skip to content
რესპუბლიკის ამბები

1918: მილიციის მოვალეობა

(6 აგვისტო, 1918, “ერთობა” N165)

თვითმპყრობელობის დროს განსაკუთრებული წყობილება დამყარდა წესიერების დამცველთა და მცხოვრებლებს შორის. პოლიციას ექვემდებარებოდა ჩვენი ცხოვრების ყოველივე დარგი, არ იყო არც ერთი ისეთი თავისუფალი კუნჭული, რომელშიაც პოლიციის ფხიზელი თვალი არ შეჭრილიყო. და ამიტომ არც გასაკვირია ხალხში ერთგვარ ანარქისტულ მიდრეკილების გაძლიერება. პოლიტიკურ რწმენისა და მოქმედებისათვის დევნამ ისე გააბოროტა მოქალაქე, რომ ის პოლიციის ყოველგვარ მოქმედებას უარყოფით და ზიზღით უცქეროდა. იმ დროს, როცა ინგლისში, შვეიცარიაში და სხვა განათლებულ ქვეყნებში მცხოვრებლები თვით იღებენ მონაწილეობას ბოროტმოქმედების აღმოჩენაში, ჩვენში პოლიციას პირიქით ხელს უშლიდნენ.

ასეთმა სულიერმა განწყობილებამ ფართეთ ჰპოვა გამოსავალი რევოლიუციის შემდეგ. და ეს განწყობილება იმდენად ძლიერი იყო, რომ რევოლიუციონურ ორგანიზაციებზე და მათ მიერ შექმნილ მილიციაზე ღრმა გავლენა მოახდინა.

ჩვენ დავიწყეთ ინგლისის წესების გადმონერგვა, მაგრამ უხეშ მოპყრობას შეჩვეულმა ზოგმა ჯგუფებმა თავისებურათ გაიგეს მართვა გამგეობის ახალი წესი და თავისუფლება დემოკრატიის ზურგზე საპარპაშოთ გამოიყენეს. ამ გარემოებამ აიძლა ჩვენი მთავრობა და პარლამენტი მიეღო მთელი რიგი განსაკუთრებული ზომებისა ჯარიმა-დატუსაღებიდან დაწყებული სიკვდილით დასჯამდე.

მაგრამ კარგს კანონს და განკარგულებას კარგი ამსრულებელი უნდა. ასეთი კი საუბედუროთ დღემდის ჩვენ ნაკლებათ გვყავდა და ამიტომ ანარქია სპეკულიაცია უმაღლეს წერტილამდე ავიდა, განსაკუთრებით კი საქართველოს დედა ქალაქ თფილისში.

თფილისში თავმოყრილია საქართველოს რესპუბლიკის მცხოვრებთა თითქმის მეოთხედი ნაწილი. თფილისი ყოფილი ცენტრია მთელი კავკასიის; აქ მოკალათებულია მთელი კუთხის ჩინოვნიკობა, რომელიც უკმაყოფილოა საქართველოში მომხდარ ცვლილებით და არაფერს არ ზოგავს ჩვენი ქვეყნის ამოსაგდებათ.

თფილისი გახდა აგრეთვე ლტოლვილთა თავშესაფარი. ნაწილი ამ გადმოხვეწილებისა დაშნაკცუთიუნის პარტიის შთაგონებითა და ხელმძღვანელობით რუს მოხელეებთან ხელი-ხელ ჩაკიდებულო მოქმედობს, ნაწილი კი აღვირ ახსნილ სპეკულიაციას ეწევა. ჩარჩების სპეკულიაციამ კი დასცა და გაათახსირა ვაჭრობა, რომელსაც, რაც უნდა იყოს, ერთგვარი ვაჭრული ეთიკა და თავმოყვარეობა მაინც აქვს.

სპეკულიაციამ ხელი შეუწყო აგრეთვე საშინელ უსუფთაობის შექმნას: პური, ხილი, ნახშირი, პირუტყვი და მისი განავალი ერთად არის არეული და მოქალაქეს სწამლავს. და ეს მაშინ, როცა საშინელი სენი-ხოლერა მოსდებია ჩვენს ქალაქს და მცხოვრებლებს მუსრს ავლებს.

ასეთს საშინელ პირობებში პირდაპირ შეუწყნარებელია ის ჯენტლმენობა და თავაზიანობა, რომელსაც ჩვენი ქალაქის გამგეობა იჩენს. ჩვენ კარგათ ვიცით, რომ ქალაქის გამგეობის განკარგულებაში არ მოიპოვება მოსამსახურეთა საკმაო შტატი, სიძვირის და სპეკულიაციის შედეგებს ვერც ქალაქმა გაართვა თავი და ამიტომ მისი მეურნეობა აწეწილია, არ არის საკმაო წყალი, რომ ქუჩები რიგზე მოირწყოს და სხვ. მაგრამ ენერგიულ მოქმედებით რამდენიმეთ მაინც შეგვეძლო თავი დაგვეხწია ამ საშინელ არევდარევისთვის: ნუ თუ არ შეიძლებოდა სახლის პატრონები ვალდებული გაგვეხადა ქუჩები და ეზოები დაესუფთავებიათ, ნუ თუ არ შეიძლება სისუფთავე შემოეღოთ რესტორნების და გასართობების პატრონებს, რომლებიც მცხოვრებლებს ორმაგ ტყავს აძრობენ და ჯიბეებს ისქელებენ? რა საჭიროა ყოველ ქუჩაში და მოსახვევში ვაჭრობის გამართვა და მცხოვრებლების მოწამვლა ბინძურ სანოვაგით, როცა ასეთი ვაჭრობა კიდევ უფრო უწყობს ხელს ცხოვრების გაძვირებას: ვაჭარს, თუ ის თითონ ხელს აიღებს სინდისიერ ვაჭრობაზე, შეიძლება თვალყური ვადევნოთ, მაგრა, ქუჩაში მოვაჭრეებისათვის კონტროლის გაწევა ხომ მოუხერხებელია?

საჭიროა მტკიცე და სისტემიური მოქმედება, საჭიროა საქმის ისე მოწყობა, რომ მთავრობის განკარგულებებს ყველა სავალდებულოთ თვლიდეს და არა უბრალო პროკლამაციათ.

ყველაფერ ეს უნდა იკისროს მილიციის უფროსმა.

როგორც ვიცით, მილიციის სათავეში ახალი პირია ჩაყენებული. ჩვენი სურვილია დავიჯეროთ, რომ პირადობის შეცვლას მოყვება შეცვლა მოქმედების. და რამდენათ მილიციის ახალი უფროსი შეეცდეა კანონიერების ნიადაგზე შექმნას წესრიგი და სპეკულიანტ-ნაძირლები ალაგმოს, იმდენათ მის მხარეზე იქნება სრული ჩვენი თანადგომა.

ჩვენ ენერგიულათ მოვუწოდებთ დემოკრატიას ხელი შეუწყოს განახლებულ მილიციის განახლებულ მოქმედებას.

პირველი რესპუბლიკის მილიციისა და მისი პირველი ხელმძღვანელების შესახებ მეტის გასაგებად, გაჰყევით.

მსგავსი/Related

Back to top button