skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს: „თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები!“

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რომელზეც მოსვლისკენ მათ წინა დღეს, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ მოუწოდა.

„მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები! თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოეპარათ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს, თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცემთ!“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „მე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ ევროპის კარს, რომელიც ჩვენი ოცნება კი არა – რეალობაა. სხვა მომავალი და ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს“.

მისი თქმით, დღის განმავლობაში მან 17 ინტერვიუ მისცა საერთაშორისო მედიას განვითარებული მოვლენების თაობაზე, გაესაუბრა 6 პრეზიდენტს, მათ შორის ევროპიდან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა ევროპელი ლიდერების, აშშ-ის მხარდამჭერ გზავნილებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას და განაცხადა: „არავინ, გარდა ერთი ადამიანის, რომელმაც აქ ჩაიარა [უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი], არავინ არ აღიარებს არსებულ არჩევნებს. მაგრამ, ყველა გვეუბნება ერთს – ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ“.

„სხვათა შორის, შეიძლება ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე. ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართულნი ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ყველანი ერთად და თქვენი დახმარებით, რადგან თქვენც გაქვთ თქვენს ხელთ ძალიან ბევრი მტკიცებულება, უნდა შეიქმნას სრული სურათი თუ როგორ მოხდა ხმების ის არნახული, ის უპრეცედენტო, უნიკალური წართმევა ასე მასობრივად, ასე სისტემურად, ეს არის წინასწარ დაგეგმილი, უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ეს არის პირველი ეტაპი, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური პარტიები გეტყვიან როგორ აპირებენ მოქმედებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


„ძალიან მშვიდობიანად, როგორც დღეს ვართ, დავიცავთ იმას, რაც ჩვენი, თქვენი კონსტიტუციური უფლებაა, რომ ჩვენი ხმა იყოს დაცული. როგორც მე, ამ ხალხსაც სხვა არაფერი გვაქვს, ხმის გარდა!“, = დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ. „ჩვენ, პარტიებთან ერთად, რომლებიც არ წარმოადგენენ რაღაც ხელოვნურ ერთობას, დღეს, როგორც გუშინ, ისინი ერთიანნი არიან ,,ქართული ქარტიისა“ და ჩვენი ერთადერთი ევროპული გზის – ჩვენი გამოსავლისა და ალტერნატივის გარშემო. და შენ როცა ხმა მიეცი ერთს, მეორეს, მესამეს, ან მეოთხეს – ესე იგი, ხმა მიეცი ევროპას, ხმა მიეცი მომავალს, ხმა მიეცი საქართველოს!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button