მთავარი / რესპუბლიკა 100 / ძველი ამბები / 1918: თბილისში ავტომობილების რეგისტრაცია იწყება
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ავტომობილისკენ მიემართება. საქარე მინაზე რეგისტრაციის ნომერი "2. მ.თ."

1918: თბილისში ავტომობილების რეგისტრაცია იწყება

(საქართველოს რესპუბლიკა – 28 ივლისი, 1918, N4, ოფიციალური განყოფილება / სავალდებულო დადგენილება)

სამგზავრო და საბარგო ავტომობილების და მოტოციკლეტების მოსაწესრიგებლათ და რეგისტრაციის მოსახდენათ:

რადგან ყველა საქმეები და უწყებები, რომლებიც შეეხებოდა საავტომობილო ნაწილს, გადავიდა გზათა სამინისტროს განკარგულებაში, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მოხდეს რეგისტრაცია თბილისში არსებულ ყველა ავტომობილების: მთავრობის, სამხედრო უწყების, საზოგადოებების, კავშირების, ეროვნულ და სხვა ორგანიზაციების და აგრეთვე ყველა კერძო პირთა ავტომობილების და მოტოციკლეტების.

ყველა უწყების ავტომობილებს, რეგისტრაციის შემდეგ ექნებათ საჭირო მოწმობები, შესაფერისი ნიშნები და წარწერები; რომლებიც გარკვეულათ უნდა ჩანდეს როგორც დღისით, ისე ღამით.

რეგისტრაციის ადგილი დანიშნულია უმთავრეს საავტომობილო სახელოსნოებში (პავლოვის ქუჩა N 10).

აღნიშნული რეგისტრაცია მოხდება შემდეგის რიგით:

ყველა ავტომობილების და მოტოციკლეტების რეგისტრაცია, რომლებიც ემსახურებიან მთავრობის, სამხედრო და საზოგადოებათა დაწესებულებათ და აგრეთვე ეროვნულ ან სხვა ორგანიზაციებს, დაიწყება 29 ივლისს დილის 9 საათიდან და გაგრძელდება 10 აგვისტომდის. აგვისტოს ათს დილის 9 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია ყველა კერძო და ბირჟის ავტომობილების და გაგრძელდება 20 აგვისტომდის. ყველა ავტომობილები და მოტოციკლეტები, რომლებიც მსვლელობაშია, წარმოდგენილი უნდა იქნეს დანიშნულ დროს აღნიშნულ ადგილზე.

რაც შეეხება იმ ავტომობილებს და მოტოციკლეტებს, რომლებიც მსვლელობაში არ არიან ან და რემოტში იმყოფებიან, იმათ შესახებ მათი პატრონები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ცნობები ავტომობილის ფირმის რაოდენობის, ვინავობა პატრონის და ადგილის, სადაც ავტომობილი იმყოფება. ასეთი მაშინების რეგისტრაცია მოხდება ადგილობრივ.

ის ავტომობილები და მოტოციკლეტები, რომლებიც არ გამოცხადდებიან სარეგისტრაციოთ, მთავრობის განკარგულებით დაჭერილი იქნებიან და მათი პატრონნი კი პასუხისგებაში მიცემულნი.

გზათა მინისტრის ამხანაგი  მალანია