე და წარმოსთქვა სიტყვა, დამთავრებული ტაშის კვრით.

სიტყვით შემდეგ თავმჯდომარის მოადგილემ ალ. ლომთათიძემ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც კრებამ ფეხზე ადგომით მოისმინა და ერთხმათ დაამტკიცა. 1 ½  საათზე დაიწყო ამ აქტზე დამფუძნებელ კრების წევრთა მიერ ხელის მოწერა. აქტზე უპირველესად მთავრობის თავმჯდომარე ნ. ნ. ჟორდანიამ მოაწერა ხელი.

აქტზე ხელის მოწერის შემდეგ, კრებამ მიიღო წინადადება, შემდეგი სხდომა დაინიშნოს 14 მარტს ნაშუადღევის 12 საათზე პრეზიდიუმი დანარჩენ წევრების ასარჩევათ და მთავრობის მოხსენების მოსასმენათ.

სანამ თეთრ დარბაზში აქტზე ხელს მოაწერდნენ ბ. ს. ბ. ჯიბლაძე და სხვანი გამოვიდნენ სასახლიდან და შეკრებულ აუარებელ ხალხთან და სასახლის წინ ორ ალაგას დაიწყო მიტინგი, რომელშიაც ბ-ნ ჯიბლაძის, ნოე რამიშვილის გარდა, მრავალმა ორატორებმა ქართულ და რუსულ ენაზე წარმოსთქვეს თავიანთ სიტყვები. ხალხი დამფუძნებელ კრების გახსნას „გაუმარჯოს საქართველოს“ ძახილით ულოცავდა.

აქტის ხელ მოწერის შემდეგ 99 წევრთა მიერ, რომელნიც კრების გახსნაზე დაესწრნენ მუსიკის ორკესტრმა სასახლის აივანზე ჰიმნი დაუკრა, რომელსაც აღტაცებით „ვაშას; ძახილით მიეგება ხალხი.

ამის შემდეგ დამფუძნებელ კრების დარბაზში ფილმის ფირმის მიერ რამდენიმე ფოტოგრაფიული და კინემატოგრაფიული სურათი იქნა აღებული ამ დიდებულ მომენტისა.

ნაშადღების 1 საათ. და 45 წუთ. კრების პირველი სხდომა დაიხურა.

ნაშუადღების 2 საათზე დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის მოადგილე ა.ს. ლომთათიძე სამხედრო მინისტრთან ერთად სასახლიდან გადავიდა ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის გალავანში, საცა ჯარი იყო შეკრებილი საქართველოს პირველ სამხედრო დროშის გადასაცემათ.

საქართველოს მე-5 ქვეითი პოლკს პირველი სამხედრო დროშის ჩაბარება დიდი ზეიმით მოხდა და მაზე დაესწრო დამფუძნებელ კრების და მთავრობის წევრნი და დიდი ძალი ხალხი.

ამ ზეიმის შესახებ ცნობა შემდეგ ნომერში გვექნება მოთავსებული.

Show More

Related Articles

Back to top button