მთავარი / რესპუბლიკა 100 / ძველი ამბები / 1918: ლატარია ქართული უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად
ქართული უნივერსიტეტი ტფილისში (1918წ. აგვისტოდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ფოტო: City.kvira.ge

1918: ლატარია ქართული უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად

  1. (“სახალხო საქმე”, აგვისტოს 28, 1918, N136)

საქართველომ დაიწყო თავისი სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, მისი მთავრობა ღირსეულად თავს  გაართმევს ათას საჭირბოროტო საკითხს, მაგრამ უმთავრესი მაინც თვით ხალხის დახმარებაა, მისი ნდობა, მის მიერ მხარის დაჭერა.

სხვათა შორის, საქართველოს უმთავრესად საზრუნი აქვს მეცნიერება და ხელოვნება ეს ორი ბურჯი, რომელზედაც დაყრდნობილია კულტურულ ერის, სახელმწიფოს ცხოვრება.

ჩვენა გვაქვს უკვე ქართული უნივერსიტეტი, გვაქვს ქართული თეატრი, მათ შესახებ ზრუნავს მთავრობაც, მაგრამ ამ საქმეშიაც ხალხმა, ერმა თუ არ მიაწოდა თავისი წვლილი ამ ფრიად საჭირო დაწესებულებას, ორივეს საქმე დიდათ შეფერხდება.

ამ ჟამად განზრახულია, რომ ორივ საქმისათვის მოწყობილ იქმნას მომგებიანი ხუთი მილიონის ლატარია, რომლის წმინდა შემოსავალიც მოხმარდება აღნიშნულ დაწესებულებათა აღორძინებას და სახელდობრ: ქართულ უნივერსიტეტს ნახევარი წმინდა მოგებისა ჩაერიცხება ხელუხლებელ თანხად, ნახევარიც გადადებული იქმნება ქართულ თეატრის ღირსეულ შენობის ასაგებად და 5%-ც წმინდა მოგებისა გადაიდება ქართველ მსახიობთა კავშირისთვის…[…]…

ლატარიის უმთავრესი პირობანი:

  1. გამოცემულია ორასი ათასი ბილეთი, ხუთი მილიონი მან. ღირებულობისა, ოთხას სერიად ყოველ სერიაში ხუთასი ბილეთია, თითო ბილეთში ხუთი კუპონია ბილეთი ოცდახუთი მან. ღირს. კუპონი ხუთი მან.
    1. მოგების დასაფარავად გადადებულია ნახევარი მილიონი მანეთი, და მოგებათა რაოდენობა ნაწილდება ამ გვარად:

1  მოგება 100.000  მან.      100.000 მან

‘’          50.000     ‘’            50 000     ‘’

1    ‘’          25.000     ‘’            25. 000     ‘’

2    ‘’          10.000     ‘’            20. 000    ‘’

3    ‘’           5.000      ‘’            15.000      ‘’

5    ‘’           1 000       ‘’            5.000       ‘’

50  ‘’           500         ‘’             25.000     ‘’

180 ‘’          250         ‘’             45.000     ‘’

2150 ‘’         100         ‘’            215 000   ‘’

———————————————–

სულ 2393 მომგებიანი ბილეთი 500.000 მ.

  1. ბილეთის ან კუპონის პატრონი ის არის, ვისაც ბილეთი ან კუპონი ხელთ აქვს. არავითარი განცხადება ბილეთის ან კუპონის დაკარგვის შესახებ შეწყნარებული არ იქნება.
  2. ლატარია გათამაშებული იქნება 25 დეკემბერს 1918 წ. და დაესწრებიან წარმომადგენელნი: საქართველოს ეროვნული საბჭოსი, ამიერ-კავკასიის უმაღლესი მთავრობისა, ტფილისის ქალაქის თვითმმართველობისა, ერობისა, სახელმწიფო და ამიერ-კავკასიის ბანკებისა; ლატარიის მომწყობი საბჭო და გამგეობა.
  3. მოგების ნუსხა გამოცხადებული იქნება გაზეთებში. ამის შემდეგ მოგების მისაღებად უნდა წარმოადგინონ ამიერ-კავკასიის ბანკში – ტფილისში, თავიანთი ბილეთები ან კუპონები მეპატრონეებმა; ხვედრ მოგებას მიიღებენ არა უგვიანეს 30 დღისა,
  4. ვინც მოგების ნუსხის გამოცხადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ წარმოადგენს თავის მომგებიან ბილეთს ან კუპონს, მისი ხვედრი მოგება შემოწირულებად ჩაითვლება.

მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული უნივერსიტეტი და თეატრი შეიძინონ ლატარიის ბილეთები და ამითი ხელი შეუწყონ ესეთ კულტურულ საქმეების აღორძინებას.

ლატარიის საბჭოს თავმჯდომარე – დეკანი ქართულ უნივერსიტეტისა – პროფესორი ივ. ჯავახიშვილი.

საბჭოს წევრნი: ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი ე. თაყაიშვილი, ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი ი. ბარათაშვილი, ამიერ-კავკასიის ბანკის თავმჯდომარე ი. ლორთქიფანიძე, სამეურნეო ბანკის თავმჯდომარე ვასილ ყიფიანი, დრამატიულ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ნიკ. ერისთავი, ბელეტრისტი არისტო ჭუმბაძე, დამსახურებული მსახიობი ვალერიან გუნია, რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი.

ლატარიის გამგეობის თავმჯდომარე განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი.

გამგეობის წევრნი: ეროვნულ საბჭოს წევრი პეტრე ქავთარაძე, მსახიობთა კავშირის თავმჯდომარე შალვა დადიანი.

გამგე-დირექტორი სოლომონ ახვლედიანი.

ბილეთების შეძენა შეიძლება; ქ. ტფილისის ბანკებსა, კავშირებსა და კლუბებში, პროვინციაში ყველგან საკრედიტო დაწესებულებებსა და კოოპერატივებში.

მისამართი: ქ. ტფილისი, გოლოვინის პროსპექ., N 34. ლატარიის გამგეობას.