ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც 16-27 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა და აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებისა და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. მათ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს, რა დროსაც ბახტაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ მაიკ პომპეომ „კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის სიძლიერეს“.

„ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომ გააძლიეროს კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებულებიანი მთავრობა“, – აღნიშნა ნაუერტმა და დასძინა, რომ მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როდესაც საქართველო ნატოში გაწევრიანდება.

პრესსპიკერმა რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირების, ასევე გარდაცვალების, გატაცებებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფაქტების მიუხედავად, რასაც რუსული ოკუპაციის პირობებში ჰქონდა ადგილი, საქართველო განაგრძობს საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირებას და ეკონომიკის განვითარებას“.

ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონს, ასევე სენატორებს – ლინდსი გრემს, როჯერ ვიკერს, ბობ კორკერს და რობერტ მენენდესსაც შეხვდა.

პრემიერი საერთაშორისო ორგანიზაციების, ანალიტიკური ცენტრებისა და ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდა, ხოლო ორ მედიასაშუალებას – The Hill და Fox News აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე შეხედულებები გაუზიარა.

ბახტაძე ვაშინგტონს დღეს დატოვებს და შეხვედრებს ნიუ-იორკში განაგრძობს, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობით გამართულ მიღებასაც დაესწრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button