ჟურნალისტურმა გამოძიებამ თბილისში ამერიკელ დიპლომატებზე რუსული თავდასხმა გამოავლინა
31 მარტს, 60 Minutes-ის, The Insider-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივმა გამოძიებამ ორი შემთხვევა გამოავლინა, როდესაც ამერიკელი დიპლომატები თბილისში აკუსტიკური იარაღის გამოყენებით რუსი ჯაშუშების სამიზნე გახდნენ. ერთ-ერთი საქმის მთავარი ეჭვმიტანილია ალბერტ ავერიანოვი, რუსული დაზვერვის „ქვედანაყოფი 29155“-ის წევრი, რომელიც შესაძლოა თავდასხმებში მონაწილეობდა.
60 Minutes-თან ინტერვიუში თბილისში აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მეუღლემ განაცხადა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს სახლში, კერძოდ სამრეცხაოში ყოფნის დროს იგი თავდასხმის ობიექტი გახდა. მისი თქმით, მან გაიგო ძლიერი ხმაური, რომელიც სამრეცხაოში შემოდიოდა. „ამ ხმამ უბრალოდ ყურები გამიხვრიტა, მარცხნიდან შემოვიდა, თითქოს ფანჯრიდან ჩემს მარცხენა ყურში“, – აღნიშნა მან.
თავდასხმის შემდეგ 40 წლის ქალს თავის ტკივილი და უეცარი ღებინება დაეწყო, მაგრამ სიმპტომები აქ არ შეწყვეტილა. გონების დაბინდვა, კოორდინაციის დაკარგვა და ვესტიბულარული აპარატის დარღვევა ის სიმპტომებია, რომლებიც მას შემდეგაც აწუხებდა. მას ყურზე ორი ოპერაციის გაკეთება მოუწია და თავის ქალაში ლითონის ფირფიტები ჩაუდგეს.
ალბერტ ავერიანოვი თავად დაზარალებულმა ამოიცნო. მისი თქმით, თავდასხმის შემდეგ მან კამერები შეამოწმა და სახლის წინ გაჩერებული უცნობი მანქანა დაინახა. იგი მანქანას მიუახლოვდა და მის წინ უცნობი მამაკაცი დაინახა. მოგვიანებით, 60 Minutes-ის პარტნიორმა საგამოძიებო ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა, რომელიც The Insider-ის გამოძიების ხელმძღვანელია, ავერიანოვის ფოტო და თავდასხმაში მისი მონაწილეობის დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვა. ფოტოს ჩვენებისას ქალმა დაადასტურა მსგავსება იმ მამაკაცთან, რომელიც თავდასხმის შემდეგ ნახა.
რაც შეეხება დამატებით მტკიცებულებებს, სწორედ გროზევმა გამოააშკარავა რუსული დაზვერვის „ქვედანაყოფი 29155“. ქვედანაყოფის ჩართულობა შესაძლოა საბუღალტრო დოკუმენტით დადასტურდეს, რომლის თანახმადაც, „ქვედანაყოფი 29155-ის“ ერთმა ოფიცერმა ბონუსი მიიღო „არალეტალური აკუსტიკური იარაღის პოტენციურ შესაძლებლობზე“ მუშაობის გამო. ალბერტ ავერიანოვის სახელი ფიგურირებს სამგზავრო დოკუმენტებსა და სატელეფონო საუბრებში ქვედანაყოფის სხვა ცნობილ წევრებთან ერთად. იგი ასევე არის ქვედანაყოფის მეთაურის შვილი.
40 წლის ქალზე თავდასხმის დროს ავერიანოვის ტელეფონი გამორთული იყო თბილისში და წყაროები ამბობენ, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ დროს ვიღაც თბილისში ავერიანოვის პირად ელექტრონულ ფოსტაში შევიდა. გროზევი თვლის, რომ ეს, სავარაუდოდ, თავად ავერიანოვი იყო და ის ქალაქში იმყოფებოდა.
შემთხვევები, როდესაც აშშ-ის ოფიციალური პირები მიკროტალღური დასხივების ან აკუსტიკური ულტრაბგერის სამიზნეები გახდნენ, ათ წელზეა მეტია ფიქსირდება. თეთრი სახლის თანამშრომლები, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრები, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები, სამხედრო ოფიცრები, დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები არიან მათ შორის, ვინც თვლის, რომ ისინი თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ. ყველა მათგანს გარკვეული კავშირი აქვს რუსეთთან. მათ შემთხვევებს „ჰავანის სინდრომი“ ეწოდა, რადგანაც პირველი აღიარებული შემთხვევა კუბაში 2016 წელს დაფიქსირდა. აშშ-ის ხელისუფლება რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისგან თავს იკავებდა. აშშ-ის დაზვერვის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულმა შეფასებამ დაასკვნა, რომ „ნაკლებად სავარაუდოა“, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იყო პასუხისმგებელი ამ შემთხვევებზე, თუმცა ისიც აღიარა, რომ ზოგიერთ სადაზვერვო სააგენტოს ამ დასკვნის მიმართ „დაბალი“ ან „ზომიერი“ ნდობა ჰქონდა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თავდასხმებში რუსეთის მონაწილეობა უარყო.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)