ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 24 მარტი

Crocus City Hall

აგრესიულ ომებსა და სხვებზე ძალადობას შეგუებული მოსკოვი, პარასკევს საღამოს, საშინელმა ტერაქტმა შეძრა. ოთხი შეიარაღებული პირი  მოსკოვის შემოგარენში მდებარე საკონცერტო დარბაზ “Crocus City Hall”-ში შეიჭრა, მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა და ასაფეთქებელი საშუალებებიც გამოიყენა. შედეგად, 137 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი დაშავდა, საკონცერტო დარბაზს კი, ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ავღანურმა განშტოებამ აიღო. საგულისხმოა, რომ ტერაქტამდე ორიოდე კვირით ადრე, ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა მოსკოვში აშშ-ს საელჩომ, თუმცა რუსულმა მხარემ ეს გაფრთხილება არაფრად ჩააგდო და მათ რუსების ტვინის ასარევად გამიზნული დეზინფორმაცია უწოდა. ეხლა, ვლადიმირ პუტინი ყველანაირად ცდილობს ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს და ხალხის ბრაზი დასავლეთისკენ მიმართოს.


წერილი თუ სიხარული?

უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი რუსეთში “საპრეზიდეტო არჩევნების“ საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას დაელოდა და ვლადიმირ პუტინს მისალოცი წერილი გაუგზავნა. პრეზიდენტად არჩევას გილოცავ და შენ კარგად იცი, მე დიალოგის და მშვიდობის მომხრე კაცი ვარო – მიუწერია ორბანს პუტინისთვის და იქვე დაუმატებია – თანამშრომლობა ძველებურად განვაგრძოთო. პატივცემული ორბანი ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი აღმოჩნდა, რომელმაც პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. არც ევროკავშირსა და არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს პუტინისთვის გამარჯვება არ მიულოციათ, მათ პუტინის დადგმული “არჩევნები” ფარსად შეაფასეს. შოლცის მთავრობაში ისიც კი თქვეს – ვლადიმირ ვლადიმერის ძეს პრეზიდენტად მოხსენიება გაგვიჭირდება, ამიტომ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მას უბრალოდ “პუტინად” მოვიხსენიებთო. ევროკავშირის გარდა, პუტინის “საპრეზიდენტო არჩევნები” არც ვაშინგტონსა და ლონდონში უღიარებიათ.


გერმანული სამხედრო დახმარება

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა რთულ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი სამხედრო დახმარება გამოუყო. ამ გერმანული დახმარების ფარგლებში,  უახლოეს მომავალში უკრაინა 10 ათას ჭურვს, 100 ქვეითთა ჯავშანმანქანას, 100 ლოგისტიკის სპეციალურ მანქანასა და მათ ნაწილებს მიიღებს. პისტორიუსი ასევე თანახმაა შეუერთდეს უკრაინისთვის ჭურვების ერთობლივი შეძენის ჩეხურ ინიციატივას და აანაზღაუროს 180  ათასი ჭურვის ხარჯი. დღესდღეობით, ბევრი კრიტიკის მიუხედავად, უკრაინისთვის აღმოჩენილი სამხედრო დახმარების მხრივ, გერმანია ევროპულ სახელმწიფოებს შორის უპირობო ლიდერია. შოლცის მთავრობას გინდა გაღმა მოედავე, გინდა გამოღმა – უკრაინისთვის საერთო ჯამში, თითქმის 18 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარება აქვს გამოყოფილი.


ვაიმარის სამკუთხედი”

მსხვილი გერმანული დახმარების გამოცხადებამდე, რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები “ვაიმარის სამეულის” ფორმატში ბერლინში შეიკრიბნენ და უკრაინის დახმარების საქმეში გაჩენილი უთანხმოებების მოგვარებას შეეცადნენ. მართალია, ბერლინის შეხვედრაზე რაიმე არსებითად ახალ ინიციატივებზე არ შეჯერებულან, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ უკრაინასთან თანამშრომლობით, სამხედრო წარმოება უნდა გაძლიერდეს და გასაჭირში მყოფ კიივს უფრო კოორდინირებული სამხედრო მხარდაჭერა აღმოეჩინოს. ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ სამნი, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საქმეს დიდი სერიოზულობით ვეკიდებითო – უთქვამს ემანუელ მაკრონს ბერლინში. თავის მხრივ, კანცლერმა შოლცმაც დაადასტურა, რომ სამივე ქვეყანა თანახმაა, სამხედრო წარმოება ამოიქოქოს და უკრაინასთან პარტნიორობით, სამხედრო ტექნიკისა თუ აღჭურვილობის წარმოება გაძლიერდეს. ვაიმარის ფორმატში საუბრებმა თითქოს მცირედით დააცხრო ის ფრანგულ-გერმანული უთანხმოებებიც, რაც მაკრონის მხრიდან უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის ხსენებას მოჰყვა.


სომხეთის ევროპული ვნებები

12 მარტს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სომხეთს, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მსგავსად, ევროკავშირის რელსებზე შედგომა შესთავაზა. მივესალმებით სომხეთთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებასო – ასე უპასუხა ევროპარლამენტმა სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების სურვილს. რეზოლუციის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმზე მყოფმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა არ დამალა და ყველას გასაგონად თქვა, რომ ერევანი ევროკავშირთან დაახლოებითაა დაინტერესებული და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანასაც განიხილავს. ამასობაში, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმაც არ დააყოვნა და თამამად განაცხადა – სომხეთის ევროკავშირში გაწევრებაზე უნდა დავფიქრდეთ და ეს თემა ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად ვაქციოთო. მოკლედ, მოსკოვთან გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, ერევანი სულ უფრო თამამად იყურება დასავლეთისკენ.


გადადგომა ირლანდიურად

ყველასთვის მოულოდნელად, 20 მარტს, ირალნდიის პრემიერმა, ლეო ვარადკარმა საზოგადოებას გამოუცხადა, რომ გადადგომა გადაწყვიტა. გადადგომისთვის პირადი მიზეზებიც მაქვს და პოლიტიკურიც, მაგრამ პოლიტიკური ჭარბობსო- უთქვამს, ირლანდიის 45 წლის პრემიერს, რომელიც მთავრობას 2022 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ედგა სათავეში. ნიშანდობლივია, რომ ვარადკარს ირლანდიის პრემიერის პოსტი 2017-2020 წლებშიც ეკავა. სწორედ მის დროს მოუწია ირლანდიას კოვიდ პანდემიასთან და ბრექსიტით გამოწვეულ ჩრდილოეთ ირლანდიის პრობლემასთან გამკლავება, რასაც ვარადკარმა თავი მშვენივრად გაართვა და ქვეყნის ეკონომიკაც გამართა. ის ირლანდიის პირველი ღიად გეი, ასევე პირველი ინდური წარმოშობის და პოსტის დაკავების მომენტში, ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა თავკაცი გახლდათ. ირლანდიაში ამბობენ –  ვარადკარს გადადგომისკენ რეფერენდუმზე ჩაფლავებამ უბიძგაო. 8 მარტს გამართულ რეფერენდუმზე ირლანდიელებმა უარი თქვეს ორ საკონსტიტუციო ცვლილებაზე – პირველი ცვლილებით, ოჯახად მოინათლებოდა ნებისმიერი წყვილის მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა, მეორე ცვლილება კი, კონსტიტუციიდან ოჯახში ქალის მთავარი მზრუნველი როლის ჩანაწერის ამოშლას ითვალისწინებდა.


პორტუგალიის ქვიშის პრემიერი

პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუსამ პრემიერის თანამდებობის დაკავება მემარჯვენე-ცენტრისტული განწყობების “დემოკრატიული ალიანსის” ლიდერს, ლუიშ მონტენეგრუს შესთავაზა. მონტენეგრუ აპრილის პირველ კვირას დადებს ფიცს. ბევრი ქვეყნისაგან განსხვავებით, პორტუგალიის პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი არ საჭიროებენ პარლამენტის ნდობის ვოტუმს. საქმე ისაა, რომ არჩევნების შედეგებით, “დემოკრატიული ალიანსი” პორტუგალიის 230 ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 80 ადგილს იკავებს. 78 მანდატით, მეორე ადგილზე სოციალისტები არიან, ულტრა მემარჯვენე “შეგას” პარტიას კი, 50 ადგილი აქვს დაბევებული. მონტენეგრუს “დემოკრატიული ალიანსი” სოციალისტებთან და “შეგასთან” კოალიციურ გარიგებაზე არ წავიდა. ამიტომ, პორტუგალიას მყიფე, უმცირესობის მთავრობა ეყოლება, რომელიც შეიძლება პირველივე ბიუჯეტის დამტკიცებაზე ჩავარდეს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები შეიქნას დასანიშნი.


შებოჭილი ჰოლანდიელი

ანტი-ისლამური განწყობებისა და მიგრანტების თავგადაკლულმა მოწინააღმდეგე ხეერტ ვილდერსმა აღიარა, რომ მას ნიდერლანდების პრემიერის პოსტის დაკავება არ უწერია. “მხოლოდ იმ შემთხვევაში შემეძლო პრემიერის პოსტი დამეკავებინა, თუ ამას ყველა პარტია დათანხმდებოდა, რაც არ მოხდა. მე მემარჯვენე კაბინეტის მომხრედ ვრჩები. ნაკლები თავშესაფრის მაძიებლები და ნაკლები იმიგრაცია. გაუმარჯოს ჰოლანდიელებსო” – აღმოხდენია ვილდერსს. მის გაპრემიერებაზე უარი უთქვამს, როგორც მემარჯვენე-ცენტრისტულ “ახალი სოციალური კონტრაქტის” პარტიას, ისე წარმავალი პრემიერის, მარკ რუტტეს “სახალხო პარტიასა” და პოპულისტურ “ფერმერთა მოძრაობასაც.” საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ვილდერსის ულტრამემარჯვენე “თავისუფლების” პარტია ნიდერლანდების კოალიციურ მთავრობაში მოზომილ წარმომადგენლობას დასჯერდება. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის ნოემბერში, სწორედ ვილდერსის თაოსნობით, “თავისუფლების” პარტია ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, 23%-ით. უახლოეს დღეებში, ალბათ გაირკვევა ნიდერლანდების კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატის ვინაობაც.

მსგავსი/Related

Back to top button