skip to content
რესპუბლიკის ამბები

1918: თანასწორობა სქესთა, წინაშე კანონისა!

(“ხმა ქართველი ქალისა” 20 ივლისი 1918, N 17)

ქართველ ქალებს.

თვითოეულ ერს, თვითოეულ ხალხს უკავია დედა-მიწის ზურგზე განსაზღვრული სივრცე, განსაზღვრული მანძილი, განსაზღვრული ალაგი, ანუ ტერიტორია.

რაკი ერი იბადება, ვითარდება, საზრდოობს და მრავლდება ერთ ტერიტორიაზე, ამის გამო იგი თავისთავად იმსჭვალება ამ ტერიტორიისადმი ისეთივე ბუნებრივი, სათუთი და ცხოველური მიზიდულობით, როგორითაც გამსჭვალულია ხოლმე მოსიყვარულე შვილი მშობელი დედ-მამისადმი.

          შეგნებული ადამიანისათვის სამშობლო და მშობელი ერთიმეორის ფარდი, ერთიმეორის მაგიერი და სწორი ცნებაა. წესიერათ განვითარებული, ე.ი. ცალმხრიობას, სიდუხჭირეს და სიმახინჯეს აცილებული ადამიანის გულში იმოდენივე ალაგი აქვს დათმობილი სამშობლოს, რამდენიც მშობლების სიყვარულსა და პატივისცემას, მშობლების კეთილდღეობისთვის ზრუნვასა და მათი ღირსების დაცვას.

          ჩვენ, – ქართველები, – არასოდეს არ ვყოფილვართ ეულები, უბინადრონი, საკუთარ სამშობლოს მოკლებულნი. ჩვენი სამშობლო ყოფილა და არის ის დედამიწის პატარა ნაწილი, რომელიც ოქროს ხატივით ასვენია შავსა და კასპის ზღვებს შუა და თვალ-მარგალიტებიან ჩარჩოთ გარს შემორტყმია ბუმბერაზი კავკასიონის ქედი.

          სიკეთე ჩვენი სამშობლოსი: – იშვიათი მოხდენილობა და სიკეკლუცე მისი გარეგნობისა, სისადე და უებროება მისი ჰაერისა, საოცნებო სიმდიდრე და უხვი მომცემლობა მისი ნიადაგისა იზიდავდა ამ ქვეყნისაკენ ყველა მესაზღვრე ერებსა და უღვიძებდა მათ გაუნელებულ სურვილს, რომ ხელში ჩაეგდოთ იგი.

          ამიტომ პაწია საქართველოს ხანგრძლივი წარსულის მეტი ნაწილი წარმოადგენს ყველა მხრიდან მოსეულ მტერთან განუწყვეტელ ბრძოლას და თუ უკანასკნელთ დაელიათ ტყვია და თოფის წამალი, თუ მათ მოუდუნდათ და დაუჩლუნგდათ ხმალ-ხანჯალი, თუ მტრებმა მარტო კალთები ჩამოაცილეს ჩვენს სამშობლოს და დაპყრობა მისი მაინც ვერ შეძლეს, თუ ამ შეუწყვეტელ ხმლის ტრიალში და გამუდმებულ თოფის სროლაში გართული ქართველი არ გაველურდა გონებით და გრძნობით, თუ მიუხედავად სამძიმო პირობებისა, ქართველმა არამც დაივიწყა წიგნი და მწერლობა, პირიქით, მოახერხა საკუთარი კულტურის შექმნა, და სისრულის უმაღლეს წერტილამდე აიყვანა ენა და მწიგმნობრობა, ამით უნდა ვუმადლოდეთ ქართველ ქალებს.

არსად, არც ერთ ერშიდ ისე გავრცელებული არ ყოფილა ქალისადმი პატივისმცემა და სიყვარული როგორც ჩვენში, საქართველოში. ისტორიას რომ თავი დავანებოთ თვით უბრალო სიტყვებიც კი დაამტკიცებენ ზემოხსენებულ აზრს. ავიღოთ მაგალითად სიტყვები: ”დედ-მამა. ”და-ძმა”, ”ცოლ-ქმარი”, ”ქალ-ვაჟი” და სხვა მრავალი. ყველგან პირველ ადგილზედ ქალი არის დაყენებული. საუკეთესო მოწამენათ ქრისტიანობისთვის ჩვენში შუშანიკ და ქეთევან ითვლებიან. ოქროს ხანათ მიაჩნიათ ქართველებს ის ხანა, როდესაც თამარი მეფობდა და თუ საქართველო დღეს არ აღგვილა პირისაგან ამა ქვეყნისა, ეს მხოლოდ იმ დედებს უნდა მივაწეროთ, რომელთა შვილნი თავგამოდებით იცავდნენ სამშობლოს და თავისუფლებას; რომელთა ტკბილი ნანა ბავშვობიდანვე უნერგავდა საქართველოს შვილებს თავისი ხალხისა და ერის სიყვარულს…

          მაგრამ დაჰბერა ისტორიის ულმობელმა ტალღამ და ჩვენს სამშობლოს უბედურობა ეწვია. რუსეთთან შეერთებით გადაწყდა საქართველოს ბედიც და ის თავისუფლება, რომლისთვისაც რამოდენიმე ათასი საუკუნე იბრძოდნენ ქართველები, ჩაესვენა შავს სამარეში.

თუ გსურთ რომ რომელიმე ერი, ხალხი დაიმონო, თუ გსურს წაართვა მას ძალა არსებობისა, და მოუსპო შეგნება თვით შემეცნებისა, უნდა ეცადო, რომ ქალი გააფუქსავატო, ჩაჰკლა მასში ყოველივე სიყვარული და პატივისცემა სამშობლოსადმი და თუ ეს შესძელი, იმედი გქონდეს, რომ სულ მალე მიაღწევ შენს საწადელს. ჩვენშიც ასე მოხდა. უპირველესყოვლისა ქალმა მიიღო და შეითვისა რუსის გამათახსირებელი პოლიტიკა. მშვენიერი ”ნანა” რუსის “Баюшки-баю”-ზე  შესცვალა და ”დედის” მაგიერ ”მამოჩკა” გვესმოდა. ამ იდეით აღზრდილი შვილები თავისთავად ცხადია, ვერ შესძლებდნენ შეესრულებინათ ის, რაც მამა-პაპათაგან ჰქონდათ ნაანდერძევი და მიჰყვენ თავის ბედს.

          ას-ჩვიდმეტი წლის მონობამ ძირიანად ამოგლიჯა ჩვენი გულის ფიცრიდან ის ჭეშმარიტი გრძნობა, რომელსაც სამშობლოსადმი სიყვარული ეწოდება. მაგრამ ის იმედი, რომელიც ჰყვაოდა ქართველის გულში, გაიფურჩქნა და დღეს კვლავ ვიხილეთ თავისუფლება. თუ ქალმა ხელი შეუწყო ჩვენი ერის გადაგვარებას, ისევ ქალმა უნდა აღადგინოს იგი, იმ დროს,  როცა ქალი სრული ადამიანური და მოქალაქეობრივი უფლებით იქნება შემოსილი საქართველოში. ჩვენმა დედებმა და დებმა უნდა განამტკიცონ და ხელიდან არ გაუშვან სისხლით მონაპოვი თავისუფლება.

ამისთვის საჭიროა უპირველესად ყოვლისა უფლებათა თანასწორობა. შეუძლებელია იმ ერმა, იმ ხალხმა შეინარჩუნოს თავისუფლება, სადაც არ არის სქესთა უფლებრივი თანასწორობა. მხოლოდ იმ ხალხს შეუძლია ჩაერიოს თავისუფლების ფერხულში, სადაც არ არსებობს არავითარი მონობა, ჩაგვრა და დამცირება. რას წარმოადგენდა დღემდის ქალი? – ყოველივე უფლება მოკლებულ არსებას. მას შემდეგ რა რომ მატრიარლქალური ხანა შეიცვალა პატრიარქალურად და მამაკაცებმა ძალით ჩაიგდეს ხელში უფლება, ქალი, როგორც ასეთი გარდაიქცა მამაკაცის სრულ საკუთრებათ. ეს უკანასკნელიც მას უყურებდა, როგორც ვნებათა ღელვის დამამშვიდებელ საგანს და საკმარისი იყო, რომ ქალს აღარ დაეკმაყოფილებინა მისი მხეცური ინსტიქტი რომ მას გარედ გამოაგდებდნენ, როგორც უვარგის ჩვარსა.

განვლო დრომ და ქალი თან და თან აგნებდა თავის მდგომარეობას. ბევრი გამოჩენილი პირი იბრძოდა ქალთა უფლების გასაუმჯობესებლად, ბევრი ზეგარდმომადლოთ მონიჭებული ნიჭი გაიძახოდა და მოუხმობდა მსოფლიოს თანასწორობისაკენ, მაგრამ ხმა მათი დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა… მათ შორის ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში დიდებული ქართველი გაიძახოდა: “ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია”-ო, ეხლა მეოცე საუკუნეში კი, როდესაც ყველას პირზედ აკერია ”ძმობა-ერთობა-თავისუფლება”, როდესაც თავგამოდებით ქადაგებენ მიწის სოციალიზაციას, საერთაშორისო ძმობა-ერთობას და ათას სხვას, გარდა ერთი-ორი პიროვნებისა, ხმას არავინ იღებს ქალთა სწორუფლიანობაზე. მაშ ვინ უნდა იზრუნოს თქვენთვის, თუ არა თქვენ, ასულნო საქართველოსავ?!

          თუ რუსეთის გამათახსირებელმა პოლიტიკამ ჩაკლა თქვენში უნარი ბრძოლისა, დე ეხლა, ამ ჟამსა თავისუფლებისას გაიღვიძოს თქვენში ძველ დედათა მიმალულმა ძლიერმა სულმა და მთელი ქვეყნის ძალ-ღონით, მთელის თქვენის სულიერი მისწრაფებით და გულის ჰანგებით შეჰღაღადეთ თავისუფალ ქვეყანას: ”ჩვენც ადამიანები ვართ და უნდა მოგვცეთ ის უფლება, რითაც ყოველი თქვენგანი სარგებლობს”-თქო. და იქნებ დღევანდელმა დამახინჯებულმა ქართველურმა სულმა იგრძნოს თავის შეცდომა და განამტკიცოს პრინციპი თავისუფლებისა და სწორუფლიანობისა თავის ქვეყანაში. დიადი მომავალი მოგიწოდებთ ქართველ ქალებს დიადი მოვალეობისადმი, რომლისთვისაც საჭიროა სიფხიზლე, სიფხიზლე და კიდევ სიფხიზლე.

გაზეთს “ხმა ქართველი ქალისა” კატო მიქელაძე, იმდროს ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე გამოსცემდა. კატო მიქელაძე 1878 წლის 18 სექტემბერს დაიბადა სოფელ კულაშში.

დედის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, მამა სახლიდან წავიდა და პატარა გოგონა მოხუცი ნათლიის იმედად დარჩა. დაწყებითი განათლება მან წმინდა ნინოს სასწავლებელში მიიღო.

1900 წელს კატომ დაამთავრა საბებიო ინსტიტუტი და სამუშაოდ ცხინვალში გაემგზავრა, სადაც  დაუახლოვდა მესამედასელთა საზოგადოებას და ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში.

1903 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (მარიამ დემურიას და ნატო გაბუნიას რეკომენდაციით) კატოს მოსკოვში აგზავნის პედაგოგიურ კურსებზე სასწავლებლად, მაგრამ იქიდან 1906 წელს, სოფიო ამირეჯიბისა და ალექსანდრე ხახანაშვილის დახმარებით, ევროპაში მიემგზავრება.

ბრიუსელის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კატო პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას.

1916 წელს სამშობლოში დაბრუნებულ კატო მიქელაძე იწყებს თანამოაზრეთა შემოკრებას და ქალის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისათვის ბრძოლას.

1917-18 წლებში მან უკვე ჩამოაყლიბა რეგიონული ქსელი „ქალთა ლიგა“, რომელიც დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს აერთიანებდა. ამავე პერიოდში იგი გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს “ხმა ქართველი ქალისა”.

მსგავსი/Related

Back to top button