skip to content
ახალი ამბები

NDI-სა და IRI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასება საქართველოს არჩევნების შესახებ

27 ოქტომბერს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესის შესახებ წინასწარი მიგნებები და რეკომენდაციები წარმოადგინა.

NDI-ს განცხადება

NDI-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნები ძირითადად მშვიდი და ორგანიზებული იყო, „მოქალაქე დამკვირვებლებმა წინა არჩევნებთან შედრებით სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა აღნიშნეს, მათ შორის ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები“.

განცხადების თანახმად, „აშკარაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ სტანდარტებს“. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ აგენტების კანონის მიღებამ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უცხოურ აგენტებად მოიხსენიებს, და მისმა კამპანიამ განსხვავებული აზრის დასაშინებლად, „შიშის ატმოსფერო წარმოქმნა“. განცხადების თანახმად, მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სისხლის სამართლებრივი დევნითაც დაიმუქრნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ფრაგმენტული, პოლიტიზებული მედია გარემო ზღუდავდა ამომრჩეველთა წვდომას მიუკერძოებელ ინფორმაციაზე“ და რომ „მმართველ პარტიას ჰქონდა არაპროპორციული გავლენა ამ გარემოზე, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აკონტროლებდა სახელმწიფო მედიასა და კერძო არხებს“.

NDI-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ წინაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა მუქარას, შევიწროებას და ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობას, რომლის სამიზნეებიც ამომრჩევლები, აქტივისტები, პოლიტიკურ აქტორები და მათი ოჯახები იყვნენ.

განცხადება აღნიშნავს, რომ „არჩევნების დღის განმავლობაში მოქალაქე დამკვირვებლები ღირებულ ინფორმაციას გვაწვდიდნენ ჩვენი დაკვირვების დასკვნების გასამყარებლად“ და დასძენს, რომ „არჩევნების დღეს მოქალაქე დამკვირვებლები შეესწრნენ საარჩევნო უბნების ირგვლივ ნეიტრალური ზონის დარღვევებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და არაუფლებამოსილი პირების შეკრებებით. მოქალაქე დამკვირვებლები ასევე იტყობინებოდნენ, რომ ადგილი ჰქონდა სერიოზულ ინციდენტებს, მათ შორის ძალადობას დამკვირვებლების, ამომრჩევლებისა და პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

„საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს საკუთარი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა შეძლონ, გადააბიჯონ „გამარჯვებული ყველაფერს იღებს“ მენტალიტეტს და პლურალიზმის გზას დაადგნენ. საქართველოს მმართველ პარტიას ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა თამარა ვიტესმა. „მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება და დაიცვას მათი შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

NDI-ის სადამკვირვებლო მისიას მიაჩნია, რომ საქართველოში ყველა აქტორმა საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე და საზოგადოების ნდობის აღდგენაზე იზრუნოს. წარმოდგენილი ანგარიში წინასწარი ხასიათისაა და ქვეყანაში პლურალიზმისა და ინკლუზიური არჩევნების ხელშეწყობისთვის რეკომენდაციებს გასცემს.   

NDI-ის დამკვირვებლებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგიო მოსაზრება გაჟღერდა. მათ შორის, ისმოდა ლეგიტიმური კითხვები მთლიანი საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით. წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), მიერ ხმების პარალელური დათვლის დეტალური ანგარიშის დამუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მოვუწოდებთ ყუველას, რომ პატივი სცენ აღნიშნულ ანგარიშს, ჩვენ გვაქვს ღრმა ნდობა აღნიშნული მეთოდოლოგიის მიმართ, რომელიც ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში იყო გამოყენებული. ამასთამ, გვჯერა ISFED-ის კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების, რომლითაც აღნიშნული ორგანიაცია პროცესს უძღვება“.       

 IRI- განცხადება

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ მთავრობამ „უპრეცედენტო პოლიტიკური და სამართლებრივი ცვლილებები განახორციელა, რამაც შეზღუდა პოლიტიკური კონკურენცია“.

საკანონმდებლო ცვლილებებს შორის დასახელებულია საარჩევნო კომისიის (ცესკოს) დაკომპლექტების წესის ცვლილება, მათ შორის ოპოზიციის მიერ წარდგენილი თავმჯდომარის მოადგილის პოსტის გაუქმება და ყველა კომისიაში კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უფრო დაბალი ბარიერის შემოღება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისადმი ნდობა საოცრად დაბალია.

განცხადებაში საუბარია მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე და ხაზგასმულია, რომ საჯარო სამსახური და სოციალური დახმარები გამოყენებოდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რათა მმართველ პარტიისთვის დაეჭირათ მხარი.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პარტიებს არ აძლევდა უფლებას შემოწირულობები მიეღოთ იურიდიული პირებისგან ან შეექმნათ წინასაარჩევნო ბლოკები, რაც აიძულებდა კანდიდატებს დაეტოვებინათ საკუთარი პარტია და ერთიან სიაში გაერთიანებულიყვნენ.

მედიაგარემო  ხასიათდება, როგორც „ძლიერად მიკერძოებული ქართული ოცნების მიმართ“, ხოლო ეთერში ძირითადად მმართველი პარტიის ნარატივი დომინირებს. ამასთან, ოპოზიციური პარტიები „იბრძვიან მედიის თანაბარი ხელმისაწვდომობის მოსაპოვებლად“.

რაც შეეხება თავად არჩევნების დღეს, განცხადებაში ხაზგასმულია 22 „კრიტიკული ინციდენტი“, რომელიც სამეგრელოსა და ზემო-სვანეთში, კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში, ასევე თბილისსა და ქვემო ქართლში მოხდა.

ზეწოლა, დაშინება და ამომრჩეველთა შევიწროება ნახსენებია როგორც დარღვევების ყველაზე გავრცელებული ფორმები, რომელთაც როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე მის გარეთ ჰქონდა ადგილი. შეფასებაში ასევე გამოვლენილია ხმების მოსყიდვის, ბიულეტენების ჩაყრის და ხმის მრავალჯერადი მიცემის მცდელობების „ცალკეული შემთხვევები“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთ ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი „დაშინების და საქმიანობაში ჩარევის, ასევე საარჩევნო უბნებიდან გაძევების“ სამიზნე გახდა. სერიოზულ ინციდენტებს შორის დაფიქსირდა მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის ძალადობის შემთხვევები და „ბიულეტენების ჩაყრის თავხედური მცდელობები“.

განცხადებაში ხაზგასმულია კენჭისყრის ფარულობის პრობლემა „საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ ვიდეოკამერების განთავსების გამო, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მოქალაქეების შეშფოთებას საარჩევნო უბნების შიგნით და გარეთ დაშინების შესახებ“.

რაც შეეხება დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურებს, წინასწარი დაკვირვება დადებითად აფასებს ელექტრონულ სისტემას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხმების დამთვლელი აპარატები „კარგად მუშაობდა“ ისე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შეფერხება დათვლის პროცესს არ შექმნია.

IRI იქვე აღნიშნავს, რომ „ცესკო-მ არ უზრუნველყო ამომრჩეველთა საკმარისი განათლება ახალი ტექნოლოგიების მიღების შემდეგ, რამაც გამოიწვია შეშფოთება, რომ ახალმა სისტემამ შეიძლება მთავრობას კენჭისყრის მონიტორინგის საშუალება მისცეს. ამრიგად, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემების გავრცელებას, რომელიც მიზნად გამჭვირვალობის გაუმჯობესებას ისახავს, სკეპტიციზმი გამოიწვია, განსაკუთრებით საქართველოს სოფლებში და უმცირესობათა რეგიონებში“.

დელეგაცია 22 მოკლევადიანი და ექვსი გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგებოდა, რომლებიც 15 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ ტომ მალინოვსკი, კონგრესის ყოფილი წევრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში, და დოქტორი თამარა ქოფმან ვიტესი, NDI-ის პრეზიდენტი.     

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button