ახალი ამბები

ჰელსინკის კომისია: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა საქართველოს კანდიდატის სტატუსის თვითსაბოტაჟია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ 5 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლითაც „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება არის „მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი კანდიდატის სტატუსის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ რთულად მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა“.

ჰელსინკის კომისია ასევე აცხადებს, რომ „ეს კანონპროექტი არის რუსული კანონმდებლობის ასლი და მისითაა შთაგონებული. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „შოკისმომგვრელია, თუმცა არა გასაკვირი, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ დაადგება ამ გზას, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა“.

კომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „უარი თქვას კანონპროექტზე და დაუბრუნდეს თავის წინა ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ  გააკეთა განცხადება. 2023 წლის 7-9 მარტის მასობრივი აქციების შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button