მთავარი / რესპუბლიკა 100 / 1918: საქართველო იდეალიზმისა და პრაგმატიზმის გასაყარზე
მთავრობის სასახლე

1918: საქართველო იდეალიზმისა და პრაგმატიზმის გასაყარზე

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერები საერთაშორისო სოლიდარობის პრინციპებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ამდენად, კავკასიის კონფედერაციის მარცხს განიცდიდნენ. ამავე დროს, ახალი სახელმწიფოს მშენებლობა ქვეყნის ლიდერებს კონკრეტული გამოწვევების წინაშე აყენებდა. სწორედ ამ დილემაზე გვესაუბრება ოფიციალური გაზეთის “საქართველოს რესპუბლიკის” ერთ-ერთი პირველი ნომრის სარედაქციო სტატია.

(საქართველოს რესპუბლიკა – 28 ივლისი, N4) როგორც ვიცით, საქართველომ ამიერ-კავკასიის საერთო დემოკრატიული ფრონტი უკანასკნელმა დატოვა. როცა ყველა მზაკვრულათ ღალატობდა და არღვევდა ამიერ-კავკასიის მთლიანობას, საქართველოს დემოკრატიას ისღა დარჩენოდა, რომ ცალკე, საკუთარი ძალ-ღონით დაეცვა რევოლიუციის ინტერესები და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა.

მაგრამ იგივე საქართველოს დემოკრატია ყოველთვის მზად იქნება პირველმა გადასდგას ნაბიჯი ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა დასაახლოვებლად და საერთაშორისო პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად.

თუ საზოგადო საერთაშორისო ინტერესების შეთანხმება მოხდება მეზობელ სახელმწიფოთა და ერთა შორის, მოსალოდნელია მომავალში შეიქმნას ამიერ-კავკასიის თუ კავკასიის კონფედერაცია, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელები მართლა დაადგებიან შეთანხმების და სოლიდარობის გზას და ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობაში გულწრფელობას შემოიტანებენ.

უამისოთ ყოველი დაკავშირება, თუნდაც კონფედერაციის სახით მხოლოდ გედის, კალმახის და კიბოს არაკს გაამართლებს. „ვერ ახერხებენ ვერც ერთი ერთი-მეორის შველასა და მჩატე ტვირთი მიჰქონდათ სხვა და სხვა მხრისკენ ყველასა“!

ჩვენ არ ვფიქრობთ ასეთი გულახდილი საერთაშორისო პოლიტიკის წარმოება ადვილი იქნეს იმ პარტიებისათვის, რომელთა ხელშია დღეს აზერბაიჯან-სომხეთის ბედ-იღბალი და რომელნიც შინ სასტიკად ებრძვიან და ტუქსავენ საკუთარ დემოკრატიას. ცხადია, საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკა ამიერ-კავკასიაში პირდაპირ თუ არა პირდაპირ მიმართული იქნება ამ დამონებული დემოკრატიის გამოსაფხიზლებლად და ასამაღლებლად. ამიერ-კავკასიის უბედურება პირველ ყოვლისა ამ დემოკრატიის განუვითარებლობლობის და უმეცრების ნაყოფია.

რაკი გაკვრით კონფედერაცია მოვიხსენიეთ, ისიც დავუმატოთ, რომ იგი გულისხმობს საერთაშორისო ნებაყოფლობითი კავშირს ს რ უ ლ ი ა დ   დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ  ე ლ   ს უ ვ ე რ ე ნ უ ლ    ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ ი ს ა ს . მაშასადამე კონფედერალური კავშირის შესაქმნელათ საჭიროა მოკავშირე სახელმწიფონი. უკანასკნელნი კი აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიაში ჯერ კარგათ არც კი გამოსახულან და ჩამოყალიბებულან, რომ შესაძლებელი იყოს ახლავე რაიმე ხანგრძლივი და ძლიერი კონფედერაციის შექმნაზე ლაპარაკი.

საქართველოს ხალხს დღეს მხოლოდ და მარტოოდენ ერთი დიდი საზრუნავი აქვს, რომელიც შეიცავს და გულისხმობს ყოველგვარ სხვა საშინაო და საგარეო საკითხებს. ეს არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვა შინაურ და გარეშე მტრების თავდასხმისაგან; ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივობის განმტკიცება, მისი თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დარღვევა ნიშნავს ქართველი ერის ფიზიკურ განადგურებას, რევოლიუციურ საქმის დაღუპვას და დემოკრატიის უსაშინელეს დამარცხებას.

თუ საქართველოს დამოუკიდებლობის ფრონტზე წავაგეთ საქმე, მაშინ წავაგებთ და დავკარგავთ ყველაფერს, დავმარცხდებით ყველგან, როგორც ერი და როგორც დემოკრატია.

წესიერება და სიმტკიცე უნდა აღსდგეს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. მთელი ძალ-ღონე, ყოველგვარი საშვალება დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და თავისუფლების უზრუნველყოფისათვის! მთელი ნება, მთელი გრძნობა-გონება, მტელი გულისყური საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის გამარჯვებისაკენ!

Yae victis – ვაი დამარცხებულთ!